ამ კითხვას პასუხი მარტივად და ყველასთვის გასაგებ ენაზე უნდა გაეცეს, რომ პირველ რიგში რიგითმა მოქალაქემ გააკეთოს სწორი აქცენტები! კოლექტივიზაციის დროინდელი „ობივატელისთვის“ მაქსიმალურად გასაგები
რიმ ყოფილიყო კოლექტიური შრომის ფასი, სულნათელმა ნოდარ დუმბაძემ, მისი ნაწარმოების მთავარ გმირს ერთ დიდი ქოთანში მოახარშინა მთელი სოფლის სამყოფი ლობიო და შემდეგ დაანგარიშებინა რამდენად იაფი და მომგებიანი იყო ეს. ვიდრე, ყველას ცალ ცალკე, რომ მოემზადებინა საჭმელი. ჰო და მეც ასე მარტივად შევეცდები საკუთარი სათქმელის გადმოცემას!
ზოგადად პატარა ქვეყანა არ შეიძლება იaყოს მდიდარი, თუ ის გლობალური, გახსნილი ეკონომიკური სივრცის ნაწილი არ არის. ამისათვის, კი პირველ რიგში ეს ქვეყანა უნდა გაიხსნას ცივილიზებული გლობალური სამყაროსათვის. რაღა თქმა უნდა თუ კუვეიტს არ ვიგულისხმებთ, სადაც „ნავთობი მოსახლეობის სარდაფებშიც კი გამოჟონავს“! საქართველო ძალიან პატარა ქვეყანაა, უაღრესად მცირე რაოდენობის მოსახლეობით, რომ აქ დიდმა ბიზნესმა იბატონოს. ამას თან ერთვის მძიმე კომუნისტური მემკვიდრეობა, რომელიც არა მარტო მოსახლეობის დიდი ნაწილის მენტალობას განსაზღვრავს დღემდე, არამედ მძიმე ტვირთად აწევს ახალი ქართული ბიზნესის ჩამოყალიბებას. სავალდებულო არ არის, რომ საქართველო მსოფლიოს მაკროეკონომიკის მამების აკვნად გადაიქცეს. მაგრამ, პირველ რიგში, რიგითმა მოქალაქეებმა „ფულის შოვნის“ ნაცვლად, ბიზნესის კეთება უნდა ისწავლონ! ამას კი სათანადო განათლება და საჭირო უნარჩვევების ჩამოყალიბება ჭირდება! ზუსტად აქ არის დამარხული ძაღლის თავი!
მოდით ზოგადი მაგალითებით ვიხელმძღვანელოთ, რომ ყველასთვის მარტივად გასაგები იყოს ჩემი ნათქვამი:
დიდი შრომის შედეგად გავერანებულ ქვეყანაში მოხერხდა მეტნაკლებად დიდი, მაგრამ უაღრესად საჭირო ფინანსური რესურსების აკუმულირება. ამის გამო, ბუნებრივად, ნებისმიერი ხელისუფლებისთვის დაისმებოდა კითხვა: როგორ გამოვიყენოთ და რაში მოვიხმაროთ ეს რესურსი!?
საწყისი პირობა ასეთია: გავერანებული, დაქცეული ეკონომიკა და შესაბამისად გაღატაკებული და დამშეული მოსახლეობა.
პოპულისტი მთავრობა, რომლის მთავარი საფიქრალი ქვეყნის კეთილდღეობა კი არა, შემდეგ არჩევნებში გამარჯვებაა, თანხის ნაწილს თვითონ შეჭამდა. ხოლო, მეორე ნაწილს დაურიგებდა მოსახლეობას – ერთბაშად გაზრდილი პენსიების, გაზრდილი სახელფასო დანამატებისა და დიდი პრემიების სახით; შექმნიდა ბიზნესის დასაფინანსებელ საინვესტიციო ფონდებს, საიდანაც პირდაპირი ფულადი ტრანჟების სახით დააფინანსებდა ძირითადად მისდამი ლოიალურად განწყობილ ამომრჩეველს. სხვადასხვა სახისა და მასშტაბის ბიზნესის წამოსაწყებად. მაგრამ, აქვე უნდა ითქვას, რომ ბიზნესისთვის საჭირო განათლებისა და უნარჩვევების არ მქონე მოქალაქეებისთვის ამ ფულის მიცემა გამოიწვევდა მხოლოდ რესტორნების ბრუნვის მკვეთ ზრდას და ავტო ბაზრობებზე გაყიდვების მკვეთრ მატებას – „ქართველი ფულის მშოვნელი“ ხომ ბანკიდან ფულით გამოსული ჯერ რესტორანში გარბის და მხოლოდ მეორე დღეს, პახმელიაზე იწყებს ამ ფულის ოპტიმალურად გამოყენებაზე ფიქრს. რაღა თქმა უნდა, თუ რამე დარჩა რესტორანში „ყირამალაზე გადასვლის“ შემდეგ! საჭირო ტრაქტორის ნაცვლად, კი ჯერ ბე–ემ–ვეს ან მერსედესს იყიდის უთუოდ.
