Страницы

вторник, 13 октября 2015 г.

რეგიონის სარკინიგზო ინტრიგებს ირანული ფაქტორი დაემატა!

აფხაზეთის რკინიგზის მონაკვეთის საკითხის გაცოცხლების შემდეგ, მნიშვნელოვანი გახდა ყველა ის აქტივობა რომელიც კი რეგიონში სარკინიგზო კავშირებს ეხება.
ამ კონტექსტში რა თქმა უნდა რომ ყურადღებიდან არ უნდა გამოგვრჩეს "ახალი ირანის" ფაქტორი და მისი მსოფლიო ბაზრებზე დაბრუნების პერსპექტივა, რომელიც კიდევ უფრო აქტუალური გახდა მას შემდეგ რაც რამდენიმე დღის წინ, ირანის პარლამენტმა ექვსიანთან დადებული ბირთვული შეთანხმების რატიფიცირება მოახდინა წყარო!
ამ ფონზე დღეს ირანული მედია იტყობინება რომ აზერბაიჯანულ მხარესთან მოხდა მემორანდუმის გაფორმება ორი ქვეყნის სარკინიგზო ხაზების მიერთების თაობაზე, რომელიც არაერთხელ განხილულა მხარეთა შორის და ყოველთვის ხელი ეშლებოდა პოლიტიკური მიზეზების გამო. ირანული ტვირთებისთვის აზერბაიჯანული რკინიგზა, უმოკლესი გზაა რუსეთის ტერიტორიისკენ და შესაბამისად რუსული ბაზრისკენ. თუმცა ევროპის ტერიტორიაზე შესასვლელად ირანული წარმოებისთვის ჩიხად ქცეული რუსეთი, ვერაფერი დიდი ნუგეშია და დასაველთთან შეთანხმების შედეგად ირანული ინტერესების მზარდობის ფაქტორი, უბიძგებს მას დამატებითი გასასვლელები მოძებნოს ევროპული ბაზრისკენ. 
წინა წლებში ანალოგიური საკითხი განიხილებოდა სომხურ მხარესთანაც რომელსაც ირანულ სარკინიგზო სისტემასთან მიერთებისთვს 3,2 მილიარდი აშშ-ს დოლარი ესაჭიროება რომელიც მას არ აქვს. თუმცა ეს შეთანხმება რომლის გაფორმებაც დღეს იქნა გაცხადებული აზერბაიჯანსა და ირანს შორის, რუს და სომეხ ექსპერტებში აღქმული იქნა როგორც დამატებითი სტიმული, მოიძიონ ინვესტიციები სარკინიგზო ინფრასტრუქტურის სამშენებლოდ და ამ საკითხში ჩინელებთან აქტიური მუშაობისკენ მოუწოდებენ სომხეთის ხელისუფლებას. შესაძლოა დამთხვევაა მაგრამ ამ დღეებში რეგიონულ საინფორმაციო სივრცეშიც გამოჩნდა ინფორმაცია რომ საქართველოში ინფრასტრუქტურული პროექტებით ჩინეთი ინტერესდება წყარო. ასევე საინტერესოა რომ ამ კონტექსტში სომხური მხარე კონკურენტად აღიქვამს აზერბაიჯანს, მაშინ როდესაც რუსულ ბაზარზე გასასვლელდ, ირანისთვის სომხეთი პრაქტიკულად ჩიხია თუ კი არ მოხდა აფხაზეთის მონაკვეთის გახსნა და დანარჩენი საქართველოს სარკინიგზო ერთიან სისტემასთან მიერთება. საქართველოს ფაქტორი ამ კუთხით არაერთხელ განხილულა სომხურ ექსპერტულ წრეებსა თუ პოლიტიკოსთა გამოსვლებში. ირანულ ტვირთებზე თვალი სავსებით ლოგიკურად სომხებს რა თქმა უნდა რომ უჭირავთ რადგან ლაპარაკია 15-18 მილიონ ტონა ტვირთზე და ამ ნაწილში ალბათ რუსეთის მხარდაჭერის იმედიც აქვთ და აიტომაც გადასცეს მათ საკუთარი რკინიგზა რუსებს!
