Страницы

понедельник, 24 апреля 2023 г.

უკრაინის ომი ევროპული კონკურენციის პრიზმაში

Planet Earth showing European countries.
Credit: Shutterstock.

უკრაინაში მიმდინარე ომი, ეპოქალური მოვლენა რომ არის, ამის აღწერა და ხაზგასმა მგონი რომ საჭირო აღარ არის და ისედაც ყველა ვხედავთ იმ მნიშვნელობას, რომელიც უკრაინა-რუსეთის ომს გააჩნია მისი დაწყების პირველი წამებიდან! შესაბამისად, ახლა მიმდინარე პროცესისას მთავარი კონტექსტი, რუსეთ-უკრაინის მიმდინარე საბრძოლო მოქმედებები და ამ ომში უკრაინისათვის მხარდაჭერის საკითხია, რომელიც რა თქმა უნდა რომ ახლა, ამ მოცემულობაში ყველაზე აქტუალურია და ბუნებრივია, რომ ასეც არის თუმცა, ამ კონტექსტის მიღმა ძალიან საინტერესო პროცესები ვითარდება, რომლის შედეგებსაც უფრო დიდ ისტორიულ ჭრილში დავინახავთ და მყისიერი შედეგები თითქმის შეუმჩნეველია. ერთერთი ასეთი ძალზედ მნიშვნელოვანი საკითხია ევროპული ზესახელმწიფოების კონკურენცია ევროპის კონტინენტზე და ამ კონტექსტში, უკრაინა-რუსეთის ომი! 
მიმდინარე ისტორიულ ეტაპს, როგორც ყველა წარსულის მსგავს ეტაპებს, ისევე ახასიათებს გარკვეული გლობალური პროცესების გადაფარვა, რომელიც ხელს გვიშლის, მიმდინარე მომენტში გავაცნობიეროთ მოვლენის ისტორიული მნიშვნელობა და რომელიც უმნიშვნელოვანესია, სახელმწიფოს მართვის თვალსაზრისით იმ საშუალო და ახლო პერსპექტივის მომავლის გეგმარებისთვის, რომელშიც მოგვიწევს ცხოვრება ჩვენ, როგორც სახელმწიფოს. შესაბამისად, ახლა ძალზედ მნიშვნელოვანია ზედმიწევნით კარგად ვაცნობიერებდეთ იმას, თუ ვისთან უნდა ვმოკავშირეობდეთ და ვის ვმტრობდეთ, რომელი პოლიტიკური მიზიდულობის ცენტრისკენ უნდა ვიმოძრაოთ და რომელი ზესახელმწიფოს ინტერესები იქნება აქტუალური, უახლოესი წლების განმავლობაში, ჩვენს რეგიონსა და იმ გეოპოლიტიკურ არეალში, რომელიც ჩვენზე, უშუალო და პირდაპირ გავლენას ახდენს... 
 ევროპის კონტინენტზე, სამ ყოფილი დიდ იმპერიას შორის, საუკუნეებია კონკურენცია არსებობს, ოღონდ არ უნდა აგვერიოს ამ შემთხვევაში მტრობა და კონკურენცია. ეს სახელმწიფოები - გერმანია, საფრანგეთი და დიდი ბრიტანეთია. რეალურ, ევროპულ საქმეებზე გავლენას ის იმპერია ახდენდა, რომელიც ძლიერი იყო საკუთარი კოლონიების ხარჯზე, ან რომელსაც ბრიტანეთი უჭერდა მხარს! შესაბამისად ეს კონკურენცია არსად წასულა და "Brexit"-იც სწორედ ამის მანიშნებელი იყო, რომელიც ერთგვარად გაუგებარ მოვლენად დარჩა ჩვენი სივრცისთვის, თუ რატომ არ მოინდომა ბრიტანეთმა ევროკავშირში ყოფნა, სადაც წამყვანი როლი გერმანიას ეკისრა და ის განსაზღვრავდა ევროპული პოლიტიკის ძირითად მიმართულებას. (ძველი სტატია "Brexit"-ის შესახებ )
