Страницы

воскресенье, 11 января 2015 г.

გარდასულ დროთა გმირები - ყოველდღე პატრიოტი ვერ იქნები!

ბოლო დროს, თვალშისაცემია პოლიტიკური დებატებისას, ილია ჭავჭავაძისა და გარდასულ დროთა გმირების ხსენება. პოლიტიკურ დებატებში, არ ვგულისხმობ მხოლოდ სატელევიზიოს რა თქმა უნდა და არც მხოლოდ ე.წ. "ცნობილ სახეებს" შორის.
ვგულისხმობ რიგით მოქალაქეთა მეტყველებასა და არგუმენტაციაში. ძირითადად, ეს ჩანს ფეისბუკ კომენტარებსა და პირად საუბრებში. მოკლედ, მდგომარეობა იქამდეა მისული, რომ ღირებულებათა გადაფასება შეიძლება დაერქვას და თუ ვინმე, ამ პროცესს უარყოფს, ძალიან დიდ შეცდომას უშვებს.  ილია ჭავჭავაძე, დავით აღმაშენებელი, ლიტერატურული გმირები - დათა თუთაშხიას კატეგორიის და ა.შ. მათ არსებაში, არსებული მორალის დიდებით არის დაკავებული ყველა, ძირითადად ამ რაკურსით უყურებენ ამ მართლაც მოვლენებს მაგრამ, მეორე მხრიდან ამას არავინ არ უყურებს… მაგალითად, ილია ჭავჭავაძის შემთხვევაში - რა შეიცვალა მას შემდეგ ერში? იმ ერში რომელმაც ილია ჭავჭავაძე შექმნა, რომლის მისიაც მაშინაც და დღესაც, ერისთვის საკუთარი ნაკლოვანებების ჩვენება იყო. რა შეიცვალა მას შემდეგ "ქართველში"? არაფერი!
ილიას რომ კითხულობთ და დღევანდელობას პოულობთ, ეს არ უნდა გიხაროდეთ, ეს უნდა გწყინდეთ… მთელი ერი რომ ლამის დათა თუთაშხიაა, მაშ ვინღაა ის «სოფელი», რომელთა ტყეებსაც აფარებდა თავს დათა? დათამ რომელმაც თქვა ფრაზა - „ხა­ლხ­ნო! რას შვ­რე­ბით, ხა­ლხ­ნო, რას? რას ჰგ­ავ­ხა­რთ, თუ ხე­და­ვთ ამ­ას, ვინ ხა­რთ, თქ­ვე უბ­ედ­ურ­ებო? რა ჯი­შის ხა­რთ?! ეს ფრაზა თითქმის ყველა ქართველმა იცის… ვინ არის ის «ხალხი» ვინ არის ის "ჯიში"? დღესაც ხომ ასეთივე «ხალხის» საქციელის შეფასებისას (ძალიან ხშირად), ამ მორალური «სტანდარტებით» ვხელმძღვანელობთ? ვსწავლობთ ამ ყველაფერს და მეტი არაფერი, არ ვიყენებთ. ისევ აქტუალურია ეს საკითხები და ამიტომაც ვართ ასეთ ტყვეობაში. ისეთი კუმირები გვყავს შექმნილი, რომელთან ვინმეს შედარებაც კი დიდი ცოდვაა!(?)  არაფრის დიდებით არ უშვებს არავინ, რომ შეიძლება, მეორე ილია ჭავჭავაძეც დაიბადოს და დავით აღმაშენებელიც! რაღაც ნაცნობ სცენას მაგონებს, რომელიც ფსიქოლოგებს კარგად აქვთ აღწერილი, ფსიქიკურ პროცესებში - კომპლექსის რაციონალურთან ჭიდილის პროცესს ჰგავს!  იმიტომ რომ სჭიროებაა ასეთის გაჩენის, მასა კი თავისი ფანატიზმით ხელს უშლის… შეიძლება ასეთი შეხედულება გაზვიადებული მოეჩვენოს ვინმეს მაგრამ, რა? თუნდაც გაზვიადებული იყოს? ფაქტია, რომ თუნდაც ლატენტურ ფორმაში თუ ეს ასეა, მაშინაც კი ძალიან ცუდად გვაქვს საქმე, და როდესაც სახეზეა უამრავი ფაქტი?! რომ ბოლო ორასი, სამასი წლის განმავლობაში, ერს არავითარი მენტალური პროგრესი არ განუცდია და ისევ იმ ნაკლოვანებებს ფლობს, რომელიც ასი, ას ორმოცდაათი წლის წინ ჰქონდა. რაზე მეტყველებს ეს? 
