Страницы

пятница, 2 января 2015 г.

ეს რა ჭირი გვჭირს?!

განვლილი წელი, ძალიან ბევრი მოვლენის გამო, ალბათ ისტორიული მნიშვნელობისა იქნება და მომავალში, 2014 წელს განვითარებული მოვლენები, გამოყენებული იქნება, მომავალში გლობალური მაშტაბის პროცესების, როგორც საწყისი ეტაპის მაგალითად. ნებისმიერი გლობალური მაშტაბის მოვლენათა საფუძვლები, რა თქმა უნდა ღრმად არის წასული ისტორიის წიაღში, თუმცა არის
ეტაპები, რომლის დროსაც მოვლენათა ლოგიკა თვალსაჩინო ხდება ამა თუ იმ პროცესების გამო.  სწორედ ასეთ პერიოდში ვცხოვრობთ ჩვენ - როდესაც ისტორიული მნიშვნელობის მოვლენათა ლოგიკა «ცნობილი» ხდება!
რას მოასწავებს ზუსტად ეს ლოგიკა, ძალიან ძნელი სათქმელია რადგან პოლიტიკურ თუ სოციალურ პროცესებზე, მიუხედავად  შეთქმულების თეორიების მოყვარულთა გააფთრებული მტკიცებისა და გარკვეულწილად, მასზე დაფუძნებული საზოგადო შეხედულებისა (რომელიც პოსტსაბჭოთა სივრცეშია გავრცელებული და მათ შორის საქართველოშიც), რომლის მიხედვითაც ყველაფერი - «ვიღაც დიდი ბიძიების მიერ არის დაგეგმილი», მაინც არის ძალიან ბევრი განუსაზღვრელობა, რადგან პოლიტიკას ადამიანები ქმნიან და ძალიან რთულია ამ ადამიანების ამბიციები, რაიმე გეგმას დაუქვემდებარო.   პოლიტიკური პროცესები სწორედ პიროვნული ამბიციების დაპირსპირება და ჭიდილის შედეგია, რომელიც რა თქმა უნდა იდეოლოგიას ეფუძნება. ხოლო პროგნოზები რომელიც შეიძლება გაკეთდეს ზემოთთქმული ლოგიკიდან გამომდინარე, ეფუძნება გაცხადებულ მიზნებს, რომელსაც ამა თუ იმ ქვეყნის ლიდერი ახმოვანებს. 
ასეთ პერიოდებს პოლიტიკურ ტურბულენტობას ეძახიან და ამ ტურბულენტობაში, საქართველოს მაშტაბის მქონე ქვეყანა, შეიძლება ძალიან დაზარალდეს ან საერთოდაც გაქრეს. ამიტომაც ძალზედ მნიშვნელოვანია ასეთ დროს, ერის ერთობა და პოლიტიკური ხელმძღვანელობის კეთილსინდისიერება. სწორედ ამ ნაწილში აქვს საქართველოს დღეს პრობლემები და ეს არ შეიძლება იყოს ეროვნულ ინტერესებთან თანხვედრაში. რეალურად საქართველოს პრობლემის საწყისი კი, სწორდ ეროვნული ინტერესების, თითოეული მოქალაქის მხრიდან გაუცნობიერებლობაშია და არა რომელიმე პოლიტიკოსის აზროვნების  ან მიდგომების თავისებურებაში (ეს უკვე  შედეგია).
დღევანდელი მოცემულობა ასეთია: საზოგადოება გახლეჩილია, მომავალი ბუნდოვანი, უახლესი წარსული კი გაურკვეველი - ამ დრომდე ვერ შევთანხმებულვართ გასული 24 წელი, ცუდი იყო თუ კარგი. აქაც ჩვენი თანხმობა მხოლოდ მცირე ნაწილშია. ყველა ვთანხმდებით რომ ცუდი იყო 90-იანი წლების დასაწყისი მაგრამ 90-იანების ბოლოდან მოყოლებული დღემდე ვერ შევთანხმდით. სავარაუდოდ ვერც შევთანხმდებით, რადგან არ გვაქვს ჩვენ დღეს ამის ფუფუნება. არ გავქვს მრავალი ფაქტორის გამო და ეს ფაქორები პირველ რიგში კავშირშია ისევ და ისევ ეროვნულ ინტერესებთან, რომლის მიზანიც, არცერთ ქართველს მკაფიოდ არ აქვს ჩამოყალიბებული და გარკვეული. ასევე ჩვენი ქვეყნის გარეთ არსებობენ ძალები, რომელთაც ძალიან არ უნდათ რომ ჩვენ ეს ინტერესები ჩამოვიყალიბოთ და მიზნისაკენ მოძრაობა დავიწყოთ. ერთადერთი რაზეც ყველა ვთანხმდებით ეს არის ის რომ ვართ ქართველები - მორჩა და გათავდა! რას ნიშნავს ქართველობა და ა.შ. არავინ არ ვიცით!

