Страницы

четверг, 7 января 2021 г.

პანდემიით მანიპულირებული პოლიტიკა

დიდია ცდუნება, რომ ხელსუფლებაში მყოფ პოლიტიკურ ძალას "ხელი წაუცდეს" ზოგადი თავისუფლების შეზღუდვაზე. საზოგადოება კი ცოტა ხანში გადაწყვეტს, ირჩევს - "თავისუფლებას გადარჩენისთვის" თუ "მორჩილებას გადარჩენისთვის"!? 
ის რაც ბოლო ერთი წლის განმავლობაში, ჩვენს თავს ხდება, არავისთვის არ იყო პროგნოზირებადი ასე კონკრეტული ვადებით, თუმცა, ის რომ ერთ მშვენიერ დღეს, კაცობრიობა დადგებოდა ასეთი პრობლემის წინაშე, სხვდასხვა ფანტასტიკურ თუ პოპულარულ სამეციერო ლიტერატურაში განხილულა და დაახლოებითი, ლოგიკაზე დაფუძნებით, შედეგებიც აღწერილა. მიუხედავად ამისა, რეალურ ცხოვრებაში ამ ყველაფერთან შეჯახება და ფიზიკურად გამკლავება, ერთმნიშვნელოვნად გამოცდად იქცა მთელი კაცობრიობისთვის, რომლის შედეგებსაც, თანამედროვენი ნაკლებად ვაცნობიერებთ და დიდწილად იქნება დამოკიდებული იმაზე, თუ როგორ "ჩავაბარებთ" ამ გამოცდას. 
 ეს ყველაფერი, გლობალური პრობლემაა და ჩვენ ყველა ერთად აღმოვჩნდით ასეთი რეალობის წინაშე თუმცა, პოლიტიკოსებისთვის პანდემია ერთგვარი შესაძლებლობაც გახდა გაემარტივებინათ სახელმწიფოს მართვის "თავის ტკივილი" და ამავე დროს გაეხანგრძლივებინათ ძალაუფლებაში ყოფნა, ოღონდ ეს ყველაფერი მას შემდეგ, რაც ვირუსის გავრცელების შესახებ, პირველმა ინფორმაციულმა ტალღამ გადაიარა და იპოვეს მანიპულირების ის "შესაძლებლობები", რომელიც შესაძლებელი იქნებოდა გამოყენებულიყო მოკლევადიანი, შიდა (ვიწრო) პოლიტიკური მიზნების მისაღწევად. ანალოგიურად მოიქცა საქარველოს ამჟამინდელი ხელისუფლებაც...
 მთელი წლის განმავლობაში, ადამიანები რომლებიც დაჟინებით გვიმტკიცებდნენ, რომ წარმატებულად გაართვეს თავი ვრუსის გავრცელებას და ამისთვის საზოგადოებამ ძალიან დიდი მსხვერპლი გაიღო აღმოჩნდა, რომ ფუჭი მსხვერპლი იყო და ყველაზე კრიტიკული მომენტისთვის, არავინ და არაფერი "შესაძლო უარესობისთვის" მომზადებული არ დაგვხვდა, მიუხედავად იმისა რომ საზღვარგარეთიდან მიღებული "დახმარებაც" საკმაოდ სოლიდურია იმ მაშტაბებისთვის, რა მასშტაბების ქვეყანაც ვართ ჩვენ. 
მთელი ამ პერიოდის განმავლობაში, ათასგვარ შეზღუდვებს გვიწესებდნენ იმ ეგიდით, რომ პრევენციას ახდენდნენ თუმცა, მაშინვე შესამჩნევი იყო ამ შეზღუდვების პოლიტიკური მიზან-მოტივები. მაგალითისთვის, წმინდა ადამიანური ლოგიკით რომ შევხედოთ, რიგითი მოქალაქისთვის ურთულესი გასაგებია, როგორ შეიძლება ერთდროულად, პოლიტიკური, რელიგიური ან ივანიშვილისთვის საჭირო/სასარგებლო ღონისძიებები, იყოს დასაშვები თანაც უსაფრთხო ეპიდემიური თვალსაზრისით და სხვა ყველაფერი, აკრძალული და ამავე დროს მავნებელი?! ასევე, არანაირი ეპიდემიოლოგიური საჭიროებით ახსნა არ მიგვიღია, ქუჩების ქაფიანი წყლით ხეხვაზე. ავტოტრანსპორტში, ოჯახის წევრების რაოდენობის შეზღუდვის შესახებ მიღებულ რეგულაციაზე, ისევე როგორც არანაირი ლოგიკა არ ხსნის, ფინანსურ დამხმარებას რომელსაც "აღმასარულებელი ხელისუფლების" ნაცვლად, "ქართული ოცნების" პოლიტ საბჭო ადგენს და ანაწილებს.  კომენდატის საათის მოხსნა-დაწესებას და ა.შ...!  თუ დაუკვირდებით, რაღაცნაირად ისე მოხდა, რომ ყოველი შემსუბუქება, ისე მოგვეწოდება, თითქოს სახელმწიფომ რაღაც დაგვითმო!? არადა, ვერანაირი ლოგიკით ვერ მივალთ ასეთ დასკვნამდე, თუკი საკითხს ადამიანის უფლებებისა და ზოგადად მოქმედი კონსტიტუციის მიხედვით მივუდგებით. 
