Страницы

понедельник, 7 февраля 2022 г.

იქნება თუ არა ომი აღმოსავლეთ ევროპაში


ამ მოცმეულობაში, რომელშიც ახლა ვართ, ყველაზე აქტუალური კითხვაა - დაიწყება თუ არა ომი, აღმოსავლეთ ევროპაში? 
არსებული მდგომარეობის გათვალისწინებით, რომელსაც ახლა თვალს ვადევნებთ, ერთი შეხედვით ზემოთ დასმულ კითხვაზე ცალსახა პასუხი უნდა იყოს, რომ ომი გარდაუვალი გახდა რუსეთის პოზიციის გამო! ამ შემთხვევაში კი აქტუალურია ის, თუ რა მასშტაბის იქნება ეს ომი!? 
 მოლოდინია, რომ თუკი რუსეთი დაიწყებს ომს უკრაინაში, ეს იქნება მეორე მსოფლიო ომის მსგავსი ბრძოლები, თავისი მასშტაბითა და მასაზე გათვლილი სტრატეგიით. რუსეთის არმიის საბრძოლო სტრატეგია 2008 წლამდე, მართლაც მასით მიწოლაზე იყო აგებული და იმეორებდა მეორე მსოფლიო ომის სტრატეგიას, თუმცა ახლა ასე აღარ არის და ტყუილად გვაქვს მოლოდინი, რომ ომი უკრაინაში ფართომასშტაბიანი იქნება იმდენადვე, რომლის აჩრდილი დღემდე არ მოსცილებია ევროპას. 
ჩემი სუბიექტური მოსაზრებით, ახლა ასეთი ომის წარმოება წარმოუდგენელია, მით უმეტეს რუსეთის ეკონომიკისა და იმ ტექნოლოგიური განვითარების პირობებში,  რომელსაც მიაღწია კაცობრიობამ მეორე მსოფლიო ომის შემდეგ. წარმუდგენელია იმიტომ, რომ თანამედროვე ბრძოლის ველზე ასეთი მასით ადამინების გაყვანა ზეტექნოლოგიური შეიარაღების წინააღმდეგ, სრული აბსურდია თანაც მაშინ, როდესაც დღეს წარმოუდგენელია ადამიანებს ისეთივე თავდადება აიძულო, როგორადაც ამას ახერხებდნენ მეორე მსფლიო ომისას, წითელი არმია თუ ფაშისტური გერმანია, არ აქვს მნიშვნელობა რა მეთოდებით, დღეს ეს ვეღარ მოხდება! გარდა ამისა ახლა უკვე მოცემულობაშია ბირთვული იარაღი, რომელიც კარდინალურად ცვლის საბრძოლო მოქმედებების სცენარსა და სტრატეგიას, შესაბამისად რუსეთს ახლა ნამდვილად არ აქვს იმხელა ომის წამოწყების შესაძლებლობა, რომ იგივე მასშტაბის პრობლემა შექმნას, რაც ჰიტლერმა შეუქმნა კაცობრიობას, თუმცა არანაკლები თავის ტკივილია ბირთვულ ქობინიანი პუტინი და ეს თავის ტკივილი, პირველ რიგში მისი უახლოესი მეზობლების თავის ტკივილია. 
 
 ჩემი სუბიექტური მოსაზრებით, პუტინის რუსეთი ახლა ისეთ მდგომარეობაშია, რომ დიპლომატიით უკან დასახევი გზა არ აქვს, ნებისმიერი დათმობა იმ ულტიმატუმიდან რომელიც დააყენა, პუტინის პირად მარცხად იქნება აღქმული. მოსკოვში ისიც კარგად უწყიან, რომ ასეთი პოლიტიკური ბრძოლიდან დათმობებით გასვლა, ნიშნავს შიდა პოლიტიკური გავლენის შემცირებასა და შედეგად, პუტინის ძალაუფლებისთვის ჩამოცილებას, რასაც ახლა რუსეთის პოლიტიკური ელიტა არ დაუშვებს. ამიტომ ნებისმიერ შემთხვევაში პატარა და გამარჯვებად შერაცხადი ომი უნდა აწარმოოს კრემლმა. ასეთად კი შესაძლოა იყოს დონბასზე  საბრძოლო მოქმედებების განახლება, რომელიც სეპარატისტული რეგიონების, რუსეთის მხრიდან აღაირებით დასრულდება და ჩაითვლება რომ პუტინი გამარჯვებული გამოვიდა, რადგან ტერიტორიები მიიმატა. თუმცა ეს იქნება მათთვის თავის მოტყუება მაგრამ ეს სხვა საკითხია და ახლა აქ ჩაღრმავებას ამ საკითხში აზრი არ აქვს.  ანუ ეს იქნება 2008 წლის საქართველოში განხორციელებული ინტერვენციის სცენარის განმეორება, შესაბამისი შედეგებით. 
ჩემი წარმოდგენით თუკი რამეს უნდა ველოდოთ სწორედ ეს სცენარი იქნება განვითარებული, მხოლოდ აქ რუსების გათვლის ჩაშლა უკრაინის ხელში იქნება და შესაძლოა უკრაინა წავიდეს ვა ბანკზე და ისეთი სახის ზიანი მიაყენოს რუსეთს, რომ ეს ამოცანაც გადაუჭრელი გახდეს. 
ერთი რამ უნდა ავღნიშნო აუცილებლად - რადგან რუსეთია, აპრიორი არ ნიშნავს იმას რომ ბრძოლა, მისი კარნახით წარიმართება. აქ უკრაინელებს აშკარა ფსქიოლოგიური უპირატესობა აქვთ როგორც დაცვაში მდგომ არმიას და ასეთი პროვოკაციის შემდეგ, იმ მომენტში როდესაც რუსეთი დეესკალაციაზე დაიწყებს ლაპარაკს და შეეცდება გაყინიოს კონფლიქტი მორიგ ჯერზე, შესაძლოა უკრაინელები აღარ გაჩერდნენ და რუსების "უჩინმაჩინი არმიის" საჩვენებელი დასჯა მოაწყონ!