თუ გახსოვთ, სწრედ "Brexit"-ის შემდეგ დაიწყო უცნაური მოვლენების განვითარება და ერთიანი ევროპის უსაფრთხოების ძალებზე ლაპარაკი, რომლის პარალელურად, ბალტიის ქვეყნებში, ბრიტანული და ამერიკული შეიარაღება დაიძრა!
 ბევრი რომ აღარ გავაგრძელო და დეტალებში რომ არ შევიდეთ, უკრაინის კონფლიქტში ბრიტანეთის ჩართულობა, ჩემი სუბიექტური ხედვით, არის "Brexit"-ისა და ზემოხსენებული კონკურენციის გამოძახილი, რომლის მიზანიც იყო გერმანიის, როგორც რუსეთის რესურსებზე, ერთგვარი მონოპოლიის მქონე იმპერიისთვის ამ ბერკეტის გამოცლა! ეს მისია შესრულებულია და თუკი მაინც ეჭვი გეპარებათ ამ ვერსიის მართებულობაში დაუკვირდით, ბრიტანეთის დაზვერვისა და სხვა ძალოვანი სამსახურების ჩართულობას უკრაინის კრიზისში. ასევე დაუკვირდით იმ პოლიტიკურ კონტაქტებს, რომელიც ომის დაწყების შემდეგ აშკარა გახდა და უკრაინის მთავრობის სტრატეგიული მოკავშირეობა პირველ რიგში იმ ქვეყნებთან ვითარდება, რომლებიც ბრიტანული პოლიტიკის მხარდამჭერები არიან (მაგ. კანადა, ბალტიის ქვეყნები, პოლონეთი). აქვე იმასაც გაგახსენებთ რომ გასულ წელს, ომის დაწყებიდან რამდენიმე კვირაში, გაჩნდა ინიციატივა, ცენტალურ ევროპაში შექმნილიყო ბრიტანეთის, პოლონეთის, უკრაინისა და საქართველოს  ჩართულობით ალიანსი, რომელიც ჩვენს გარეშე გაგრძელდა და აშკარაა ამ ალიანსის სოცოცხლისუნარიანობა! 
შესაბამისად, ყველა ეს პროცესი მიანიშნებს იმაზე, რომ უკრაინის ტერიტორიაზე გავლენის მოპოვება მომავალის პერსპექტივაში, ნიშნავს დასავლეთ ევროპაზე კონტროლის მოპოვებას, რომლიდანაც გერმანიას აღარ ექნება ზემოთ ნახსენები ერთგვარი ექსკლუზივი რუსულ რესურსებზე. გერმანიის, უკრაინის ომამადელი პოლიტიკა ყველას კარგად გვახსოვს და ვერაფრით იხსნებოდა ის "თავშეკავებულობა", რომელსაც გერმანია იჩენდა რუსეთის მიერ შექმნილი პრობლემების განხილვისას და მათზე აუცილებელი რეაგირების მოთხოვნისას. ამ პოლიტიკამ მიიყვანა პუტინი აგრესიის იმ ნიშნულამდე, სადაც რაციონალური პოლიტიკური ხედავ დაკარგა და გადავიდა ინტერვენციაზე არა მხოლოდ უკრაინის მასშტაბით, არამედ უფრო დიდი გეოპოლიტიკური მასშტაბით და სწორედ აქ გამოჩნდა გერმანიის და საფრანგეთის უძლურება, რუსეთის საკითხის წინაშე. 
ჩემი სუბიექტური ხედვით, აღმოსაველთ ევროპის გეოპოლიტიკის წამყვანი მოთამაშე, უკრაინის ომის შემდეგ დარჩება ბრიტანეთი და მისი უცვლელი მოკავშირე აშშ. თუმცა აშშ-ის აქ ძირითადად ტექნიკური ხასიათის საკითხების გადაწყვეტა ექნება აღებული თავის თავზე, ხოლო პოლიტიკურ და ეკონომიკურ საკითხებს ბრიტანეთი ითავებს. ამ მოსაზრების პირველ მტკიცებულებად შეგვიძლია ჩავთვალოთ, რამდენიმე კვირის წინ, თბილისსა და შემდეგ ყაზახეთში, ბრიტანეთის საგარეო საქმეთა