 ამ ყველფრის მიღმა, ისეთ ხიბლში აღოჩნდნენ ძალაუფლების მქონენი, რომ აშკარა იდეოლოგიურ მავნებლობაზე გადავიდნენ და ქვეყნის მოსახლეობას, მკაფიოდ ჩამოუყალიბეს, "განუვითარებელი", "მესამე სამყაროს", უმნიშვნელოს და ა.შ. რასაც მე "ღატაკის ფსიქოლოგიურ მოდელს" ვეძახი, სწორედ ეს მოდელი.  არადა ამ ქვეყნისა და ბუნებრივია ერის უპირველესი გამოწვევა, დამოუკიდებლობის მოპოვების შემდეგ, საკუთარ მენტალობაში გამჯდარი, სწორედ ამ "მოდელის" განადგურება უნდა ყოფილიყო და იყო კიდეც... ნელნელა ვიჯერებდით საკუთარ თავშიც და შესაძლებლობებშიც თუმცა, ძალაუფლების ისეთი ადამიანების ხელში მოქცევამ, რომელთაც საქართველო "პატარა სოფლად" მიაჩნიათ, ბუნებრივია გაუცნობიერებლად ხდებიან ასეთი იდეოლოგიური ბოროტების ჩამდენნი! თუკი ამას ცნობიერად აკეთებენ, ეს უბრალოდ მცირედით ამძიმებს მათ ბოროტებას რადგან, ეს ადამიანები, როდესაც ბედნიერი სახეებით, გამარჯვებას აღნიშნავდნენ 2012 წელს, იმ პასუხისმგებლობასაც უნდა აცნობიერებდნენ, რომელიც მაშინ იკისრეს და ამ პასუხიმგებლობის შედეგი, აუცილებლად დგება ნებისმიერი პოლიტიკური მოღვაწისა თუ ორგანიზაციისათვის, მით უმეტეს თუკი ის ხალისუფლებაშიც ხანგრძლივად იყო, ამ ლოგიკას ვერ გაქცევია ყველაზე პირსისხლიანი დიქტატორები და "მახინჯი რეჟიმები"! 
ბოლო აბზაცში აღწერილი განწყობების ტრანსლირების დასტურად, ძალიან კარგი მაგალითია, მონტენეგროს (ბალტიის ქვეყნების და ა.შ.) მიერ მოგვარებული ვაქცინაციის საკითხი, რომელიც სულ რამდენიმე ასეული ათასი დოლარი დაუჯდა. თავდაპირველი, ყველაზე მაღალი რისკის ჯგუფებისათვის (მედიკოსები და მოხუცებულთა თავშესაფრები) კი საერთოდ, ჰუმანიტარულ დახმარებად იღებს ევროკავშირისგან (წყარო).  ჩვენ კი ძალიან ბევრი გვაძახეს, რომ ღარიბი ქვეყნებისთვის, უკეთეს შემთხვევაში ვაქცინას მომავალი წლის ბოლოსთვის გაიმეტებენ და რომ მანამდე არაფრის იმედი არ უნდა გვქონდეს, რადგან ჩვენ ვართ ღარიბი ქვეყანა, უმნიშვნელო და არავის ადარდებს ახლა ის თუ რამდენი დავიხოცებით...! ეს არის სრული სისულელე და ტყუილი, მთელი დედამიწა გაზაფხულზევე შეთანხმდა განაწილების გრაფიკებზეც, ვაქცინების კვლევაზეც და ზოგადად ამ ვითარებიდან გამოსვლაზე, პირველ რიგში კი ეკონომიკების სუბსიდირებაზე, რომელმაც ყველა და ყველაფერი შეიძლება დააყენოს კითხვის ნიშნის ქვეშ, თუკი ადამიანებს არ ექნებათ ამ ეპოქისათვის საჭირო ელემენტარული ჰიგიენის ან სამედიცინო პროდუქციის ხარისხიანი საშუალებებზე წვდომა. აღარაფერს ვამბობ, იმ ფსიქოლოგიური სტრესის განეიტრალებაზე, რომელსაც ყოველი ადამიანი იღებს შეცვლილი გარემოს გამო და რომელიც ახლა ერთერთი მთავარი საზრუნავია მთელი დედამიწისთვის!
 ჩვენი ქვეყნის ხმა მთელს ამ უბედურებაში რატომღაც აღარ ისმის, თანაც მეორეს მხრივ უყურებ ამავე წელს და წლის დასაწყისში, როდესაც ათეულ შემთხვევებს არ ვცდებოდით, მთელი ადგილობროვი "ეპიდ სპიკერატი" გვიმტკიცებდა, რომ მსოფლიო აღფრთოვანებული იყო ჩვენი შედეგებით და რომ ჩვენგან სწავლობდნენ, აკოპირებდნენ და ნერგავდნენ ანტიპანდემიურ ზომებს თუმცა, რაღაც მანქანებით, მას შემდეგ რაც მსოფლიო კოვიდ-რუქაზე ყველაზე უბედურების აღმნიშვნელი ფერით მოვინიშნეთ, ამავე მსოფლიომ დაგვივიწყა და ერთი შეშფოთების წერილიც კი არავის გამოუგზავნია...! ლოგიკურად, ამ ისტორიას რომ ვიაზრებ კითხვა მიჩნდება - როდის გვატყუებდა ეს "სპიკერატი" - როდესაც აღფრთოვანებული იყო მსოფლიო ჩვენი შედეგებით თუ ახლა, როდესაც ყველაზე კრიტიკულ მდგომარეობაში მყოფი  ქვეყნების მოწინავე პოზიციებზე ვიმყოფებით?!     

