როგორც წესი წლის ბოლოს ტრადიციულად ხდება განვლილი პერიოდის შეჯამება და იმ მოვლენების ჩამოთვლა, რომლებიც მეტნაკლებად ან განსაკუთრებით მნიშვნელოვანი იყო ავტორისთვის.
რა თქმა უნდა რომ ჩამონათვალი იმისდა მიხედვით დგება თუ რომელი რეგიონის მაცხოვრებელი ან თემატიკაზე მომუშავეა ავტორი. ჩემს შემთხვევაში წმინდა სუბიექტური ჩამონათვალი უნდა გავაკეთო რადგან, როგორც ჩემს მკითხველს მოეხსენაბა, ჩემი ბლოგის თემატიკა ერთი კონრეტული რეგიონითა და სფეროთი არ შემოიფარგელბა.
პირველი რაც ჩემის აზრით დამსახურებულად იმსახურებს ამ ადგილს, არის ნავთობის ფასები ვარდნის თემა რადგან ის ერთერთი უმნიშვნელოვანესი პარამეტრია რუსული აგრესიულობის განსაზღვრის საკითხში და ამიტომ მისი შემცირება პირდაპირ აისახა ამ აგრესიულობაზე. რა თქმა უნდა თუ კი ამ შეფასებას მხოლოდ ცალმრივად რუსული პროპაგანდის რაკურსით არ შევხედავთ და რელობას იმის მიხედვით აღვიქვამთ, რომელიც რუსეთში წლის ბოლო დღეებში დადგა. ნავთობის ფასების ვარდნამ გამოიწვია ეს სავალუტო თუ საბანკო პანიკა, რომელიც რუსეთში ამ დღეებში მძვინვარებს და ღრმად ვარ დარწმუნებული რომ საახალწლოდ, ტრადიციული ეკონომიკური აქტივობა ვერ იქნება ამ პანიკის ჩაცხრობის მასტიმულირებელი. პირიქით, საახალწლო სუფრები და ასევე ტრადიუციული სტუმრობა-შეკრებები, ამ პანიკისა და შედეგად დამდგარი პესიმიზმის გადადებას გამოიწვევს, რომელიც რა თქმა უნდა რუსი ერის ჩვეულ "ველიკოდერჟავნიკულ" პატრიოტიზმით შეინიღბება, თუმცა მოსახლეობის იმ ნაწილს რომელიც ნავთობით მიღებული შემოსავლების მოძრაობაზე იყო დამოკიდებული, აუცილებლად დაფიქრდება იმაზე რომ მათი სახელმწიფოს სამეგობრო წრე, მხოლოდ მარგინალური წევრებით შევსებული დარჩება. ტყუილად არ ხდება ის რომ რუსული პროპაგანდა, ქვეყნის შიგნით პუტინის კულტს ქმნის, ეს ერთგვარი კომპენსირებაა იმ საერთაშირსო წარუმატებლობისა და იზოლაციის, რომელიც რუსეთმა მთელი სიცხადით სწორედ გასულ წელს მიიღო. ეკონომიკური პრობლემების ყველაზე მწარე შედეგები რუსეთის რიგითი მოქალაქეებისთვის, სწორედ მომავალ წელს გახდება თვალსაჩინო და ისინი საკუთარ ყოველდღიურობაში დაინახავენ პუტინისა და მისი "ვერტიკალის" პოლიტიკის შედეგად მიღებულ ხიბლებს.