სირაქლემას პოზაში დგომა ადვილია, მაგრამ არა სასარგებლო! 
მთლიანად ჩვენს დღევანდელ ყოფას ცოტა უფრო ფართოდ შეხედეთ. საკუთარის გარეთ გაიხედეთ და ნახეთ, გარემო რომელშიც ვცხოვრობთ, იმდენად მძიმე და არაადმაინურია, რომ სასულიერო პირები,  რაც შეიძლება შორს გარბიან - «ამ ქვეყნიერებიდან». სოდომი და გომორა სახლში გვაქვს მოწყობილი და სხვას ვაბრალებთ. ესეც ნაცნობი ფსიქიკური პროცესია! არაფერი ახალი და განსაკუთრებული. ღრმად მორწმუნე ადამიანები წმინდანთა ცხოვრებიდან ისეთ მაგალითებს მოგიტანენ, ძარღვებში სისხლი გაგეყინება მაგრამ თავად, საკუთარი ცხოვრება, აბსულუტურად საპირისპიროდ აქვთ მოწყობილი, რატომ?! - ფარისევლობაზე ასოციაცია, ნუთუ მარტო მე მიჩნდება?! 
(მოწყობასა და გარემოში სახლებსა და ქუჩებს არ ვგულისხმობ პირდაპირი მნიშვნელობით. უფრო მეტად ადამიანებს შორის ურთიერთობასა და დამოკდებულების აღსანიშნავად ვიყენებ. თუმცა ეს არ გამორიცხავს პირვანდელ მნიშვნელობასაც). 
ან ასეთი საკითხი, რომელიც ასევე არანორმალურად მიმაჩნია - მამაოთა უმსგავსობებზე ლაპარაკისას რომ იციან ხოლმე - ყველა ეგეთი არ არის, შენ მთებში და გამოქვაბულებში რომ არიან წასულები, ისინი უნდა ნახო?! უმალ გიპასუხებენ. კი ბატონო, ადვილია გიყვარდეს მოყვასი შენი - სადმე მთის წვერიდან, არწივთან ერთად რომ გადმოჰყურებ «სოფელს» მაგრამ, იქ რა ქნან იმ სოფელში? ვის ამარად არიან დარჩენილნი? ურყვნელ ბუნებასა და სამოთხისდარ სიმშვიდეში, ცდუნებანი სად არის? ნამდვილი ცდუნებანი იქ არის, სადაც «სოფელია» … დონკიხოტის წისქვილებთან ბრძოლის ასოციაცია მაინც და მაინც არ მამშვიდებს და არც მამხიარულებს!
არაერთხელ დამიწერია სტატიებშიც, რომ ისტორიის მიმართაც ანალოგიური დამოკიდებულება გვაქვს. ის მებრძოლი ქართველები და საარაკო ბრძოლები, სადღაც სხვაგან დავტოვეთ, ისინი სხვები იყვნენ - «მაგარი გიჟები», «ვენაცვალე ჯილაგში» და ა.შ. ოღონდ მათ საქციელს არავინ იმეორებს, არ ვაქციეთ ჩვენი ყოველდღიურობის ნორმად - მორჩა და გათავდა! ყოველდღე პატრიოტი ვერ იქნები?! დაახლოებით აი ასეთი მტკიცებულების ერთგულნი ვართ ქართველები! 
მაგალითი ისევ ილიასგან - ყოველს დღესა შენს თავს ჰკითხო, აბა დღეს მე, ვის რა ვარგე?! - როგორ გვესმის ეს? შესაძლოა უმრავლესობა ადმიანებისა ამ «ვის»-ში, კონკრეტულ ადამინს გულისხმობს, მატერიალიზებული უნდა იყოს აუცილებლად. მაგრამ ის, რომ შეიძლება ქვეყნასაც არგო და შეიძლება კი არა - ვალდებული ხარ არგო, ასეთ მტკიცებულებად რატომ არ აღვიქვამთ? საერთო მნიშვნელობის საქმის გაკეთება კი ყველას შეუძლია, უბრალოდ თუ იმიტომ აკეთებ იმას რასაც აკეთებ, რომ საკუთარი გარდა, სხვასაც არგო - მეტი არაფერი! 
ძალიან მარტივია ერთის შეხედვით მაგრამ არა, რაღაც გვიშლის ხელს და ისევ - ყოველდღე პატრიოტი ვერ იქნები!!! 
