Страницы

четверг, 29 июня 2023 г.

"ბახმუტი ეფექტი" მოსკოვის მომავალში


ის რაც პრიგოჟინმა რუსეთში დაატრიალა, მიმდინარე წლის 24 ივნისს, სრულიად მოსალოდნელი მოვლენა იყო და არც უკანასკნელი ინციდენტია, რომელიც შეიძლება განყენებულ პროცესად მივიჩნიოთ. 
 ასეთი რეციდივები მაშინვე გამოვლინდება, როგორც კი რუსეთის არმია რაიმე მნიშვნელოვან მარცხს იწვნევს უკრაინის ფრონტზე და ამ თვალსაზრისით, ახლა ყოველ დღეს შეიძლება მოხდეს მსგავსი ან უარესი შედეგების მქონე აჯანყება. 
ბრიყვობა იქნება, პრიგოჟინის ეს და წინა გამოხტომები, განყენებულ ერთეულ შემთხვევად მივიჩნიოთ, რადგან სტანდარტულად ასე იქნება და დამრცხების მოახლოებასთან ერთად, საჭირო იქნება ისეთი დამნაშავის პოვნა, რომელსაც დაეწერება ასობით ათასი რუსისა თუ რუსეთის შემადგენლობაში შემავალი, მცირე ერების წარმომადგენლების, უშედეგო ხოცვა-ჟლეტა. 

თუკი იმას გავიხსენებთ, როგორ მწიფდებოდა პრიგოჟინის ეს "არ შემდგარი სამხედრო აჯანყება", დავინახავთ რომ მოულოდნელობა აქ არ იყო. ლოგიკა, რომ მარცხს, განტევების ვაცით გამართლება სჭირდება, რუსული აზროვნებიდან არსად წასულა და ეს ფაქტორი კიდევ უფრო აქტუალური გახდება მას შემდეგ, რაც რუსულ პროპაგანდას გადაუვლის, ამჯერად "სამხედრო აჯანყების"  ჩაშლით გამოწვეული აღტკინება და აღმოაჩენენ, რომ ბახმუტის აღებას შეწირული ათობით ათასი  რუსი სალდათი, სრულიად უაზრო "ხარჯი" იყო და ამ დასახლებული პუნქტის აღებას, საერთოდ არანაირი გაგრძელება და შედეგი არ მოჰყოლია. უარესი, ის პოზიციები, რომლის აღებასაც უამრავი "ვაგნერელი" შეეწირა, უკვე დაკარგულია და ახლა უკრაინელი მეომრების კონტროლის ქვეშ არის გადასული. შესაბამისად, ადრე თუ გვიან მოსკოვში ვიღაც დასვამს კითხვას - თუ რისთვის დაიხოცა ამოდენა ხალხი ბახმუტში და რა მიიღო ამით რუსეთის არმიამ? - რაიმე ლოგიკურ ან ქმედით პასუხს ამ საკითხზე ვერავინ  მოიძიებს და პრიგოჟინის გააფთრების ნამდვილი მიზეზიც ეს იყო. კარგად ხვდებოდა რომ ბახმუტი, თავისი მნიშვნელობით სულაც არ იყო იმდენად სტრატეგიული ან თუნდაც ტაქტიკური დანიშნულების წერტილი, რომელიც ამ მსხვერპლად ღირდა. მან კარგად დაინახა რომ ბახმუტის კამპანიით, ხდებოდა მისი სამხედრო დანაყოფის უტილიზაცია, ამას ხედავდა ყველა, ვინც უკრაინის ფრონტიდან გავრცელებულ ინფორმაციას ყოველდღიურად თვალს ადევნებდა. შესაბამისად, ის რაც პრიგოჟინმა მოაწყო, შეგვიძლია განვაზოგადოთ და ვთქვათ, რომ "ბახმუტის ეფექტი" რომელშიც ზემოთ მოცემულ მოსაზრებას ვგულისმობ ჯამურად, აუცილებლად განმეორდება ყველა სხვა მარცხის შემთხვევაში. ამ მოსაზრებას ასევე ამყარებს ის მოცემულობა, რომელიც პრიგოჟინმა თავისი "მოკლე აჯანყებით" შექმნა და ერთგვარი ნავსი გატეხა, რომელიც მაშინვე აისახა საზოგადოებრივ აზრში ხუმრობის სახით - "а что так можно было?!" 

"ბახმუტის ეფექტს" კიდევ ვანახავთ აუცილებლად და ჩემი ღრმა რწმენით, ეს პროცესი ჯერ არ დამთავრებულა. თუნდაც სრულად ლიკვიდირებული რომ იქნას ამ ეტაპისთვის პრიგოჟინის წამოწყება, როგორც კი ფრონტზე წარუმატებლობა იქნება, აუცილებლად გაცოცხლდება ეს საკითხი, რომელიც ასეთი უნდილი და უშედეგო აჯანყებულებისთვის აღარ იქნება. ასეთი პროცესის სათავეში კი ის შემორიგებული მეთაურობა და დანაყოფები იქნებიან, რომლებიც ახლა გადაბირებულები არიან და რუსეთის არმიის რიგებში შეიყვანეს. მათ დაემატება რეციდივისტების ის არმია, რომელიც პრიგოჟინს, მოკოვზე ლაშქრობაში გაჰყვა, თუმცა არ დააპატიმრეს მაგრამ გაუშვეს დანაყოფიდან და არც თავდაცვის რეგულარულ ნაწილებში გადაიყვანეს. ეს ადამიანები ახლა, რუსეთის ისედაც დამახინჯებული საზოგადოების ყველაზე აგრესიული და გაწბილებული ნაწილია. ამიტომ არ მგონია მათ პირველივე შესაძლებლობა ხელიდან გაუშვან და უკრაინის ფრონტზე მარცხში დამნაშავე, კრემლის გალავანზე არ გადმოკიდონ! 

