Страницы

понедельник, 25 января 2021 г.

"ადმინისტრაციული რესურსის" სოციოლოგია

"ადმინისტრაციული რესურსი, გარემოდან ნაკარნახევი ილუზორული თვითკმაყოფილებით ნაკვები ხალხია, რომელიც პასუხისმგებელი მხოლოდ საკუთარი ოჯახისა და ხელმძღვანელის წინაშეა ".

მგონი დროა, ჩვენს საზოგადოებაში ერთი ფრიად უნიკალური სოციალური ჯგუფის არსებობა ვაღიაროთ, როგორც ერთერთი მნიშვნელოვანი ფაქტორი თითოეული ჩვენთაგანის ცხოვრებაში, რომელის როლიც, უცნაურად განყენებული გვაქვს საკუთარი ყოველდღიურობისგან და უმეტესწილად, განპიროვნებული (განკაცებული) გვყავს ამა თუ იმ ძალაუფალში!
2020 წლის საპარლამენტო არჩევნებმა, სრულად აჩვენა ამ სოციალური ჯგუფის გავლენა მოვლენებზე, რომელიც არ განაპირობებს მხოლოდ პოლიტიკურ ძალთა ცხოვრებას. ის ყველაზე დიდი წილითა და შედეგებით აისახება სწორედ თითოეულ იმ ადამიანზე, რომელიც ამ ტერმინთან ("ადმინ.რესურსი") შესაძლოა არც აიგივებდეს საკუთარ თავს და იმათზეც, ვინც საერთოდ არ იცის რას ნიშნავს ეს ტერმინი!
მოკლედ, იმის მტკიცებას, რომ არჩევნების შედეგები ყოველთვის და ყველა ქვეყანაში აისახება ამ ქვეყნის თითოეულ მოქალაქეზე, სრულიად უადგილო და ზედმეტი მგონია ახლა, რადგან, აბსურდია საწინააღმდეგოს მტკიცება და თუკი ამ მტკიცებულებას ეთანხმებით, მაშინ, იმის მტკიცება რომ ამ შედეგზე გავლენის მქონე თითეული ელემენტი უმნიშვნელოვანესია, უბრალოდ აღარ არის საჭირო. 
შესაბამისად, ეს თუ ასეა მაშინ ლოგიკურად ისიც გამოგვივა, რომ ადმინისტრაციული რესურსის საკითხი, მხოლოდ არჩევნების შემდეგ გასახსენებელი საკითხი არ არის და ერთხელ და სამუდამოდ, უნდა გაირკვეს რატომ არის ეს მახინჯი ფენომენი ჩვენში ყოველ არჩევნებზე აქტუალური და ვინ არიან ის ადამიანები, რომლებსაც ოთხ წელიწადში ერთხელ "ადმინისტრაციულ რესურსად" მოვიხსენიებთ?!

