Страницы

пятница, 22 марта 2019 г.

ემიგრანტის ჩანაწერი - "ვიყავი ლიეჟში... მოგიყვებით…"

შესავალი - საქართველოს პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის პირველი რეზონანსული შეხვედრა ქართველ ემიგრანტებთან, ბელგიურ ქალაქ ლიეჟში, თავისი ფორმითა და დადგმული პროვოკაციით,
ნიშანდობლივი ნაწილი იყო მთელი იმ პროცესის კონტექსტში, რომელიც ამ ადამიანის პოლიტიკურ მოღვაწეობას უკავშირდება. 
 ყოველთვის არის ასეთი შეხვედრებისას იმედგაცრუება, გაუთვალისწინებლობა და ა.შ. თუმცა ისეთი მაშტაბის ე.წ. "ტიტუშკების" მობილიზება და კორცხელის ინციდენტის მსგავსი ინციდენტის პროვოცირება, რომელიც აშკარად საქართველოს მოქმედი ხელისუფლების მიერ, ამ შეხვედრის ჩაშლისა თუ მარგინალიზების მიზნით დაიგეგმა, თავისი მაშტაბითა და მიზნით იყო სრული მარაზმი, რომელმაც ალბათ დიდწილად განაპირობა ლიეჟეს შეხვედრის ატმოსფერო. შესაბამისად, ეს ყველაფერი ძალზედ საინტერესოა იმ რიგითი დამსწრის თვალით, რომელიც გარკვეული მიზნითა და იმედით მიდიოდა შეხვედრაზე... მაშ ასე, წაიკითეთ მარიკა მეგრელიშვილის მონათხრობი, რომელიც გერმანიაში მცხოვრები ქართველი ემიგრანტია და ბელგიის ქალაქ ლიეჟში, სხვა ქართველებთან ერთად, საგანგებოდ მიხეილ სააკაშვილთან შესახევდრად გაემგზავრა.
 ლადო ჩალათაშვილი


"ვიყავი ლიეჟში... მოგიყვებით…"
"შევწყვიტე ჩემი სამუშაო დღე, რადგან დაღლილი და არაკონცენტრირებული - გონებით ისევ ლიეჟში - ვიყავი. ბევრად უფრო პროდუქტიულად ეხლა ჩემს შთაბეჭდილებებს და ემოციებს გაგიზიარებთ. შევეცდები, ის ადამიანები და  ის ჯგუფები დაგანახოთ, რომლებიც ცნობილი ისტერიის ფონზე სამწუხაროდ შეუმჩნეველი დარჩნენ. პირველ რიგში ჩემს თანამგზავრებს წარმიგიდგენთ: ჩემმა პატარა "VW-Fox| მა ძალიან საინტერესო ადამიანები ჩაიყვანა ლიეჟში: თვითოეული მათგანი თავისი სოციალური ჯგუფის საუკეტესო სიმბოლო-წარმომადგენელია: 

