Страницы

суббота, 15 октября 2022 г.

რუსეთს ე.წ. "გავლენის ზონებში" დიდი პრობლემები აქვს


ახლა არის ეპოქა, რომელიც ძირეულად შეცვლის მომავალს და ცივილიზაციას ჩამოაშორებს ისეთ ბოროტებას, როგორიც არის დღევანდელი ფორმაციის რუსეთი.
იმის დასანახად თუ რა მდგომარეობაა ახლა რუსეთის ირგვლივ, საერთაშორისო გავლენის შენარჩუნება-გაძლიერების ნაწილში, უნდა დავაკვირდეთ არა თავად მოსკოვსა და იქ მიმდინარე გაუგებარ მოვლენებს, არამედ რუსეთის მიერ ე.წ. "პრივილეგირებული გავლენის ზონებში" არსებულ ვითარებას. სწორედ იქ ჩანს ყველაზე კარგად ის მდგომარეობა, რომელიც კრემლში და მის მიერ შექმნილ თავკომბალა სისტემაშია!
ამ თვალსაზრისით საინტერესოა სამი მიმართულება. ესენია - ცენტრალური აზია, ამიერკავკასია და ბალტიის ზღვის ქვეყნები. 
სამივე დასახელებულ მიმართულებაზე, რუსეთს არასახარბიელოდ აქვს საქმე და ეს არის ის სიმპტომი, რომელიც გამოწვეულია რუსეთის პოლიტიკური ხელმძღვანელობის, ერთის მხრივ მარგინალიზებითა და მეორეს მხრივ უძლურებით - გაწვდეს იმ პოლიტიკურ ვალდებულებებს, რომელსაც აკისრებს მის მიერვე შექმნილი მოცემულობა!

 ცენტრალური აზიის ნაწილში, ბოლო და ყველაზე სიმპტომატური იყო ОДКБ-ს წვრთნების გაუქმება ყირგიზეთის ინიციატივით (ბმული), მისივე ტერიტორიაზე. ამ ინიციატივას მხარი დაუჭირეს სომხეთმა და ყაზახეთმა! ოფიციალურ განცხადებაში, წვრთნების გაუქმების მიზეზების შესახებ არაფერი თქმულა თუმცა, ის რომ ამ ორგანიზაციის მიერ დაგეგმილი წვრთნები უქმდება და უქმდება საკმაოდ აქტუალურ რეგიონში, რომელიც ახალ პოლიტიკურ ფაზაში შედის, ნიშნავს იმას რომ რუსეთს, ამ რეგიონში გავლენის შესანარჩუნებლად ძალები აღარ ჰყოფნის. ამ მოვლენას კი მალევე მოჰყვა ვიდეო ჩანაწერის გავრცელება იმ სამიტიდან, რომელიც რამდენიმე თვის წინ გაიმართა უზბეკეთში და სადაც ტაჯიკეთის პრეზიდენტმა ემომალი რახმონმა, პუტინს მიმართა სიტყვით და შეახსენა, რომ ცენტრალური აზიის ქვეყნების აღქმა, რუსულ პოლიტიკურ ააზროვნებაში უნდა დასრულდეს როგორც სსრკ-ს კონტექსტში აღქმული, დაქვემდებარებული სახელმწიფოები და რომ რეგიონის ყველა რესპუბლიკას საკუთარი პრობლემები, კულტურა და ადათ-წესები გააჩნია!

 ამიერკავკასიაში, ყარაბახის კონფლიქტის ირგვლივ მიმდინარე მოვლენები და შედეგად მოყოლილი, აზერბაიჯან-სომხეთის პირისპირ მოლაპარაკებები და მიღწეული სამშვიდობო შეთანხმებები (ბმული), ასევე სიმპტომატურია და სანიმუშოა იმ პარტნიორებისთვის, რომლებიც რაღაც დოზით საკუთარ უსაფრთხოებას რუსეთის ფაქტორს აფუძნებდნენ (იგივე ცენტრალური აზიის ქვეყნები).  ამ რეგიონის მნიშვნელობისა და უახლოესი მომავლის განჭვრეტისთვის, ერთერთ მთავარ მინიშნებად შეიძლება ავიღოთ, ყაზახეთის მიერ საკუთარი სატრანსპორტო მარშრუტების დივერსიფიკაციის შესახებ გაკეთებული განცხადება და ამ განცხადების კონტექსტში, რეგიონის ქვეყნების სატრანზიტო შესაძლებლობების ათვისების (მათ შორის საქართველოს სარკინიგზო და საზღვაო გადაზიდვების პოტენციალი) აუცილებლობის შეტანა. ყაზახეთის მიერ დაწყებული ეს პროცესი, პირველ რიგში, რუსეთის გვერდის ავლით საკუთარი და რეგიონის სხვა ქვეყნების ტვირთების, ევროკავშირის ბაზარზე მოხვედრისთვის კეთდება. აქედან გამომდინარე ინტერესი მხოლოდ ყაზახეთის არ არის და ის ორმხრივია - ცენტრალური აზია-ევროკავშირი. ასეთი ინტერესის ჩვენს ტერიტორიაზე გატარება კი ყველა შემთხვევაში სასარგებლო იქნება, როგორც ეკოკნომიკური, ისე პოლიტიკური თვალსაზრისით. 
საკმაოდ სიმპტომატური იყო აზერბაიჯან-სომხეთის, ჟენევის წარმატებული მოლაპარაკებების შესახებ გავრცელებული ინფირმაციისთანავე, რუსეთის ე.წ. "საგარეო საქემთა სამინისტროს" წარმომადგენლის განცხადება იმის შესახებ, რომ ევროკავშირი ცდილობს ამ პროცესისგან რუსეთის ჩამოშორებას და იქ საკუთარ როლის გამტკიცებას. ევროპელების ჩართულობის შედეგი კი ვნახეთ, რომ გახდა სამშვიდო შეთანხმების საკითხებზე ჩამოყალიბება და კონფლიქტის ნორმალიზებისკენ გარკვეული ქმედითი ნაბიჯების გადადგმა. ამას მოჰყვა მაშინვე რუსი დიპლომატების აფუთფუთება და სასწაფოდ დაგეგმეს სამიტი ყაზახეთში, სადაც მესამე მხარედ უკვე რუსეთი ჩაერთო. ის თუ რა შედეგი დადგა ამ სამიტიდან მთლად ცხადი არ არის, მაგრამ ის შეგვიძლია ვთქვათ რომ - ასტანის შეხვედრა შედგა მხოლოდ და მხოლოდ იმიტომ, რომ აზერბაიჯან-სომხეთის კონფლიქტის მოგვარებაში, რუსეთი უნდა დაფიქსირებულიყო!  