რიგით მეორე საკითხი რა თქმა უნდა რომ სირიის კონფლიქტი და მის ირგვლივ განვითარებული მოცვლენებია, რომელიც თავის თავში მოიცავს ასევე ევროპის საემიგრაციო კრიზისს. ეს კონფლიქტი მომდევნო წელს მეტ სიცხადეს შეიძენს და ჩემი ღრმა რწმენით, სირიის დაშლით დასრულდება. ამ ომის ყველა აქტორი, საკუთარი გავლენის სფეროს შექმნა/შენარჩუნებას ცდილობს, რაც ლოგიკურად მიიყვანს ამ ქვეყანას დანაწევრებამდე. თუმცა კი საბოლოო შედეგამდე იქ კიდევ უამრავი სისხლი დაიღვრება და კიდევ უამრავ საერთაშორისო უსაფრთხოებისთვის საჭირბოროტო საითხზე მოახდენს გავლენას. არ ვეთანხმები იმ აზრს რომ მესამე მსოფლიო ომის მიზეზი შიეძლება გახდეს სირიის კონფლიქტი. უფრო მეტად მოსალოდნელია რომ ამ კონფლიქტის შედეგად მოხდეს შიდა მუსულმანური დაპირისპირების სრული პროეცირება, რომელიც შიიტებსა და სუნიტებს შორის კონფლიქტს გულისხმობს და დასავლეთის ჩართულობა იმ ხარისხით იქნება განსაზღვრული, რამდენადაც მისი ინტერესებისთვის და ცალკეული წევრების ნაციონალური უსაფრთხოების საკითხებისთვის იქნება სჭირო. ამ ომმა გლობალური მაშტაბი იმ შემთხვევაში შეიძლება შეიძინოს, თუ კი ევროპაში შესული მიგრანტების შთამბეჭდავი ნაწილი, მართლაც "ჯიჰადისტური" მიზნებით იმყოფება იქ და პარიზის ტერაქტების მსგავსად, ამაზრზენი აქტების მოწყობას დაიწყებენ.
მესამე რიგში, უნდა ავღნიშნო ის მოვლენები, რომელიც აღმოსავლეთ ევროპაში განვითარდა და რომლის განმსაზღვრელი ფაქტორიც უკრაინის კონფლიქტი იყო. შედეგად NATO-ს და ზოგადად, დასავლეთის სამხედრო ინფრასტრუქტურის ამ მიმართულებით გადაადგილება ნიშნავს იმას რომ რუსული ჰეგემონია ამ რეგიონში დასასრულს უახლოვდება. კომუნიზმის გაკვეთილი, ჩვენზე უკეთესად სწორედ რომ ბალტიის პირეთისა და აღმოსაველით ევროპის სხვა ქვეყნებმა აითვისეს და დარწმუნებთ შეიძლება ითქვას რომ ისინი, რუსული გავლენის ქვეშ დაბრუნებას არაფრის დიდებით აღარ დაუშვებენ. ამ პოლიტიკას მხარდაჭერა ექნება დასავლეთის ძლიერი სახელმწიფოების მხრიდან და ის აუცილებლად მივა ლოგკურ შედეგამდე, რომელიც რუსეთის გავლენების შეკვეცას გამოიწვევს. მოლოდინი იმისა რომ ამ მიმართულებით განსაკუთრებული დაძაბულობა იქნება, ჩემის აზრით გაუმრთლებელია და არ მგონია რუსეთმა ასეთი ავანტურა წამოწყოს იმ ეკონომიკის ფონზე, რომლშიც დღეს არის და რომელიც მომდევნო წელს კიდევ უფრო გაუარესდება. თუმცა ამ ნაწილში არის ერთი დაშვების შესაძლებლობა, რომელიც არ არის გამორიცხული რუსეთმა გამოიყენოს და აშშ-ში საპრეზიდენტო არჩევნების გამო ადმინისტრაციის ცვლილების პერიოდში მოაწყოს რაიმე მაშტაბური პროვოკაცია. თუმცა, რუსების იმედები რომ აშშ-ს მოუცლელობის კომპენსირება არავის შეუძლია, მეტად მცდარ მოსაზრებად მიმაჩნია და ამ როლის საკუთარ თავზე აღება, თავისუფლად შეუძლია ბრიტანეთს. რომელმაც გასული წლის შემოდგომაზე, საკუთარი ძალები განალაგა ბალტიისპირეთში და ამით უზრუნველყო რეგიონის პროცესებში მონაწილეობა. ევროკავშირი ძირითად შიდა პრობლემებით იქნება დაკავებული და ბრიტანეთთან ართად, ამ სცენარის განვითარების შემთხვევაში, აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნები ჩადგებიან ერთ რიგში, პოლონეთის მეთაურობით.