ანუ, ფაქტიურად მთელი ეს აკუმულირებული თანხები წყალში გადაიყრებოდა და სიკეთის ნაცვლად ქვეყანას როგორც ეკონომიკურ, ასევე ახალ სოციალურ პრობლემებს შეუქმნიდა! ბევრი იკითხავს – რატომო? რატომ ბატონებო და ეკონომიკა, ისევე როგორც ბუნება მკაცრად დადგენილი კანონების შესაბამისად არსებობს და სენტიმენტები მისთვის უცხოა! ის შეცდომებს არ პატიობს! ეკონომიკაში ყველა პროცესი ბაზარზე მოთხოვნა მიწოდების ბალანსს ეფუძნება! როდესაც ქვეყანაში არ ხდება მთლიანი შიდა პროდუქტის (მშპ) ზრდა, ანუ ეკონომიკის განვითარება, ახალი პროდუქციისა და მომსახურეობის შექმნა და ამის საპირისპიროდ ხდება თუნდაც პენსიების მკვეთრი პოპულისტური ზრდა, ეკონომიკა ამაზე შემდეგნაირად რეაგირებს:
თუ, პენსიის გაზრდამდე პენსიონერი თავისი ერთი თვის პენსიით ყიდულობდა ას პურს, პენსიის გაორმაგების პირობებში თითქოს უნდა შესძლოს ორასი ცალი პურის ყიდვა!? მაგრამ, ეკონომიკა რომ არ გაიზარდა ორჯერ და ქვეყანაში არ გამოცხვა პურის ორმაგი რაოდენობა, ანუ მოთხოვნა გაიზარდა ბაზარზე, მაგრამ მის შესაბამისად არ გაიზარდა მიწოდება; ერთი პურის ღირებულება მკვეთრად გახდება მინიმუმ ორმაგი. ამავე დროს, თუ უარყოფითად იმოქმედა სპეკულიატიურმა და ინფლაციურმა პროცესებმა, ერთი პურის ღირებულება გაორმაგების ნაცვლად შეიძლება გასამმაგდეს კიდეც! ანუ, მთავრობის მხრიდან ესოდენ არასტრატეგიული, პოპულისტური ქმედების გამო, რიგითი პენსიონერი, მიუხედავად იმისა, რომ გაორმაგებული პენსიით იყიდოს ორჯერ უფრო მეტი პური, ვერ იყიდის იმ რაოდენობასაც კი, რომლის ყიდვის საშუალებაც მას ქონდა პენსიის გაორმაგებამდე! და სოციალური ფონი ქვეყანაში მნიშვნელოვნად დამძიმდება!
აი ამას ვგულისხმობდი როდესაც ვამბობდი – „დღეს გავძღეთ და ხვალ ქვა ქვაზე არ დარჩენილათქო“!
ახლა, მიუბრუნდეთ იმ თემას, რომელშიც აქცენტები ეგრეთწოდებულ „მიშას ტაშ–ფანდურზე და ფასადურ მშენებლობებზე“ იქნება გაკეთებული. პირველ რიგში ისევ ყოფილ მიხეილ სააკაშვილს დავესეხები და ვიტყვი: „მოქალაქეებს თევზის ნაცვლად ჯობია ანკესი უყიდოთ და ვასწავლოთ თევზის ჭერა“! ამ ფრაზაში მთავარი აქცენტები თევზის ჭერის სწავლებაზეა გაკეთებული!
აღნიშნულ საკითხში და გავერანებული ეკონომიკის პირობებში პრაგმატული და არა პოპულისტი მთავრობა, მთავარ აქცენტებს ინფრასტრუქტურულ პროექტებზე აკეთებს! რამე, თუ ეკონომიკის განვითარება გამართული ინფრასტრუქტურის გარეშე შეუზლებელია! და ქვეყანაში თუ არ გაიზარდა გამოცხობილი პურის რაოდენობა, როგორც არ უნდა გაუზარდო პენსიონერს ყოველთვიური პენსია ის იმაზე მეტ პურს მაინც ვერ იყიდის რამდენსაც პენსიის გაზრდამდე ყიდულობდა!