ამასწინათ ისე, თავშესაქცევი ფიქრისას ვფიქრობდი, კაცობრიობის ისტორიაში მნიშვენლოვანი აღმოჩენების ავტორებს რა კანონზომიერება აერთიანებდათ და გამახსენდა ადრე ნანახი დოკუმენტური ფილმი, ასეთ პიროვნებებსა და აღმოჩენებზე, რომლის მთავრი არსიც პრაქტიკულად იმაში მდგომარეობდა რომ ეს ადამიანები არ ექვემდებარებოდნენ ავტორიტეტებს! მათი წარმატების მთავრი მაპროვოცირებელი იყო ის რომ  - ავტორიტეტების თუ ავტორიტეტული სწავლებების მიმართ, რევიზიონისტული დამოკიდებულება ჰქონდათ. ასე იყო დაწყებული ჯორდანო ბრუნოდან და დამთავრებული აინშტაინით. დასავლეთის ცივილიზაციამ ამ ადამიანთა ცხოვრებიდან დასკვნა გამოიტანა და იმისათვის რომ შეიქმნას მუდმივი პროგრესის პროცესი, «მოიგონა» ან მიაკვლია  (თქვენთვის როგორც უფრო მოსახერხებელი) «სიტყვის თავისუფლების» ფუნქცია. გათავისუფლდა დოგმებისგან და შედეგად რაც მიიღო ყველა ვხედავთ. რა მდგომარეობა გვაქვს ამ მხრივ ჩვენ, ქართვეელბს? ჩემი სუბიექტური აზრია რომ - კატასტროფული! ჩვენში ყველაფერი ავტორიტეტულია - თეატრი, მსახიობი, სასულიერო პირი, პოლიტიკოსი, კანონიერი ქურდი, მომღერალი. ყოველ მათგანს ჰყავს თავისი მიმდევრების მთელი კასტა, რომელიც არაფრის დიდებით არ შეხედავს კრიტიკული თვალით საკუთარ კუმირს. მისგან მოწოდებულ აზრს კი ყოველგვარი ფილტრაციის გარეშე აღიქვამს, რაოდენ დიდი სისულელეც არ უნდა იყოს, არავითარი განსჯა, უბრალო მორჩილება. ყველაზე მეტად დაჩაგრულები ქართულ საზოგადოებაში «ჩვეულებრივი» ადამიანი და მეძავები რჩებიან. მთელი საზოგადოება დაზაფრულია ავტორიტეტების ურთიერთობით და იმის მხარეს არიან ვინც უფრო მეტად შეაშინებს. ეს არის კონკრეტული მოცემულობა რომელიც დრევანდელ ქართულ საზოგადოებას სჭირს და ასე იქნება მანამდე, ვიდრე არ მოვიშორებთ მიდგომას - რომ არ შეიძლება ვიღაც სახალხო არტისტი გააკრიტიკო საკუთარი იდიოტური საქციელის გამო, იმიტომ რომ ის «სახალხო არტისტია» ან მომღეარლია და ა.შ. მაშინვე მისი თაყვანისმცემელთა კასტიდან, გადმოგიხტება ვინმე ხმალამოწვდილი ფანი და გკითხავს - შენ რა გაგიკეთებია იმაზე მეტი რომ აკრიტიკებ? - რა გინდა რომ ასეთ სისულელეზე უპასუხო? ვერაფერს ვერ ეტყვი… (ბევრს ალბათ "კუკარაჩა" გაახსენდა) არც ღირს იმის ახსნა რომ არ ხარ ვალდებული ვიღაცას ტაკიმასხარობის გამო, ფიანდაზად გაეგო და უპირობო ავტორიტეტად აღიარო, მით უმეტეს სახელმწიფო საქმეებსა და საერთოდ სხვა სფეროში, სადაც თავდამსხმელის კუმირს, არავითარი კომპეტენცია არ გააჩნია. კიდევ უფრო უარესად არის საქმე როდესაც საქმე სასულიერო პირებს ეხებათ - ისეთი «განუკითხავი რამეა» ეს ფენომენი რომ საშინლად რისკავ, თუ კი ამ თემაზე ლაპარაკს იწყებ ისე როგორც ეს «იქ» არ არისი მიღებული - პირველ რიგში კი ეს ქცევისა და აზროვნების სტანდარტები იწვევს კითხვას. პირად ურთიერთობებში ხშირად შემიმჩნევია რომ «მამაოზე» ისე ლაპარაკობენ თითქოს ის იყოს ღმერთი. 
 ჩვენში ავტორიტეტი არ არის იდეა. ჩვენ გვჭირდება განკაცებული ავტორიტეტი რომ მიგვითითოს, შეგვიფაროს, ქვეშევრდომად გვაგრძნობინოს თავი. ერთგვარი მაზოხისტური მიდგომაა არა? ჯერ სად ხართ უარესი დიაგნოზი მაქვს ქართველი ერისთვის - ქართველი ერი თავისი დღევანდელი მოქმედებით ნარკომანს მაგონებს, რომელმაც იცის რომ ვნებს ის რასაც აკეთებს მაგრამ მაინც აკეთებს. თან წუწუნებს, თავბედს იწყევლის, ცუდად არის მაგრამ მაინც იკეთებს… რატომ?  

Комментариев нет:

Отправить комментарий