სამხრეთ კავკასია და საქართველო რუსეთისათვის მარტო გეოსტრატეგიულად მნიშვნელოვანი რეგიონი არასოდეს ყოფილა, რეგიონის უსაზღვრო მატერიალური სიმდიდრეებიც იზიდავდა რუს ოკუპანტებს. თავდაპირველად ის, რაც უკვე ცნობილი იყო: ღვინო, ხილი, სანელებლები და აბრეშუმი, ვერცხლი სპილენძი. შემდეგ უკვე ის, რაც ახლად აღმოჩნდა და განსაკუთრებით უნიკალური გახდა: ნავთობი, მარგანეცი, ქვანახშირი. რუსეთისათვის კავკასია თავიდანვე
მიმზიდველი იყო, როგორც მისი ეკონომიკური განვითარებისათვის უაღრესად აუცილებელი ბაზარი. იმედოვნებდნენ, რომ რუსეთის სავაჭრო კაპიტალი აქტიურად აითვისებდა ამ ახალ რეგიონს, მაგრამ რუსი ვაჭარი არ გამოირჩეოდა განსაკუთრებული აქტივობით კავკასიის რეგიონში, უფრო ადგილობრივი ვაჭრები აქტიურობდნენ და რუსეთთან ვაჭრობაში უკეთესი სალდო ჰქონდათ.
მდგომარეობის გამოსწორება შეღავათიანი ტრანზიტის დაწესებით სცადეს (1821 - 1831) და ვარაუდობდნენ, რომ მისი დახმარებით მოახერხებდნენ კონტინენტური ევროპის ფაბრიკული საქონლის ერანში მოზღვავებას, რაც გამოდევნიდა რეგიონიდან ინგლისს, უზრუნველყოფდა ევროპული კაპიტალის მოზიდვას, მხარის ეკონომიკურ ათვისებას, ხელი შეეწყობოდა ნედლეულის პირველად გადამუშავებას. ამ ღონისძიებამ, მართლაც, ხელი შეუწყო საქართველოში უცხოური საქონლის იმპორტს: 1822 წელს ის გაიზარდა 12% - ით, ხოლო 1823 წელს, 21% - ით. მაგრამ ამ ღონისძიებამ რუსეთის ხელისუფლების იმედი ვერ გაამართლა, რუსი ვაჭრები უარეს მდგომარეობაში აღმოჩნდნენ, უცხოელი და ადგილობრივი ვაჭრების კონკურენციას ვერ უძლებდნენ, ამიტომაც შეღავათიანი ტრანზიტი დროზე ადრე გააუქმეს.
რეგიონში რუსეთის დამკვიდრების შემდეგ გარკვეული მშვიდობის დამყარებამ, მოსახლეობის ზრდამ, რუსეთის არმიის მუდმივმა ყოფნამ ქვეყანაში გარკვეულად ხელი შეუწყო ეკონომიკის განვითარებას, სასაქონლო - ფულადი ურთიერთობების გააქტიურებას. მართალია ეკონომიკის საფუძველი, უპირველეს ყოვლისა სოფლად, იყო ფეოდალური რენტა, გლეხის ტრადიციული ვალდებულებები, მაგრამ შედარებითმა სიმშვიდემ ქვეყანაში წინ წასწია აგრალური სექტორი. 1801 - 1805 წლებში აღმოსავლეთ საქართველოში დამზადდა 112 ათსი ფუთი სასაქონლო პური. 1821 - 1861 წლამდე აღმოსავლეთ საქართველოში პურეული ნათესების რაოდენობა 47 ათასიდან 157 ათას ჰექტარამდე გაიზარდა.
ყოველწლიურად იზრდებოდა ტრადიციული მეღვინეობის ეკონომიკური შესაძლებლობები. ახალმა ვითარებამ მოითხოვა ევროპული წესით დაყენებული ღვინის წარმოება. ყურძნის წარმოების ახალ წესებს ნერგავდნენ თავის მამულებში პროგრესულად მოაზროვნე მემამულეები. თავადი ალ. ჭავჭავაძე (წინანდლის მამული) თავადი დიმ. აფხაზი (კარდენახის მამული), ივ. კერესელიძე, ბარონი ნიკოლაი და სხვ.
განსაკუთრებული მოთხოვნა იყო ქართულ აბრეშუმზე. კახეთში აბრეშუმისათვის თუთის პლანტაციები სისტემატიურად იზრდებოდა. იყო მცდელობა მეაბრეშუმეობის ამხანაგობის შექმნისაც კი. მეაბრეშუმეობა ძირითადათ იყო საოჯახო წარმოება, რაც დამატებით შემოსავალს აძლევდა რიგით გლეხს.
საქართველოს მთიან რეგიონებში შესამჩნევად განვითარდა მესაქონლეობა, თუმცა ტრადიციული - მომთაბარე ალპიური ფორმებით.
