Страницы

пятница, 15 августа 2014 г.

რუსეთის მიერ საქართველოს ინკორპორაცია - ადმინისტრაციული რეფორმა

რუსეთის ხელისუფლება დარწმუნდა, რომ ქართველი ხალხი და მისი მმართველი ელიტა ასე ადვილად ვერ შეურიგდებოდა დემოკრატიულობის დაკარგვას, რომ საჭირო იყო უფრო მოქნილი პოლიტიკის გატარება, ადგილობრივი თავად - აზნაურების აქტიური ჩაბმა სახელმწიფოს მართვის პროცესში, მათი გადმობირება. ეს აზრი იმპერატორ ნიკოლოზ I - საც განუმტკიცდა მას შემდეგ, რაც 1837 წელს თბილისში ჩამოვიდა, შეხვდა თავად - აზნაურობას, მთელი საღამო იცეკვა

მეჯლისზე მართა სოლოღაშვილის ქალთან და ქართველ თავადებს მეფურ წყალობას დაპირდა.

   ნიკოლოზის მოხელეებმა შეისწავლეს საქართველოს მართვა - გამგეობის ისტორიული გამოცდილება, დარწმუნდნენ, რომ საჭირო იყო, რუსული დესპოტია უფრო ასატანი გაეხადათ, ამიტომაც ოკუპაციის პირველი წლების სალდაფონური მართვის წესები შეცვალეს. თუკი ადრე არსებობდა კავკასიის მთავარმართებელი ,,ექსპედიციების'' უფროსები, მაზრების კაპიტან - ისპრავნიკები, რომლებიც ძირითადად რუსი მოხელეები იყვნენ და უხეში ფორმით განაგებდნენ ქვეყანას, ახლა ადგილობრივი თავად - აზნაურები ყველგან დანიშნეს რუსი მოხელეების თანაშემწეებად, გარკვეულწილად შეინარჩუნეს ვახტანგ VI - ის სამართალიც კი. მაგრამ რაც დრო გადიოდა, ყველგან რუსული მმართველობის სისტემა და კანონები ინერგებოდა, თანდათან ადგილობრივ სასამართლოებში ქართული ენა მთლიანად გამოიდევნა საქმის წარმოებიდან.
    უფრო ლოიალური რომ გაეხადათ ქართველი პრივილეგირებული წოდება, ქართველი თავადაზნაურობა უფლებებში იმპერის ცენტრალური გუბერნიის თავადაზნაურობას გაუტოლეს, მისცეს გარკვეული თვითმმართველობის უფლებაც (შეიქმნა სათავადაზნაურო საკრებულოები, ინიშნებოდნენ ,,მარშლები'').
   არ შეიძლება სპეციალურად არ შევჩერდეთ რუსეთიდან საქართველოში სამართავად მოვლინებული კადრების ,,ღირსებებზე''. საქართველოსა და კავკასიაში მოდიოდნენ ,,ბედიას მაძიებლები'' - რუსეთში სახელგატეხილი, გამდიდრების იმედით წამოსული, კორუმპირებული მოხელეები, რომლებიც სისხლს სწოვდნენ ადგილობრივ მოსახლეობას. რიგითი ჩინოვნიკები კი არა, გუბერნატორებიც კი გამოირჩეოდნენ მექრთამეობით, მომხვეჭელობით, უზნეობით, ზოგიერთი კი აშკარა კრიმინალი იყო.  ქუთაისის გუბერნატორმა ლევაშოვმა და მისმა მეუღლემ გაძარცვეს დასავლეთ საქართველოს ეკლესია - მონასტრები, ქართველ ხალხს მოპარეს ისტორიული საგანძურის თვალსაჩინო ნიმუშები (მაგალითად, გელათის სახარების მოჭედილობა, გელათის ოქროს ჯვარი, ხახულის კარედის მინანქრის ნაწილები და ა.შ.).
