სხვადასხვა პოლიტიკური ფიგურები ლაპრაკობენ, საქართველოს უმაღლესი ხელისუფლების წარმომადგენლების, პუტინთან შეხვედრის შესაძლებლობის შესახებ.
გუშინ ირინა იმერლიშვილის განცხადებას გადავაწყდი რომ თურმე პრეზიდენტი მზად არის პუტინთან შესახვედრად, თუმცა პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსისა და იმერლიშვილის განცხადებები გარკვეულ პირობებს ასახელებენ რომელთა გათვალისწინების შემთხვევაში შეიძლება ასეთი შეხვედრა შესდგეს. გუშინ ამ განცხადებას რომ გავეცანი, ისე ჩემთვის გავიფიქრე - "მერე, მერე, რომ გაიგო ირაკლიმ რა სთქვა" - თქო და აგერ მისმა განცხადებამაც არ დააყოვნა. გაგიკვირდებათ და ღარიბაშვილიც მზად ყოფილა პუტინთან შესახვედრად.
ყველაზე უცნაური კი ამ განცხადებების შინაარსში არის ის რომ ორივე ერთხმად აცხადებს - იმისათვის რომ შედგეს ასეთი შეხვედრა, საჭიროა რუსეთ-საქართველოს შორის არსებული მდგომარეობის შესწავლა და ანალიზიო. რომელიც ჩემის აზრით კიდევ ერთი მაჩვენებელია იმის რომ რუსეთთან მიმართებაში, წინა პერიოდში გაკეთებული განცხადებები და ეგრედ ნაქებ-ნადიდები "დალაგების" პოლიტიკა საერთოდ არ არის საქართველოს ხელისუფლების მიერ შემუშავებული ერთიანი სტრატეგიის ნაწილი. ეს რომ ასე იყოს მაშინ დღევანდელ ხელისუფალთ არ უნდა გასჭირვებოდათ პუტინის ამ ცინიკურად მზრუნველ განცხადებებზე კონკრეტული და მკაფიო პასუხის გაცემა. საქართველოს ხელისუფლების ორივე უმაღლესი რანგის ფიგურა, გონზე არ არის რა შეიძლება მოჰყვეს ამ შეხვედრას და საერთოს უნდა შეხვდნენ თუ არა. ისთი შთაბეჭდილება დამრჩა რომ წარმოდგენა არ აქვთ რა ხდება რუსეთ-საქართველოს შორის. მაგრამ ეს ხომ მართლაც ასე არ არის და მშვენივრად იციან რაც ხდება და როგორც ხდება. ისიც ძალიან კარგად იციან (ნუ ერთერთმა ამათგანმა მაინც იცის) რაზე ლაპარაკობდნენ აბაშიძე-კარასინი და ძალიან კარგად იციან რა ნაბიჯების გადადგმას აპირებს რუსეთი საქართველოსთან მიმართებაში. უბრალოდ ის რაც ამათ იციან, არის ის რაც უთხრა კარასინმა და არავითარი საკუთარი სამსახურების მიერ მომზადებული ანგარიში არ გააჩნიათ.
აქ ცალკე აღნიშვნას იმსახურებს ამ საკითხით ქართველი ჟურნალისტის დაინტერესება და ამ შეკითხვის დასმა პუტინისთვის. ჩემი სუბიექტური აზრია რომ უკრაინელი ჟურნალისტის (გვარი აღარ მახსოვს სამწუხაროდ) მსგავსად, ქართველ ჟურნალისტსაც შეეძლო არ დაესვა ასეთი არაფრის მომცემი შეკითხვა და მაგალითად ეკითხა - რა იცის პუტინმა კარასინი-ბაშიძის შეხვედრების შესახებ?! დარწმუნებული ვარ საინტერესო რაღაცეებს გავიგებდით. უმრავი საკითხებია რომელიც ამ არაფრის მაქნისი ხელისუფლების წევრების პუტინთან შეხვედრაზე გაცილებით საინტერესო და საჭირბოროტოა.
მოკლედ არ ვიცი ვინმე წავა თუ არა ამ გიგანტურ არარაობასთან შესახვედრად მაგრამ რაც არ უნდა იყოს, ამ ყველაფერმა აჩვენა რომ საქართველოს ამჟამინდელი ხელისუფლება და შესაბამისი სამსახურები არ აწარმოებენ ქვეყნის წინაშე მდგარი ყველაზე დიდი საფრთხის საჭირო მონიტორინგს. ეს არის მთავარი და არა ის რომ შეხვდებიან თუ არა. მგონია რომ შეხვედრა მაინც არ შედგება მაგრამ ერთადერთი რატომაც შეიძლება ასეთი შეხვედრა შესდგეს, ეს იქნება პურტინის მიერ გადადგმული ნაბიჯი შიდა მოხმარებისთვის. აჩვენოს რუსებს რომ რუსეთი იბრუნებს იმპერიის დაკარგული გავლენის ზონებს და ჩართოს საკუთარ პროპაგანდაში ქართველი ხელისუფალნი. ამას თუ გააკეთებენ ღარიბაშვილი ან მარგველაშვილი დარწმიუნებული ბრძანდებოდეთ რომ მათ ნებაყოფლობით თანხმობა განაცხადეს პუტინის მიერ წარმოებულ პიარ კამპანიაში მონაწილეობის მიღებაზე, რომელის მიზანიც პუტინისთვის სავარძლის შენარჩუნება იქნება!

Комментариев нет:
Отправить комментарий