ვერაფრით ვერ ვიზიარებ აზრს რომ პრიგოჟინის "მოკლე აჯანყება", ინსცენირებული პროცესი იყო, რომელიც თავად რუსულმა სპეცსამსახურებმა მოაწყეს - "რაღაც უფრო მნიშვნელოვანი პროცესის გადასაფარად"! ამ კონკრეტულ მოცემულობაში, ეს ვერსია ყველაზე უსაფუძვლო რამ არის რადგან, კრემლში მართლა ის "პუტინის რაზმელი" ბებიები არ სხედან რომ სრულად გაცლილი ჰქონდეთ ლოგიკური აზროვნება და ასეთ ბრიყვულ ავანტურაზე მიდიოდნენ - ვერასოდეს, ვერაფერს იმ წონისას ვერ მიიღებდნენ ასეთი მართული პროცესით გაგანია ომის პირობებში, რომ მიყენებული ზიანის პირდაპირ პროპორციული ან უფრო აღმატებული ყოფილიყო შედეგი! - ერთი რომ ძლიერ დაზიანდა პერსონალურად პუტინის ავტორიტეტი და მეორე, ბუნებრივია ძალიან ცუდად იმოქმედა ამ ყველაფერმა, ისედაც საბრძოლო სულისკვეთების დეფიციტის მქონე რუსეთის არმიაში, რომელიც ახლა უკვე აისახება ფრონტზე და უკრაინის არმიის წინ წაწევა, ამის ყველაზე კარგი საზომია. ასევე მნიშვნელოვნად შეარყია დაცულობის შეგრძნება რუსეთის დიდ ქალაქებში და ყველაზე მთავარ ბოროტების ბუდე - მოსკოვში!  

ამ ფაქტმა და მოსკოვსა თუ სხვა, თითქოს უკრაინის არმიისათვის მიუწვდომელ ქალაქებზე თავდასხმებმა, სრულად მოარყია რუსეთის მოქალაქეებში დაცულობის, უძლეველობის რწმენა, რომელიც პუტინის პროპაგანდისტების მიერ ტრანსლირებული, ყალბი არგუმენტებით გაჯერებული, ლამის რელიგიად აქციეს. 
 რაც მთავარია, განადგურდა ასეთივე ყალბ და გამოგონილ მსოფლმხედველობით პოზიციას დაფუძნებული ე.წ. "რუსული სამყაროს" თეორია, რომელიც უკრაინაზე თავდასხმის შემდეგ, სრულად მხილებული იქნა შეუმდგარობასა და უსაფუძვლობაში, აღარ ტოვებდა მანევრირების შესაძლებლობას და ამიტომაც დაიწყო პირადად პუტინმა, შემდეგ კი მისმა პროპაგანდამ, მეორე მსოფლიო ომის თეზისების, ლოზუნგების და ისტორიის გამოყენება, საზოგადოებრივ აზრის კონსოლიდაციისთვის.  გარკვეულ ასაკობრივ ჯგუფში, რა თქმა უნდა იმუშავა ამ პროპაგანდამ, თუმცა ახალგაზრდა თაობასა და რუსეთში, პატრიარქად წოდებული გუნდიაევის მიერ, მტრად გამოცხადებულ - "კრეატიულ კლასზე" მისი გავლენა იმდენად მცირე აღმოჩნდა, პუტინის რეჟიმს ახალი ფორმაციის რეპრესიების სჭირდება - საზოგადოების კონსოლიდაციის ილუზიის შესაქმნელად, რომელსაც რა თქმა უნდა არ მოერიდება და ეს კიდევ ერთი ფაქტორი იქნება "ბახმუტის ეფექტის" ახალი, უფრო სასტიკი ძალით ამოქმედებისთვის!

ასე რომ, ეს პრცესი არ დასრულებულა და "ბახმუტის ეფექტი" უახლოეს მომავალში, კიდევ იჩენს თავს... რუსი ობივატელი ერთ მშვენიერ დღეს კიდევ აღმოაჩენს, რომ პრიგოჟინი მთლად რეგვენი არ იყო და ის კითხვები, რომელიც მას ჰქონდა, ისევ პასუხგაუცემელი, თუმცა ამ მომენტისთვის არააქტუალურია და ის ამ აქტუალობას მაშინვე შიეძენს, როგორც კი ფრონტზე დიდი მარცხი მოხდება!   

Комментариев нет:

Отправить комментарий