მინისტრის ვიზიტი, რომელსაც მოჰყვა ცენტრალური აზიიდან ტვირთების წამოსვლა საქართველოს ტერიტორიის გავლით, რასაც დაემატა ყაზახეთის განცხადება რომ "ბაქო-თბილისი-ჯეიჰანის" ნავთობსადენის შეუვსებელ 60%-ს, ყაზახეთი შეავსებს (წყარო). სწორედ ზემოხსენებული ვიზიტისასა დაპირდა სამეფოს საგარეო საქმეთა მინისტრი ყაზახებს, რუსეთის გვერდის ავლით, ტვირთების ევროპაში ჩატანის გზების გამოძებნაში დახმარებას (წყარო) და შედეგმაც არ დააყოვნა! 
ბრიტანელი ექსპერტების ნამუშევრებში, სულ უფრო ხშირად იკითხება შავი ზღვის რეგიონის ქვეყნების მნიშვნელობა და ამიტომაც გახდა ბრიტანეთი პირველი სახელმწიფო, რომელმაც ამ რეგიონში დემოკრატიზაციისთვის დაფინანსება გამოჰყო მაშინვე, როგორც კი ევროკავშირის სატატუსთან დაკავშირებით მსჯელობა დაიწყო და აღმოჩნდა, რომ საქართველოსა და მოლდოვას ამ თვალსაზრისით დიდი პრობლემები ჰქონდა (წყარო). ბრიტანელების შემდეგ, იგივე გააკეთა ევროკავშირმა, რომელიც პრინციპში, პირველი უნდა ყოფილიყო იმ მოტივაციიდან გამომდინარე რაც ბუნებრივად უნდა ჰქონოდათ მაგრამ აღმოჩნდა, რომ ამ ნაწილშიც პირველი ბრიტანეთი იყო! 
ბრიტანეთის "დირიჟორობაზე" მიანიშნებს უკრაინელი სამხედროების წვრთნის საკითხიც, სადაც ისევ ბრიტანეთია პირველ ადგილზე და მას უკვე 10 000 უკრაინელი ჯარისკაცი ჰყავს გაწვრთნილი, ეს "დეტალი" კი მნიშვნელოვანი მოცემულობაა იმ მოსაზრებაში, რომლის განვითარებასაც აქ ვცდილობ. პასუხად შეიძლება ისიც ითქვას რომ გერმანიაშიც  იწვრთნებიან უკრაინელი სამხედროები მაგრამ თუ კარგად გადავავლებთ თვალს, ვნახავთ რომ გერმანიში წვრთნებზე ჩასული უკრაინელი სამხედროები, ძირითადად ამერიკელების მიერ, ამერიკულ ბაზებზე იწვრთნებიან.
 ჩემი გამოცდილებით, ასეთ საკითხებში მთავარი "მონაცემია" სპეცსამსახურები და მათ ჩართულობა ამთუიმ მოვლენაში. ასევე ყველამ კარგად ვუწყით იმას, რომ უკრაინის ომის დაწყების მომენტიდან, მთელი ინფორმაციული ფრონტი ბრიტანული სადაზვერვო სამსახურების მიერ იყო ორგანიზებული და დღემდე ასე რჩება. მათ მიერ გავრცელებული ინფორმაცია ან განცხადება არის ყოველთვის დიდი ყურადღების ობიექტი და როგორც წესი, იქ აისახება ობიექტური რეალობა! 
ყოველივე ზემოთქმულიდან გამომდინარე, აშკარაა რომ ბრიტანეთის აღმოსაველთ ევროპული პოლიტიკა, ახალ სიცოცხლეს იძენს და ისტორიული გამოცდილების გათვალისწინებასაც ცდილობს. შესაბამისი დასკვნები უნდა გავაკეთოთ ჩვენც და სწორად ავაწყოთ, საგარეო პოლიტიკის არქიტექტურა, რომლის საფუძვლებიც უკვე არსებობს და ახლა სჭირდება განახლება იმ მოცემულობის შესაბამისად, რომელიც დადგა რუსეთის, უკრაინაში უსაფუძვლო ინტერვენციის შედეგად. 

Комментариев нет:

Отправить комментарий