საქართველოში პოლუპარული დარგი იყო და XIX საუკუნის დასაწყისიდან კიდევ უფრო დაწინაურდა მეთამბაქოეობა. კახელი მემამულეები ანდრონიკაშვილები წარმატებით ითვისებდნენ თურქული ჯიშის თამბაქოს წარმოების ტექნოლოგიას, ყოველწლიურად ზრდიდნენ ნათესებს. თამბაქოს წარმოება ადგილობრივ, საქართველოს ქალაქებშიც ხვდებოდა.
საქართველოს ქალაქებში იმჟამად ძირითადად ხელოსნური წარმოება იყო განვითარებული. XIX საუკუნის პირველ მესამედში ხელოსნები გაერთიანებულნი იყვნენ ამქრებში. თბილისის მოსახლეობაში ხელოსნები 1805 წელს 30% - ზე მეტს შეადგენდნენ. გორში - მოსახლეობის 29% - ზე მეტს და ა.შ. მიუხედავათ იმისა, რომ ქართული საამქრო სტრუქტურები კოლონიალური ხელისუფლების მიმართ გამოირჩეოდნენ ლოიალურობით, რუსეთის კოლონიალური ხელისუფლება 30 - 40 - იანი წლებიდან უკვე იღებს ეკონომიკურ კურსს, რომელიც ეწინააღმდეგება საქართველოს ხელოსანთა ინტერესებს: საქართველოში შემოდის იაფი რუსული საფაბრიკო პროდუქცია, გარკვეულ შეღავათებს იღებენ უცხოელი მეწარმეები, რომლებიც თბილისში ევროპული გემოვნებით დამზადებული ტანსაცმლის, ავეჯის, ფეხსაცმლის სახელოსნოებს ხსნიან. კონკურენციამ ადგილობრივ და ჩამოსულ ხელოსნებს შორის პერმანენტული ხასიათი მიიღო.თბილისელი ხელოსნები უკმაყოფილება აისახა ხელოსნების აჯანყების დროს (1865).
კოლონიარული ხელისუფლება, საკუთარი ინტერესებიდან გამომდინარე, გარკვეულად ხელს უწყობდა ახალი ყაიდის, შედარებით მოზრდილი სამრეწველო საწარმოების ფუნქციონირებას. ეს საჭირო იყო ადმინისტრაციული ამოცანების, ჯარის ინტერესებისათვის რასაც უკვე ვერ აკმაყოილებდა ხელოსნური წარმოება. საქართველოში იყო ცდები ნედლი აბრეშუმის ახლებურად გადამამუშავებელი საწარმოების დასანერგად, რუსეთის მზარდი არმიის ინტერესებს ემსახურებოდა ალკოჰოლიანი სასმელების წარმოების ევროპულად ორგანიზება, იყო მცდელობა საქართველოში შაქრის წარმოების ქარხნული ორგანიზაციის, გადაიდგა (არაერთხელ) ნაბიჯი საქართველოს სხვადასხვა კუთხეში მინის წარმოების განსავითარებლად. საქართველოში შეიქმნა სამშენებლო მასალების საწარმოები, რომელიც საქალაქო მეურნეობებს ამარაგებდნენ მაღალხარისხოვანი სამშენებლო მასალით.
ეს საწარმოები წარმოადგენდნენ მარტივ, კაპიტალისტური ტიპის კორპორაციას, რომელშიც აქტიურად იყენებდნენ თავისუფალ შრომას, ახდენდნენ შრომის დანაწილებას და ფაქტობრივად მანუფუქტურულ სახეს აძლევდნენ წარმოებას. ზოგიერთ მანუფაქტურაში, მართალია იყენებდნენ, მანქანებს და სპეციალისტებს, მაგრამ შრომა ძირითადათ მაინც ხელით სრულდებოდა. მაგალითად, ზუბალაშვილის შაქრის ქარხანაში 30 - 60 დაქირავებული მუშა მუშაობდა. წარმოების შედარებით დიდი მაშტაბებით გამოირჩეოდნენ ალავერდისა და შამბლუღის სამთო - მეტალურგიული ქარხნები, სადაც XIX - ს. 40 - 50 - იან წლებში დასაქმებული იყო 300 - მდე - კაცი.
ეკონომიკურმა განვითარება უზრუნველყო საქალაქო ცხოვრების ინტესიფიკაცია. ქალაქებში მოსახლეობა გაიზარდა. თბილისში XIX საუკუნის პირველ ნახევარში 60 ათასამდე კაცი ცხოვრობდა. ქუთაისსა და ახალციხეში - 10 ათას კაცზე მეტი; გორში, სიღნაღსა და თელავში - 10 ათასამდე; სოხუმში, ფოთში, ახალქალაქსა და სხვა ქალაქებში 3 ათასამდე. ქვეყნის ეკონომიკური განვითარების კვალდაკვალ საქალაქო ცხოვრება კიდევ უფრო დინამიური გახდა.
ავტორი:

Комментариев нет:
Отправить комментарий