რამდენიმე წლის წინ მეგონა, რომ ეკლესიაში სიარული და მთელი ეს რიტუალური პროცესი, წარმოადგენდა გარკვეულ პროგრესირებად პროცესს. ანუ ვითარდებოდი გარკვეული კრიტერიუმებით, რომელსაც რა თქმა უნდა შენი მოძღვარი აფასებდა და ამის შესაბამისად, შენი შემდეგი განვითარების გზის დაგეგმვაში გეხმარებოდა. მოგვიანებით რომ დავაკვირდი იმ ადამიანებს, რომლებიც ჩემს თვალწინ მეტნაკლებად გარდასახვის მაგალითებად იქცნენ (ათეისტობიდან ღრმად მორწმუნეებად, ან თუნდაც ისე ნაცნობი ღრმად მორწმუნეები), ან უბრალოდ შევხებივარ, არ ტოვებდნენ პროგრესირებულთა შთაბეჭდილებას. არც მანამდე ნაცნობმა ადამიანებმა გაამართლეს ჩემი მოლოდინი. პირიქით, აშკრად დეგრადირდნენ, აგრესიულები გახდნენ... რამდენს გაქვთ ისტორია მოსმენილი - «ეკლესიაში სიარული დაიწყო და ჩვენ აღარ გვეკარებაო»?! - გიყვარდეს მოყვასი შენი? - სად? მარტო ტყეში, ხევში  და გალავან შემორტყმული მონასტრის მყუდრო კედლებში? 
ამ თემატიკაში, ჩემთვის ყველაზე მეტად დამნაშავენი დღევანდელი საქართველოს პროფესორ-მასწავლებლები და ეგრეთ წოდებული, «სამეცნიერო ელიტაა»! აღარაფერს ვამბობ «კულტურის წარმომადგენლებსა» და «პედაგოგებზე», აქ საერთოდ აჯაფსანდალი გვაქვს, ამ საკითხს, ცალკე გარკვევა და შეფასება სჭირდება. თუმცა კი, ამ წერილის შინაარსი, ამ სფეროებისთვისაც მეტად აქტუალურია.  
 «პროფესორები» - მომავალ თაობებს ასწავლიან წინაპართა გმირობის ისტორიებს და თავად კი, ყველაზე მნიშვნელოვან პერიოდებში ჩუმად არიან. არც ხმა აქვთ იმხელა და არც ადგილი. სათქმელი რომ ჰქონდეთ რამე, აუცილებლად იტყოდნენ. ციხის გამო მთელი ერი ფეხზე დადგა, მათ შორის სტუდენტობაც...! - მაგრამ რა მოხდა საყდრისზე? სად არის ერის ღირსება - ციხეში თუ ჩვენს ფეხს ქვეშ არსებულ წინაპართა ნაშთებში? - "არც უხერხულობა და არც არაფერი (ი. ღარიბაშვილი 2014წ)" - მშვენივრად ასახავს ამ მდგომარეობას. პროფესორ-მასწავლებლები განადგურებულები არიან, წინა «რეჟიმმა» სტუდენტთან თანაბარი სიმაღლეებიდან ლაპარაკისკენ მოუწოდა და ხელშეუხებელ ავტორიტეტის სტატუსის ნაცვლად, მათი თანასწორად გახდომა დაავალდებულა! გესმით, დაავალდებულა!? ამას სჭირდება დავალდებულება და ეს ნორმალურია! ამას ვინმე სასტიკ შეურაცხყოფად აღიქვამს და იმაზე არ ფიქრდება, არანორმალურია ის რომ ამას სჭირდება დავალდებულება! იმისათვის რომ პედაგოგი იყო, ცოდნასთან ერთად ძალიან ძლიერიც უნდა იყო (კახა ბენდუქიძის სტუდენტებთან ურთიერთობის მაგალითი, მშვენივრად ასახავს როგორი უნდა იყოს «მასწავლებელი»). უნდა შეგეძლოს სიტუაციის მართვა და საკუთარი ლიდერობის დამტკიცება/განმტკიცება, ისე შენი გაფხორილი ფიზიონომია და მაქსიმალურად «მკაცრადინტელექტუალური-აგრესიულობით გამოხედვა», ვერაფერი ნუგეშია მომავალი თაობებისთვის. ახალ თაობებს, ახლა სჭირდებათ განკაცებული გმირობის მაგალითები და არა უსაგნო თაყვანისცემის ობიექტები, ეს უნდა გავისიგრძეგანოთ და მომავალ თაობას მაგალითები დღეს უნდა მივცეთ. 