ჩვენს რეგიონში მოვლენები იმის მიხედვით განვითარდება თუ რა მოხდება ზემოთ ჩამოთვლილი სამი საკითხის ნაწილში. შესაბამისად ამიერკავკასიის რეგიონში მიმდინარე მოვლენები ძირითადად იქნება გვერდითი მოვლენები ყველა იმ პროცესისა, რომელიც გლობალური მაშტაბის პროცესებს მოჰყვება და მათი ასახვა მოხდება იმ ტრადიციულ პრობლემებზე, რომელიც რეგიონში არსებობს. ყარაბახის კონფლიქტი, ჩრდილო კავკასიის იატაკქვეშეთის აქტივაცია, საქართველოს კონფლიქტები და რუსული ბაზების განთვასება-გაძევების პროცესი, იქნება დამოკიდებული იმაზე თუ რა ზიანს მიიღებს რუსეთის ზემოთ ჩამოთვლილ პროცესებში. რა თქმა უნდა რომ ადვილი და სიმშვიდის საფუძვლის მქონე ნამდვილად არ არის ის რაც უკვე ხდება რეგიონში, რომელიც რეგიონის ქვეყნების ეკონომიკებზე აისახა და რომლებიც, გარდა იმისა რომ არასტაბილურ ვითარებას უკვე ქმნიან თავად ამ რესპუბლიკებში, ასევე განაპირობებენ მოსალოდნელ გართულებებსაც და დიდი ალბათობით, გაზაფხულისთვის მათი განვითარების შინაარსებიც უფრო მეტ სიცხადეს შეიძენს.
გასული წლის განმავლობაში ასევე აღნიშვნის ღირსია ის სამეცნიერო მიღწევები რომელიც ამ წელს იქნა მიღწეული და რომელთა მნიშვნელობა იმდენად დიდია რომ განაპირობებენ მთელი რიგი მსოფლმეხდეველობითი სისტემების ცვლილებებს. ტექნოლოგიების ყოველდღიურობაში შემოსვლა ჩვენი ქვეყნის მოსახლეობისთვის ეკონომიკური ჩამორჩენილობის გამო, სამწუხაროდ მიუღწეველი რჩება. ჩემის აზრით ყველაზე მეტად რევოლუციური მოვლენები განვითარდა ავტომშენებლობის სფეროში. ელექტრო და წყალბადზე მომუშავე ავტომობილები სულ მალე ყოველდღიურობის განუყოფელი ნაწილი იქნება. განვლილი წლის განმავლობაში ასევე მაშტაბურად მოხდა ჩვენს ირგვლივ არსებული და ხილვადი სამყაროს საზღვრების გაფართოვება, რომელიც ერთერთ უმნიშვნელოვანეს ფაქტორად მიმაჩნია, ზოგადად ადამიანების მენტალური განვითარების თვალსაზრისით და ცვლის აქამდე არსებულ ეგოცენტრულ მსოფლმხედველობას რომელიც მგონია რომ უამრავი ადამიანური ტრაგედიის მიზეზი იყო დაჩვენი ეპოქის ევოლუციური განვითარების მთავარ ღირებულებად, სწორედ მისი ტანსფორმაცია მიმაჩნია. მართალია ეს ტრანსფორმაცია არ არის მაშტაბური და ზოგადსაკაცობრიო მაგრამ ის რაც არის, თანამედრო ინფორმაციული ტექნოლოგიების არსებობის პირობებში მალე გახდება აღნიშნული მაშტაბის.
და ბოლოს, რეზიუმირებულად რომ ვთქვა გასული წელი რთული და პრობლემური იყო. თუმცა კი არა განსაკუთრებული, რადგან ყოველი წელი თავისი სირთულეებითა და სიკეთეებით ხასიათდება, რომელიც როგორც წესი ყოველთვის განსხვავებულია ყოველი წინამდებარე პერიოდისგან.
დაეხმარე ბლოგს: GE07TB7142445063600020
ყოველი შემოწირული თეთრი მოხმარდება ბლოგის განვითარებას, თარგმანსა და ინფორმაციის ოპერატიულად მოწოდების უზრუნველყოფას


Комментариев нет:
Отправить комментарий