აუცილებლად ცალკე უნდა გამოვყო იმ ინდივდუალურ შიშებზე დაფუძნებული მანიპულაციები, რომელზეც დიდი ალბათობით ეფუძნება კიდეც უამრავი გადაწყვეტილება ჩვენს ქვეყანაში. დაახლოებით ისეთივე სიტუაციაა, როგორც წინა წლებში სტაბილურობის ეგიდით, ჩრდილოელი მეზობლისგან მომდინარე ყოველგვარი მარაზმის მოთმენა და ლოგიკის მიღმა მიყრუება იყო. ახლაც იგივე ფენომენი მუშაობს და საკუთარი, ან რისკის ჯგუფში მყოფი (და ასეთი ყოველ ადმაიანს ჰყავს თითქმის) ახლობლების ჯანმრთელობაზე "მოშიშობის" გამო, როგორც ნებისმიერი ბიოლოგიური არსება, უამრავ რამეს შეეგუება და ბოროტებაა ამ შიშის ჯერ გამძაფრება და მერე გამოყენება,  რომელსაც ასევე ვხედავდით იმ საინფომრაციო ორომტრიალში, რომელიც პანდემიას მოჰყვა და შედეგად - რისკის ჯგუფის მიღმა მყოფ უამრავ ადამიანს აქვს სრულიად უსაფუძვლო განცდა, თითქოს კოვიდით ინფიცირება, სასიკვდილო განაჩენი იყოს და თუ კარგად დაუკვირდებით, პოლიტიკურ დებატებში ამ ხაზსს ყველაზე მეტად ხელისუფლების მხარდამჭერი ადამიანები ან ადამიანთა ჯგუფები ტრანსლირებენ!?

და ბოლოს.... მგონი იმის მტკიცება ზედმეტი იქნება, რომ ამჟამინდელი პოლიტიკური ხელმძღვანელები, პანედემიის შედეგებით მანიპულირებენ და იყენებენ მას საკუთარი, ე.წ. ვიწრო პოლიტიკური მიზნების მისაღწევად. საქმე ის არის, რიგითი ადამიანები რა ოდენობის მსხვერპლის გასაღებად არიან მზად, ისეთი "უხილავი" და ობიექტური კონტროლის შესაძლებლობას მოკლებული საფრთხის წინაშე. დღეს არსებული მოწყობა, ვერ შეაძლებინებს ადამიანს, სრულ და უვადო იზოლაციას გარესამყაროსგან, ამიტომ სადღაც დადგება ის მომენტი, როდესაც ადამიანები დადგებიან არჩევანის წინაშე - "თავისუფლება გადარჩენისთვის", თუ "მორჩილება გადარჩენისთვის" და შესაბამისად ვერცერთი ლოგიკით მეორე ვერსია ვერ გაიმარჯვებს. ამიტომ, ნებისმიერი პოლიტიკოსისთვის გასაგები უნდა იყოს ის მარტივი ლოგიკური მოცემულობა, რომ რამდენადაც ადვილად "ებოძათ" პანდემიის პირობებში გარკვეული "შესაძლებლობები", იმდენადვე მწარე შეიძლება იყოს მისი გადაჭარბებით გამოყენების შედეგი... 

1 комментарий:

  1. ამ სტატიის გამოქვეყნების შემდეგ, ბევრ პოდკასტს წავაწყდი ამ საკითხზე. ისევე როგორც ზოგადი თავისუფლების შეზღუდვის საკითხზე, რომელიც პანდემიას ეფუძნება. კარგია ის რომ მთელს მსოფლიოში არის რეაქცია იმ ქმედებებზე, რომელსაც პოლიტიკოსები ცდილობენ განახორციელონ, საკუთარი ძალაუფლების შენარჩუნებისთვის. რა თქმა უნდა ასეთი მცდელობები, ძირითადად პოსტსაბჭოთა ე.წ. "ნახევრად თავისუფალი" ქვეყნების ხელისუფლებები!!! იმედია მათი მცდელობა წარმატებული არ იქნება და სულ პირიქით რეაქციას გამოიწვევს!

    ОтветитьУдалить