ბოლო დღეების ერთერთ ყველაზე აქტუალურ თემას, მოსკოვში გამართულ ხუბუტიას "თბილისობასა" და მასში მონაწილე ქართველი მომღერლების შესახებ, უკომენტაროდ ვერ დავტოვებ. პირველი რაც უნდა ვთქვა ეს არის ის რომ პირადად ჩემთვის მიუღებელია ის რაც გააკეთეს "ჩვენმა" მომღერლებმა. ისეთივე მიუღებელია როგორც ერისიონის კრემლის სცენაზე გამართული ტლინკაობა.
ნურავის ნუ უკვირს თუ ამ ყველაფერს ასეთი ელფერი ეძლევა. დაუკვრიდით ხალხნო, ვიზე ვლაპარაკობთ - რუსეთზე! რომელიც ჩვენი ქვეყნის, ჩვენი სახელმწიფოებრიობის მტერია და ხუბუტია მისი ერთგული მუშაკი.
გუშინ გრიგოლიას გადაცემაში ყური მოვკარი, სამწუხაროდ ვერ ვხედავდი ვინ იყო ის ქალბატონი, რომელმაც ასეთი რამ თქვა რომ ჩვენი მომღერლები, რომელიმე კორპორატიულ წვეულებაზე რომ ყოფილიყვნენ წასულები, გავიგებდიო და არ იქნებოდა ეს ამდენად დასაძრახიო, მაგრამ აი ხუბუტიას დაკრულზე ცეკვას ვერაფრით ვერ გავიგებო. ვეთანხმები ამ ქალბატონს სრულად.
გარდა ამისა ერთი მინიშვნელოვანი საკითხი არ გამხდარა აქტუალური მთელი ამ განხილვების ფარგლებში. ჩვენი ღვაწლმოსილი "კულტურის წარმომადგენლები" რატომ ვერ სცდებიან პოსტსაბჭოთა სივრცეს? ამაზე რატომ არ ვფიქრდებით? რატომ არ მიუთითებთ ამ "ხელოვნებს" რომ მათი ხელოვნება არის მდარე ხარისხის და ის მხოლოდ იქ იყიდება, სადაც მასზეა მოთხოვნა. პროტესტი ქართველი მომღერლების მოსკოვში "გასტროლებზე" არა მხოლოდ იმით არის გამოწვეული რომ მტერთან ჩახვედით, არამედ იმითიც რომ თქვენი მაგალითით პრეცედენტებს ქმნით და თქვენ ამის უფლება არ გაქვთ.
კიდევ ერთი საკითხი, რომელიც ასევე აქტუალური უნდა გამხდარიყო ამ ყველაფერთან ერთად, არის იმ ბიზნესმენების საკითხი, რომლებიც აღფრთოვანებულები არიან რუსეთთან "დათმობის" პოლიტიკით და სიხარულით გარბიან რუსულ ბაზარზე ან პირიქით, იქიდან შემოაქვთ პროდუქცია. რატომ არ ვამბობთ იგივეს ამ ბიზნესმენებზე? ბიზნესმენები ამ მომღერლებზე უარესს აკეთებენ, მტრისთვის დოვლათს ქმნიან, რაც გაცილებით სერიოზული დანაშაულია. მაგრამ ბიზნესმენების პროპაგანდისთვის გამოყენება ძნელი საქმეა. მათ არ უყვართ ტელეკამერები და ხშირ შემთხვევაში არ არიან ისეთი ცნობილი სახეები როგორებიც "კოლტურის წარმოადგენლები". ამიტომაც რჩებიან ყურადღების მიღმა.
და კიდევ ერთი საკითხი - საერთოდ რატომ ვლაპრაკობთ ამ თემაზე? რატომ გვჭირდება ერთმანეთსითვის იმის მტკიცება რომ მტერთან თანამშრომლობა ნებისმიერი ფორმით, ნებისმიერი პროფესიის ადამიანსთვის (გარდა დიპლომატებისა რომლებიც კონკრეტულად ამ მიმართულებაზე არიან პასუხისმგებლები) და ნებისმიერი მოტივით, არის მავნებლობა საკუთარი ქვეყნის მიმართ. რატომ არიან ადამიანები, რომლებიც მტერთან თანამშრომლობისკენ მოგვიწოდებენ, იმდენად მნიშვნელოვანი ფიგურები რომ მათი მოწოდებები ერმა უნდა იღოს ყურად?
ნუთუ ვერ ვხდებით პრობლემის არსს? ის რაც მომღერლებმა გააკეთეს არის პრობლემის შედეგი და არა პრობლემა. პრობლემა ის არის რომ მათ და სამწუხაროდ არა მარტო მათ, ძალიან ბევრ რიგით მოქლაქესაც, რუსეთის მიმართ არ აქვთ დამოკიდებულება როგორც მათი ქვეყნის მტრისადმი. ჩემი სუბიექტური აზრია რომ პრობლემის არსი არის ეს და სხვა დანარჩენი ყველაფერი, მისი შედეგია. ამდენი უბედურების შემდეგ რაც ამ ქვეყანამ ჩვენს ქვეყანას გაუკეთა, როგორ შეიძლება ითვლებოდეს ნორმალურად მასთან რაიმე სახით თანამშრომლობა და კავშირები?
ეს არ არის ჯანსაღი საზოგადოების დამოკიდებულება საკითხისადმი და ამავე დროს, ეს საკითხი ყველაზე მეტად მნიშვნელოვანია, რადგან მასზეა დამოკიდებული ქვეყნის მომავალი!

Комментариев нет:
Отправить комментарий