თუ დავუშვებთ რომ რუსეთმა, ჯერ კიდევ 2014 წელს შემუშავებული გეგმის განხორციელება დაიწყოს და უკრაინაზე სამი მიმართულებიდან მიიტანოს იერიში, რომლის მთავარი მიზანი იქნება შავი ზღვის სანაპიროს მთლიანი ოკუპაცია, ბელორუსიიდან დნეპრის გასწვრივ ქვეყნის ტერიტორიის სიღრმეში შესვლა, რომელიც საჭიროა დონბასის ამჟამად ოკუპირებული და არაოკუპირებული ტერიტორიების, უკრაინისგან სრულად ჩამოჭრისთვის. ასეთ შემთხვევაში კიდევ უფრო დიდი კითხვის ნიშანი ჩნდება - ამის შემდეგ რას აპირებს რუსეთი, პოლონეთის გაყოფას და ისევ იმ საზღვრებზე გასვლას, რომელიც მოთხოვნილი აქვს ულტიმატუმში? 
ამის შემდეგ რას აპირებს რუსეთი ძნელი წარმოსადგენია რადგან ასეთ დროს მისთვის უმნიშვნელოვანესი იქნება პოლონეთის ტერიტორიისა ნაწილის გაკონტროლება რაც პირდაპირ NATO-სთან ომს ნიშნავს ეს კი ძალიან დიდი პრობლემაა რუსეთისთვის და მარტო, ამაზე არასოდეს არ წავა...

ერდერთი რამ, რაც დიდი ომის საფრთხეს რეალურს ხდის ეს არის ჩინეთ, ირანი, რუსეთის ერთობლივი შეთანხმებული მოქმედება თავისი ე.წ.  "გავლენის ზონებში". თუ დაუკვირდებით, დაახლოებით ასეთი მოცემულობაც არის შექმნილი: ჩინეთი - თითქმის ომის ზღვარზეა ტაივანთან და იქ საკმაოდ აქტიური ტაქტიკური გადაადგილებები მიმდინარეობს, როგორც ჩინეთის მხრიდან, ისე ტაივანის და აშშ-ის მოკავშირეების მხრიდან. კიმ ჩენ ინის საიანვრო გავეშება და დიდი რაკეტების სროლაც, ჩინეთის ამ კონტექსტის პოლიტიკურ მესიჯად უნდა აღვიქვათ. ირანი - ახლო აღმოსაველთში ძალიან გააქტიურებულია, განსაკუთრებით ერაყისა და იემენის ტერიტორიებზე. იემენელი ჰუიტების მეშვეობით დიდ პრობლემა შეუქმნა ემირატებსა და მის სუნიტ მოკვშირეებს. ირანთან მიამრთებაში ასევე აქტუალურია და ჯერ კიდევ არ არის გადაჭრილი ბირთვული პროგრამის საკითხი, რომელიც ასევე ძალიან დიდი პრობლემაა მთელი მსოფლიოსთვის. და ბოლოს რუსეთი - რომლის ქმედებებიც ჩემი მკითხველისთვის უკვე ცნობილია! 

როგოროც ვხედავთ, ომი აღმოსავლეთ ევროპაში გარდაუვალია და ამ ომის წინა პირობა არ შეუქმნია არავის და არფერს, გარდა რუსეთისა. რომელიც ახლა თავისი პროპაგანდის მეშვეობით, ცდილობს თავი მსხვერპლად მოაჩვენოს საკუთარ მოსახლეობას და ირაციონალური შიშის გამოყენებით, სანგრებში ჩაყაროს ისინი, რაც კიდევ ერთი დიდი შეცდომაა, კრემლის სტრტეგების მიერ შემუშავებულ გეგმაში. 
მგონია რომ მათ წარმოდგენაში - საზოგადოებრივი განწყობები, მანიპულირებადი მოცემულობაა ყველა ასპექტში, რაც ყველა მმართველის, ყველა დროის, ყველაზე დიდი შეცდომაა! 

მაშ ასე, პასუხი ცალსახაა  - ომი იქნება! კითხვა ის არის, რამდენად დიდი იქნება ეს ომი? - ამ კითხვაზე კი პასუხი ჯერ არ გვაქვს და ნებისმერი უმცირესი ინციდენტი შეძლება გახდეს, დიდი ბრძოლების დაწყების კატალიზატორი რადგან ცვლადები ძალზედ ბევრია საიმისოდ, რომ პრგნოზირების სიზუსტეზე გვქონდეს პრეტენზია!   

Комментариев нет:

Отправить комментарий