დავანებოთ თავი ისეთ სტრატეგიულად მნიშვნელოვან თემას როგორიც იყო გზების დაგება და პირდაპირ სხვა მაგალითზე გადავიდეთ:
გულზე ხელი დავიდოთ და ისე ვთქვათ: ვარდების რევოლუციამდე უცხოელებს კი არა, რამდენ ქართველს გვახსოვდა, რომ საქართველოში იყო ისეთი ქალაქი, როგორიცაა სიღნაღი? მოდით ისიც ვთქვათ, რომ ათი ათას დოლარად, რევოლუციამდე იქ თითქმის ნებისმიერ, მეტ–ნაკლებად ნორმალურ სახლს იყიდიდით. დღეს იგივე სახლის ყიდვას, საშუალოდ ათჯერ მეტი დასჭირდება! გარდა ამისა, ქალაქის „ფასადურმა“ რეკონსტრუქციამ გამოიწვია ნამდვილი ტურისტული ბუმი. არა მარტო სიღნაღში, არამედ მის მიმდებარე დასახლებულ პუნქტებშიც! ამის გამო, თუ მანამდე იქ არსებული უბრალო სახინკლით მეპატრონე ოჯახსაც კი ვერ ინახავდა, რეკონსტრუქციის შემდეგ მისი ობიექტი მაღალრენტაბელურ საზკვების ობიექტად გადაიქცა! პირველ რიგში იმიტომ, რომ მკვეთრად გაიზარდა მოთხოვნა ხინკალზე. გარდა ამისა, გაიზარდა ამ ობიექტის კაპიტალიზაცია და ლიკვიდურობის მაჩვენებელიც! ეს კი იმას ნიშნავს, რომ, თუ მანამდე ობიექტის მეპატრონე სურვილის შემთხვევაში, ან საერთოდ ვერ გაყიდიდა საკუთარ ბიზნესს, ან კაპიკებში გადააგდებდა; ახლა, მას არც გაყიდვა გაუჭირდება და რეალიზაციითაც მინიმუმ ათჯერ მეტ თანხას მიიღებს!
ანუ, ყბადაღებული „ფასადური“ მშენებლობის შედეგად ბიზნესს მნიშვნელოვანი სტიმული და განვითარების საშუალება მიეცა! რის შედეგადაც, ზოგადად სოციალური ფონიც მნიშვნელოვანწილად გაუმჯობესდა!
იგივე მაგალითია თბილისის „პლეხანოვის“ შემთხვევა და რამდენი კიდევ მრავალი! მოდით ისიც ვთქვათ გულახდილად, რომ ადამიანის ბუნება ისეთია სულ უფრო მეტი უნდა! აქედანაა გამოწვეული ის უკმაყოფილება – რატომ მხოლოდ ფასადები და ბინების ინტერიერიც არ გაგვირემონტეთო!? მერწმუნეთ ბინების გარემონტების გარდა, ყოველ მობინადრეს სახელმწიფოსგან თითო ახალი მერსედესიც რომ მიეღო საჩუქრად მაინც მოძებნიდა უკმაყოფილების მიზეზს! შემდეგ უფასო საწვავს მოითხოვდა საკუთარი ახალი ავტომობილისთვის და ლოგიკა ასეთი იქნებოდა: „მანქანა რად მინდა შეგ თუ ვერაფერი ჩავასხიო“!?
ასე, რომ მანქანებზე და მასში ჩასახმელ ბენზინზე ბიუჯეტის განიავებას „ფასადურმა“ მშენებლობამ აჯობა! ანუ, ადამიანმა მიიღო ანკესი და ისწავლა თევზის ჭერა! მანქანისა და ბენზინის ფულს კი თევზის გაყიდვითაც მშვენივრად მოახერხებს!
ორი სიტყვა „ტაშ–ფანდურზეც“ მინდა ვთქვა: თუ გახსოვთ, რევოლუციამდე პატრიოტის ყველაზე საყვარელი სიმღერა იყო – „ჩემო კარგო ქვეყანავ, რაზედ მოგიწყენია“! ანუ წარუმატებლობისა და გულდაწყვეტილობის განსახიერება, რომელშიც ნათელი მომავალი სადღაც, მიუწვდომლად შორს იყო! მიშას დროს კი ყველაზე ხშირად ჟღერადი სიმღერა საქართველოს ჰიმნი გახდა! რომელიც სიტყვებითაც და მოტივითაც წარმატების და წინსვლის სიმბოლოა! ამით ის მინდა ვთქვა, რომ განსაცდელში მყოფ კაცს თუ არ შეუძახე, შეიძლება ხელები ჩამოუშვას და საბოლოოდ ჩაიმუხლოს! დღეს ყველაზე ძალიან ის არ მომწონს და ის მიმაჩნია ცუდ სიმპთომად, რომ საქართველოს ჰიმნი მთავრობის ოფიციალური მიღებების გარდა აღარსად ისმის! არა და სულ ცოტა ხნის წინ მას რესტორნებშიც კი უკვეთავდნენ და ყველას ეამაყებოდა ფეხზე წამოდგომა და თავის ამაყად აწევა! ასე, რომ რასაც პესიმისტები „ტაშ–ფანდურს“ უწოდებთ, ჩვენთვის ოპტიმისტებისთვის იმას სტიმული და საბრძოლო ყიჟინა ქვია!

Комментариев нет:
Отправить комментарий