 11 ოქტომბრის "P.S."-ის ეთერში გასული თენგო გოგოტიშვილის სიუჟეტი კარწახში შეჩერებული სარკინიგზო ხაზის მშენებლობის შესახებ ბმული, რომელმაც საქართველოს რკინიგზა თურქეთის გავლით, ევროპულ სარკინიგზო სისტემას უნდა დაუკავშიროს და რომელიც სოფელ კარწახის მოსახლეობის პროტესტის გამოა შეჩერებული, მეტად შემაშფოთებელი ფაქტია. მით უმეტეს თუ ამ მიმართულებით საქართველოს ხელისუფლება არ მუშაობს და პროექტისთვის ხელის შეშლის, ძროხების დაკარგვის მოტივით შექმნილ პრობლემას ტოვებს ასე მოუგვარებლად, რომელიც ჩემი სუბიექტური აზრით "დანაშაულებრივი უმოქმედობაა", თუმცა სარკინიგზო ინტრიგების ლოგიკაში და უკვე გაცხადებული, ხელისუფლების პრორუსულობის ფონზე, სრულებით ლოგიკურია!  
 რუსეთსა და მის მოკავშირე ძალებს, არავითარ შემთხვევაში არ აწყობთ საქართველოს ტერიტორიაზე ირანული ტვირთების, კრემლის კონტროლის გარეშე გატარება და ამ მხრივ ყველანაირად ეცდებიან ხელის შეშლას ყველა იმ პროექტებისთვის, რომელიც კი რუსული კონტროლის გვერდის ავლას გულისხმობს. აზერბაიჯანისა და ირანის რკინიგზების მიერთების საკითხი, მხოლოდ რუსეთის ტერიტორიისკენ ტვირთების გატარებას არ გულისხმობს და თავისუფლად იქნება შესაძლებელი ირანული ტვირთების საქართველოს ტერიტორიაზე გადმოტანა, რომელიც შემდეგ თურქეთის გავლით ევროპისკენ წავა ან სულაც ქართულ პორტებში გადაიტვირთება გემებზე და გაიშლება საზღვაო გზებით, დასავლეთ და ჩრდილო-დასავლეთ ევროპის ტერიტორიაზე! ზემოთ აღნიშნული 15-18 მილიონი ტონა ტვირთის დიდი ნაწილიც შესაძლოა სწორედ ამ გზით იქნას გატანილი და სომხეთი დარჩეს ირანული ტვირთების გარეშე, რაც სავსებით ლოგიკურს ხდის კარწახის სომეხი ეროვნების მოსახლეობის წინააღდმეგობას აზერბაიჯან-თურქული სარკინიგზო კავშრის მიმართ და აჩენს ეჭვს რომ ნებისმიერი მიზეზით, რომელიც კი შეიძლება იქნას გამოძებნილი, მოხდება მისი დაბლოკვა, ხოლო საქართველოს ამჟამინდელმა ხელისუფლებამაც შესაძლოა საკუთარი უმოქმედობა გაამრთლოს საკითხის მაღალი პოლიტიზაციით და სომხებთან ურთიერთობის შესაძლო გამწვავებით.
 მთელს ამ სარკინიგზო ინტრიგაში რუსეთის აქტიურობა თვალშისაცემია და ყოველი ასეთი აქტივობა საქართველოს გვერდს არ აუვლის რადგან საქართველოს სატრანზიტო პოტენციალი და ინფრასტრუქტურა, იძლევა იმის საშუალებას რომ ყოველგვარი რუსული ჩარევის გარეშე, მოხდეს გატარება რამდენიმე მილიონი ტონა ტვირთისა, რომელიც გარდა ფინანსური სარგებელისა, საქართველოს პოლიტიკურ მნიშვნელობასაც ზრდის რეგიონის სხვა ქვეყნებისთვის, რომელიც ასევე დიდი თავსი ტკივილი იქნება რუსული ექსპანსიონისტური მიზნებისთვის რადგან სულ უფრო მეტად დააშორეს საქართველოს მის გავლენას. ამ ფონზე კი რუსული "Gazprom"-ის შემოყვანა საქართველოში და რუსული ეკონომიკური ინტერესების გაძლიერება თუნდაც ირიბი, სომხური საჭიროებების ამოწევით, დიდი საფრთხის შემცველია და არავითარ შემთხვევაში არ უნდა მოხდეს მისი გახორციელება რაოდენ კეთილშობილური მიზნებითაც არ უნდა შეფუთონ კალაძემ და ღარიბაშვილმა ის! 

Комментариев нет:

Отправить комментарий