  იმპერიის ერთიან ორგანიზმში კავკასიის უფრო ორგანული ჩართვის მიზნით, ნიკოლოზ I - მა გადაწყვიტა კავკასიის სამეფისნაცვალოს შექმნა, რომლის ხელმძღვანელი უშუალოდ იმპერატორს დაემორჩილებოდა, გარკვეული ავტონომიაც ექნებოდა და უფრო მოქნილად განახორციელებდა კავკასიის დაბყრობის საკმაოდ რთულ პროცესს. ამ თანამდებობაზე გამოცდილი დიპლომატის, მიხეილ ვორონცოვის დანიშვნა (1844) მოასწავებდა ახალეტაპს კავკასიის სრული ინკორპორაციის საქმეში. კავკასია დაიყო თბილისის, ქუთაისის, ერევნის, ბაქოსა და განჯის გუბერნიებად. მეფისნაცვალი მიხეილ ვორონცოვი განსაკუთრებულ მნიშვნელობას ანიჭებდა ქართველი თავადების აქტიურ ჩაბმას არამარტო საქართველოს, არამედ კავკასიის მართვის სტრუქტურებში, კავკასიის რუსული არმიის ხელმძღვანელობის მნიშვნელოვან თანამდებობებზე ქართველებიც ინიშნებოდნენ. მ. ვორონცოვის ხელშეწყობით გაიხსნა პირველი პროფესიული ქართული თეატრი, გამოსვლა დაიწყო ქართულმა გაზეთებმა და ჟურნალებმა.
   რუსეთის იმპერიისათვის კავკასიის მნიშვნელობის განსაკუთრებულ ზრდაზე მიუთითებს ის, რომ 1862 წელს კავკასიის მეფისნაცვლად სამეფო ოჯახის წარმომადგენელი - დიდი მთავარი მიხეილ ნიკოლოზის ძე რომანოვი (იმპერატორის ბიძა) დანიშნა. მან თავისი მოქნილი პოლიტიკით შეძლო ქართველი თავადაზნაურობის გულის მოგება. ამასთან, მას არ შეუცვლია რუსეთის იმპერიის ძირითადი და მაგისტრალური პოლიტიკა კავკასიაში - რუსეთის გეოსტრატეგიული ინტერესების განმტკიცება, მხარის რუსიზაცია, პრორუსული ეთნოსების ჩამოსახლება საქართველოს საზაზღვრო ზოლში, მხარის ეკონომიკური ათვისება. მაგრამ ყველაფერ ამას ახალი მეფისნაცვალი ჩინებულად უხამებდა ევროპული კულტურის ელემენტების დამკვიდრებასაც. განსაკუთრებით სახე იცვალა ამიერკავკასიის დედაქალაქმა - თბილისმა. ის ძველი ფეოდალური ქალაქიდან სულ უფრო კაპიტალისტურ ქალაქს ემსგავსებოდა.
   მიხეილ რომანოვს ძალიან მოსწონდა საქართველო, ხშირად დადიოდა ქართული ჩოხა - ახალუხით. რომანოვების სამეფო ოჯახმა შეიძინა ბორჯომი და მისი ხეობა, სადაც უნიკალური მინერალური წყალი - ბორჯომი მოჩქეფდა. აქ ლიკანში, მიხეილ რომანოვმა ააშენა ჩინებული საზაფხულო რეზიდენცია და შექმნა გამართული კაპიტალისტური მეურნეობა. მოგვიანებით დაიწყო ბორჯომის წყლის სამრეწველო ათვისებაც, რომელიც უკვე XIX საუკუნის ბოლოს რუსეთის იმპერიის ყველაზე ცნობილი მინერალური ბრენდი გახდა. 
   XIX საუკუნის შუა ხანებში რუსეთის ადმინისტრაციული მართვის სტრუქტურა ძირითადად უკვე ჩამოყალიბებული იყო. საქართველოს მეფის - რუსეთის იმპერატორის ადმინისტრაციული წრე განრიგით საქართველოს ყველა ისტორიული მიწა ქართულ გუბერნიებს დაუქვემდებარეს (ბორჩალო, ლორე, საინგილო შედიოდა თბილისის გუბერნიის შემადგენლობაში; აფხაზეთი, სვანეთი, სამეგრელო, გურია - ქუთაისის გუბერნიის შემადგენლობაში), რითიც მართალია ვირტუალურად, მაგრამ ფაქტობრივად ხაზგასმული იყო საქართველოს ტერიტორიული მთლიანობა ისტორიულ საზღვრებში.

   ადმინისტრაციულ სიახლებთან და რეფორმებთან ერთად მეფის ხელისუფლება ნედლეულით და სამრეწველო პოტენციალით მდიდარ მხარეს ეკონომიკურადაც ითვისებდა.

ავტორი:
ალექსანდრე იაკობიძე

Комментариев нет:

Отправить комментарий