ადმინისტრაციული რესურსად წოდებული ადამიანები, პირველ რიგში ის ადამიანებია, რომლებიც რაიმე ფორმით, დამოკიდებულნი არიან სახელმწიფო ბიუჯეტზე. მარტივად რომ ვთქვათ - სახელმწიფო უწყებების და მათთან დაკავშირებული ორგანიზაციების თანამშრომლები. ანუ ის ადამიანები, რომლებსაც ჩვენს საკუთარ ფულს ვუხდით და პასუხისმგებლობად - ამ ქვეყნის მოქალაქეთათვის, ღირსეული საცხოვრებელი პირობების შექმნა აქვთ დაკისრებული. თუმცა, მათი განსხვავებულობა იმაში მდგომარეობს, რომ ამ პასუხისმგებლობის პარალალურად ისინიც, ისევე როგორც თითოეული კერძო სექტორში დასაქმებული ამ ქვეყნის მოქალაქე, იგივე პრობლემებს ებრძვიან, რომელსაც თითეული ჩვენგანი. არ აქვს მნიშვნელობა პოლიციელია ის, ეკონომიკის სამინისტროს თანამშრომელი, რომელიმე "სიპი"-ს თანამშრომელი, თუ ტაქსის მძღოლი - ყოველ ამ ადამიანს აქვს იგივენაირად კრედიტი სახდელი, ჰყავს ოჯახი და მასაც უნდა, რომ მისი ოჯახი მაქსიმალურად სტაბილურად ჰყავდეს უზრუნველყოფილი. ამაში განსაკუთრებული არაფერია და თანამედროვე ადამიანის სტანდარტული ყოველდღიურობაა, რომელშიც თითოეული ისე ოპერირებს, რა საშუალებებიც აქვს გარემოში და რაზეც წვდომა აქვს. თუკი მიეცა ადამიანს იმის შესაძლებლობა, რომ გარემოში არსებულ ყოველდღიურ პრობლემატიკას დიდი წილი ჩამოაცილოს, რა თქმა უნდა ის ამას იზავს და ბუნებრივია, გარკვეული დროის შემდეგ, დამოკიდებული ხდება იმ მდგომარეობაზე, როდესაც მას პრობლემების საერთო რაოდენობაში გარკვეული წილი მოგვარებული აქვს. მაგრამ, ნებისმიერ მომენტში, თუკი ის დადგება ამ "ნაწილობრივი მოგვარებული პრობლემების" აქტივაციის საფრთხის წინაშე, ისიც, ისევე როგორც არასაჯარო სამსახურში მომუშავე ნებისმიერი სხვა ადამიანი, შეეცდება შეინარჩუნოს არსებული მდგომარეობა! სხვა საკითხი და ძირეული პრობლემაც სწორედ ის არის, თუ ვინ შეეცდება მისი ამ "მდგომარეობით" სარგებლობას და სწორედ ამის გამო ხდება ის "ადმინისტრაციული" რესურსი, თორემ, საკუთარ თავში ადამიანებს ასეთი სოციალური კუთვნილებისადმი იდენტიფიცირება, არ მგონია ჰოქნდეთ. 
მთელს ამ უცნაურობაში, რომელიც ძირითადად პოსტსაბჭოთა ქვეყნებსა და სხვა დაბალი განვითარების ქვეყნების პოლიტიკურ ცხოვრებაში გვხვდება, ყველაზე მეტად უცნაურობას ის ანიჭებს, რომ აღნიშნული ადმინისტრაციული რესურსი და მათი დასაქმების ორგანიზაციების ხელმძღვანელებიც, ფრიად დაფასებული ადამიანები არიან საკუთარ გარემოცვაში. მათ პატივს სცემენ, აღიარებენ როგორც შემდგარ, თვითრეალიზებულ ადამიანებს. ცდილობენ მათთან კავშირის შენარჩუნებას იმიტომ, რომ "საჭირო ხალხია" და ა.შ. 
არასოდეს, არცერთი ჩვენთაგანი, არჩევნების შემდეგ ამ ადამიანებთან ურთიერთობაში, მაშინაც კი როდესაც ისინი ჩვენსავით წუწუნებენ ამ ქვეყნიერების არანორმალურობაზე, არცერთ სიტყვას არ ვეტყვით, რომ მისი პირადი გაუბედაობისა და გვერდში მდგომელისადმი (იგ. თანამშრომელი) უნდობლობით არის ის უგვანობა, რომელიც ამ ქვეყანასა და საზოგადოებას სჭირს. მასთან ერთადვე, წარმატებით გავამართლებთ მის ქცევას უამრავ საკითხში, თუნდაც არჩევნების გაყალბებაში მონაწილეობის მიღება იყოს და ამას ყველასთვის ცნობილი ფრაზით გავაკეთებთ - "დაავალეს ზემოდან და აბა რას იზამდა!?" არადა, ამ ყველაფრის მიღმა, უამრავი ჩვენთაგანი აღშფოთდება არჩევნების შემდეგ გაყალბების პროცესში ადმინისტრაციული რესურსის გამოყენების გამო. უამრავ ქოქოლას მივაყრით იმ პოლიტიკურ ძალას, რომელმაც ისინი საკუთარი ძალაუფლების შესანარჩუნებლად გამოიყენა. ამ ქვეყანასაც შუვუკურთხავთ ერთი გულიანად უკუღმართობის გამო, გამოვალთ აივანზე, გავხედავთ მეზობელ რიგით ჩინოვნიკს, რომელიც სწორედ ის "ადმინისტრაციული რესურსია", რომლის გამოყენების გამოც, რამდენიმე წუთის წინ სამზარეულოში გამართულ, მორიგ პოლიტიკურ საკითხებზე წიაღსვლებისას ბრაზისაგან ლამის ტაფა გადავიღუნეთ ხელზე და გულითადად მოვიკითხავთ. გულში გავლილი გრძნობა ამ ადამიანის მიმართ, სადღაც უკვალოდ გადამალავს იმ ლოგიკურ აზრს, რომ სწორედ ეს არის ის "ადმინისტრაციული რესურსი", რომელზე ბრაზმაც, აივანზე სიგარეტის მოსაწევად გაგიყვანა...!

 უცნაური საზოგადოება ვართ. ერთგვარი "კოლექტიური სტერეოტიპების" გვერდით ვცხოვრობთ, რომლის მავნე გავლენა თითოეულმა ვიცით მაგრამ არაფრისდიდებით არ შევისწავლით, არ ვცვლით და ამას მხოლოდ იმიტომ ვაკეთებთ, რომ საკუთარ თავშიც დაშვებული გვაქვს ის "კონფორმიზმი" თუკი იქ მოვხვდებით, რომელიც ასე გულუხვად კვებავს ამ უცნაურ სოციალურ მონსტრს - "ადმინისტრაციულ რესურსს". 
 შესაბამისად, როდესაც ამ ფენომენზე გაბრაზების მორიგი ალტერნატივა დაგვიდგება, ნუ დავივიწყებთ ამ ადამიანებს და ნუ შევატოვებთ პოლიტიკურ ხელმძღვანელობას ისე, თითქოს მათი საკუთრება იყოს და მხოლოდ მათ ძალუძთ ამ ადამიანების ქცევაზე გავლენის მოხდენა. 
ნებისმერი "უფროსის" ბრძანებაზე მეტი გავლენა აქვს "ახლობლის" ნათქვამს, გამჟღავნებულ დამოკიდებულებას, როგორი კრიტიკულიც არ უნდა იყოს ის. ჩვენში სულ ასე იყო და თუკი ამას ვინმე ცუდ თვისებად თვლის, მთლად ასეც არ არის და კარგი შედეგებისთვისაც შეიძლება იყოს გამოყენებული. 

Комментариев нет:

Отправить комментарий