ზაური - შტუთგარტიდან ბონამდე 350 კილომეტრი მატარებლით გამოიარა, რომ შემდეგ ჩვენთან ერთად ლიეჟში წამოსულიყო. ზაური ქართველი ქურთია, რომელმაც რუსეთში ისწავლა, საქართველოში დაბრუნდა, ქართული მეტყველება აღიდგინა, ქართულ ჯარში იმოღვაწა, სახელმწიფო დაცვაში იმუშავა, მიშას მერე ჯერ საფრანგეთში და შემდეგ გერმანიაში წამოვიდა, აქ კი მერე ოჯახიც შექმნა და სარგებლიანი საქმიანობაც წამოიწყო. როგორც ზაურიმ გვითხრა, ის მიშას "ფანია" და ამ კაცის გამო ყველგან წავა, საქართველოშიც დაბრუნდება, ყველგან წაყვება... ამ თემის ირგვლი განსაკუთრებით მგრძნობიარე ვარ და მთელი გზა მქონდა ის განცდა, რომ ზაურის სახით მე ის ადამიანები მიმყავდა ლიეჟში, ვინც ეთნიკური არაქართველობის მიუხედავად გაცნობიერებულად საქართველოს მოქალაქეები გახდნენ. ამ ფონზე ძალიან ემოციური იყო ჩემთვის, როცა დარბაზის თვალიერებისას ერთი მუსულმანური ჩაცმულობის ქალბატონიც აღმოვაჩინე, რომელიც იქ თავის მეუღლესთან ერთად იმყოფებოდა, შემდეგ გავარკვიეთ, რომ ეს წყვილი აფხაზეთიდან იყო. 
კახა - რამოდენიმე თვეა, რაც გერმანიაში / მიუნხენში ცხოვრობს, ენა არ იცის და არც ქვეყანას იცნობს ისე, რომ თავისუფლად იმოძრაოს, თუმცა მის ლიეჟში ჩასვლის სურვილს ვერაფერი ვერ აფერხებს. "დაიკო, ნუ დამტიებ, წამიყვანე, უარს ნუ მეტყვიო" მითხრა ასე, გურულად, მერე მთელი ღამე ავტობუსით იარა, დილაუთენია ბონში ჩამოვიდა და ყავა, შოკოლადები, გურული იუმორი და ხმამაღალი პოლიტიკური სულისკვეთება ჩამოგვიტანა. კახა ავღანეთში და ქართულ ომებში ნაბრძოლი, თურქეთში და დუბაიში ნამუშევარი და ოჯახში ისეთი უბედურება-გამოვლილია, რომ მოსმენისას სუნთქვა შეგეკვრება და იმაზეღა დაიწყებ ფიქრს, როგორ მონახა გამოსასვლელი ბილიკი, ან საიდან იღებს ძალას, რომ ჰქონდეს პოლიტიკური აზრი, პოლიტიკური მოლოდინები და ასეთი დაუოკებელი სურვილი - დაიცვას მიშა. 
და მანია - მიზანმიმართული, დისციპლინირებული ახალგაზრდა გოგო ბერლინიდან, რომელიც უკვე ათწლეულებია მუშაობს საკუთარ თავზე. მან გადახედა ლიეჟის დღის წესრიგს, გადახედა თემებს, ჩათვალა, რომ ეს მისი თემებია, ძალიან უცბად გადაწყვიტა, დაჯავშნა ბილეთი, ჩაუჯდა თავის წლების ნაკვლევს - საქართველოს განათლების სისტემის სხვა სისტემებთან შედარება-შეფასებას, გააკეთა რეზიუმე, შეამოკლა, შეამოკლა და შეამოკლა, ჩამოაყალიბა ხედვები და დაგეგმა სიტყვით გამოსვლა. მანია იმ ემიგრანტთა სახეა, ვისაც ემიგრაციის გადაწყვეტილება არასოდეს არ მიუღია, ის საქართველოდან წავიდა იმიტომ, რომ მის თვალწინ კარი გაიღო. ამ ადამიანებს არასოდეს არ გაუწყვეტიათ საქართველოდან მასაზრდოებელი ჭიპლარი და ყოველთვის ემზადებოდნენ საქართველოსთვის, მიუხედავად იმისა რომ ყოველი წინგადადგმული ნაბიჯით და ყოველი ზრდით ამ საქართველოს შორდებოდნენ... და ის ერთი მომენტი,მიშას მომენტი ჰქონდათ საქართველოსთან ისევ დაახლოების...
და მე, - რომელსაც მანიას კატეგორიის ადამიანებთან რაღაცნაირი ბედით-ნათესაური გრძნობები მიჩნდება და ამიტომ ზუსტად ვიცი, რომ ჩვენი წასვლა იქ საჭიროა, მიუხედავად იმისა, რომ საშინლად დასტრესილი ვარ, ვერანაირ ტექსტს ვერ ვასწრებ, საკუთარი თავიც არ მომწონს და ფორმაშიც ვერ ვარ, თავს იმით ვიმშვიდებ, რომ ჩემს აზრს თუ ვინმე შემეკითხება, მაშინ ჩამოვაყალიბებ  ისე ნაუცბათევად, ვჯდები მანქანაში, უთენია ვხვდები კახას, მერე ზაურს, მერე მანიას აეროპორტში და ამინდის პროგნოზის უნახავად (რაც ჩვეულებრივ შემთხვევაში წარმოუდგენელია) განუწყვეტლად თავსხმა წვიმაში მივდივარ ჩემს თანამგზავრებთან ერთად ლიეჟესკენ ...(თან ჯორჯინა მენატრება და ვნანობ, რომ არ წამოვიყვანე).
ჩავედით ლიეჟში და წვიმამაც მაშინღა გადაიღო. სანამ შევალთ, ჯერ იმას მოგიყვებით კიდევ ვინ მოგვყვებოდა, ამ "ვინ" ს ნობათის სახე ჰქონდა. ფეისბუქ-კომუნიტის ერთერთ აქტიურ წევრს ხათუნა გეგეჭკორს ქართული პროდუქტების ონლაინ-მაღაზია აქვს გახსნილი პლატფორმით www.geofein.de, მიუნხენში ცხოვრობს და ტყუპების ამაყი დედაა. გულდაწყვეტით გადაწყვიტა, რომ ვერ შეძლებს წამოსვლას, სამაგიეროდ, უცბად შეკრა ქართული პროდუქტების ნობათი მიშასთვის, სასწრაფოდ აფრინა ჩემთან და მთხოვა, როგორმე დასასრულისკენ გადამეცა, რომ სადმე არ დარჩენოდა. ძალიან გამათბო ამ ნობათის გამოჩენამ. რაღაცნაირად, გაზრდილი ადამიანის ნაბიჯია, რომელიც მის სიბრტყეში განიხილავს თავის პრეზიდენტს, მით უმეტეს, როცა ეს პრეზიდენტი დევნილია და ეს გარემოება მასზე ზრუნვის, მისი დაცვის მოთხოვნილებას აჩენს. ჩემი ღირსების დავალებათ აღვიქვი ამ ნობათის პირადად გადაცემა, მაგრამ წინაღობად ისევ ის ცნობილი ისტერია დამხვდა, ამ ისტერიამ ყველანაირი ადამიანთაშორისი ემოცია გამოაცალა ორგანიზატორებს, რომელთა დავიწროვებული ხედვა, მხოლოდღა საფრთხის შეცნობაზე იყო მომართული. ვერავის ვერ გავუღვიძე გრძნობა, რომ ეს ნობათი რაღაც განსაკუთრებულია, აი, ხელნაწერი წერილივითაა, არავის აღარ ეცალა ამისთვის... ბოლოს კი, მიშასთან მისვლაც შეუძლებელი გახდა და ჩემი ღირსების ამოცანა აღარ დავახურდავე მესამე პირებზე გადაცემით. ვიფიქრე, მათ უფრო დარჩებოდათ სადმე, ვიდერ მიშას. ხათუნას კი ცოტა ხანში პირობა მივეცი, რომ მის ნობათს მისი პრეზიდენტი აუცილებლად მიიღებს...