 ბალტიის ზღვის ქვეყნები - ეს უკვე წაგებული ფლანგია, რომელიც მნიშვნელოვანია კონტექსტის აღსაქმელად. ამისთვის საჭიროა გავიხსენოთ პუტინის, 2022 წლის იანვრის შუა რიცხვებში გაკეთებული მიმართვა და ის ულტიმატუმი, რომელიც მან დასავლეთ სამყაროს წაუყენა და სადაც ითხოვდა - ბალკანეთის ქვეყნებიდან, NATO-ს სამხედრო ინფრასტრუქტურის გაყვანას! შედეგად კი მიიღო ის რომ ფინეთი და შვედეთი ალიანსის წევრები გახდნენ და სამხედრო ინფრასტრუქტურა, რომლისაც ასე ძალიან ეშინია რუსეთს, იმაზე ახლოს მივიდა, ვიდრე აქამდე ოდესმე ყოფილა. პასუხად კი პუტინმა ვერაფერიც ვერ მოახერხა გარდა იმისა, რომ ომი უკრაინაში გააგრძელა და იქაც უზარმაზარი მარცხი განიცადა, რომელიც კონფლიქტის ცხელი ნაწილის ამსახველ რუკებზე ჯიუტად აისახა და ვერანაირ ისეთ ინტერპრეტაციას ვერ დაექვემდებარება, რომელიც შესაძლებელს გახდის, ფრონტზე მიღებული მარცხი, რუსეთისთვის რაიმე სახით წარმატებად წარმოაჩინოს!  

თუკი ამ ყველაფერს დავუმატებთ იმას, რომ რუსეთის ამჟამინდელი ხელისუფლება გამოცხადებულ იქნა, ტერორისტულ რეჟიმად და ზოგადად კრემლის საერთაშორისო გავლენა რა დონეზეა ახლა, ცალსახად მივიღებთ მოცემულობას რომ რუსეთი ვერ არის ისეთი სიძლიერის, როგორადაც აქამდე აჩვენებდა თავს მოკავშირეებსაც და მტრებსაც! 
ცალსახაა ის რომ მოსკოვის ის მასშტაბი, რომელიც მათი წარმოდგენით უკიდეგანო იყო საერთაშორისო პოლიტიკაში, დავიდა იქამდე, რომ საკუთარი თავი ირანისა და სირიის რეჟიმებზე გაცილებით უარეს მდგომარეობაში ჩააყენეს და ჩააყენეს წმინდად "ბლეფზე" დაფუძნებით, სადაც მათ წარმოდგენაში - "ამერიკოსი" ვერ იქნება იმდენად აგრესიული რომ რუსულ "აგრესიას" სათანადოდ უპასუხოს. დარწმუნებული ვარ პუტინს ეუბნებოდნენ, რომ როგორც 2008-ში საქართველოზე თავდასხმის შემთხვევაში განცხადებებით და შეშფოთებებით შემოიფარგლნენ, ახლაც ასე იქნებაო - და სწორედ ეს იყო მათი ყველაზე დიდი შეცდომა! 

და ბოლოს... დგება ეპოქა, სადაც კაცობრიობის ის ნაწილი, რომელიც ტერიტორიულად ყოფილი სსრკ-ს ან მის მახლობელ ტერიტორიებზე ვცხოვრობთ, უნდა მოვემზადოთ "დიდი რუსეთის" გარეშე ცხოვრებისთვის, რომლის ტრანსფორმირების პროცესი დაიწყო და არ იქნება უმტკივნეულო, თუმცა იქნება სწრაფი და მასშტაბური, რომელიც ევროპის საზღვრებს (შესაბამისი ცივილიზაციური განვითარებით) გააფართოებს აღმოსავლეთით და წარმოქმნის, განვითარების უაზარმაზარ პოტენცილას როგორც ეკონომიკურ, ისე პოლიტიკური თვალსაზრისით და ეს იქნება ახალი ეპოქის დასაწყისი, რომლის ლოგიკური გაგრძელებაც აშკარად აზიური "ზესახელმწიფოების" გავლენის ზონებში ძირეული ცვლილებები უნდა იყოს! 

Комментариев нет:

Отправить комментарий