გარდასულ დროთა გმირების ცხოვრების მაგალითების ცოდნა, კარგია მაგრამ არა საკმარისი. თუ კი ამ ადამიანთა ნათქვამ/ნამოღვაწარის გაგება გინდა, ნაწილობრივ მაინც ისე უნდა იცხოვრო, როგორც ისინი ცხოვრობდნენ. იგივე ღირებულებებს, მომავალს უნდა აჩვენებდე საკუთარ მაგალითზე. ასე გაცილებით გაგიგებს და მიგიღებს, ვიდრე მოჰყვე ლეგენდად, თუ როგორ იცავდნენ საბჭოთა დიქტატისგან ქართულ ენას უნივერსიტეტის პროფესორ-მასწავლებლები. როგორ გმირულად იბრძოდნენ გარდასულ დროს მწერლები, ქვეყნის თავისუფლებისა და იმპერიისგან გათავისუფლებისათვის… მოკლედ დანარჩენი ვიცით, ტექსტი იგივეა! ცუდი ის არის, რომ არაფერი იცვლება და ის გმირები, რომლებიც დღეს უნდა ქმნიდნენ ისტორიას, სადღაც მიყუჩებულან და ყოველდღე პატრიოტობა არ შეუძლიათ!  

3 комментария:

  1. ჩვენი გმირები დაიღალნენ და ეხლა ისვენებენ - ორი თაობა მაინც უნდა გამოიცვალოს რომ 37 მანეთიანი ბილეთი დაავიწყდეთ და ქვეყნის პატრონებად საკუთარი თავი ჩათვალონ. მერე ვნახოთ.....

    ОтветитьУдалить
  2. დაველოდებოდი მაგრამ არ გამოდის ეს ლოდინიც...

    ОтветитьУдалить
  3. ორი თაობაც გამოიცვალა და სამივე, მაგრამ სანამ ქართველი არ დააფასებს განათლებას და სამშობლოს სიყვარულს არ ჩაუნერგავს თავის შვილს და მასე არ გაზრდიან მომავალ თაობას, მანამ არაფერი გვეშველება..🥺

    ОтветитьУдалить