ჩავედით.
მიწისქვეშა ავტოსადგომის მცველს ჯადოსნური სიტყვა "ჯორჯია" ვუთხარით და მისი კეთილგანწყობილი ღიმილით კიდევ უფრო მოტივირებულებმა ჩავიყვანეთ ჩვენი VW FOX ი სასახლის ავტოფარეხში, თან იქიდან ჯგუფჯგუფად გამოსულ, მშობლიური ტემპერამენტით მოსაუბრე, დროშა-მომარჯვებული ქართველებს ვათვალიერებდით.
იქვე ვხვდები სოფის, ფრანქფურტში მცხოვრებ ძალიან კარგ ქართველს, რომელსაც მისი არაქართველი ქმარი მოაცილებს. და არ გეგონოთ, რომ ქმარი მხოლოდ მოაცილებს, სოფის ინტერნაციონალური ოჯახი აქტიურად ცხოვრობს ქართულ პოლიტიკურ ცხოვრებას. იგივე უნდა ვთქვა მზიაზე, მასწავლებელზე შტუთგარტიდან - ადამიანი-პოზიტივი, რომლის ასევე მასწავლებელი მეუღლე საქართველოში ქართველზე მეტი მოქეიფე ხდება - "გიტარით ხელში და სუფრიდან სუფრაზე". დარბაზის თვალიერებისას ვამჩნევ, რომ ისიც აქ არის, მზიას გვერდით... და საერთოდ,  ჩვენს რიგებში ძალიან ბევრი შერეული წყვილია - შემდგარი, მყარი, რეალიზირებული ოჯახებით, რომელთა იქ ყოფნას თავისი განსაკუთრებული გზავნილი აქვს.
ერთი ქართველი წყვილიც არ მავიწყდება, შუა ხნის, ერთმანეთის მიმართ იშვიათი თბილი და მზრუნველი დამოკიდებულებით: შესასვლელში გავიჭედეთ ერთად, ცოტა ხანში გავიგეთ, რომ პარალელურ რეჟიმში და იქვე გაჩაღებული ისტერიის გამო ნაწილ-ნაწილ უნდა შევიდეთ და რეგისტრაცია გავიაროთ...
ვეღარ ვსუნთქავ. იქვე, წინ მდგომ, ადგილობრივი დაცვის წარმომადგენელს ვანიშნებ და ვთხოვ, ამიხსნას, რა ხდება. ის, უარესად გაკვირვებული, თანაგრძნობით მიყურებს და მანიშნებს, რომ ეს მისი გადაწყვეტილება არაა... სოფისთან და მის მეუღლესთან საუბარი როგორღაც გადამატანინებს ამ შევიწროვებულ, შეხუთულ სივრცეს და მათთან ერთად ამ ჩემს წინ მდგომ უთბილეს წყვილზე დაკვირვება. მიშას ჩვეულებრივი საღამო რომ ჰქონოდა,- აი, ისეთი, ცნობილი პოლიტიკოსები რომ აწყობენ ხოლმე მოღვწეობის მიწურულზე, სადაც ძალიან პირადი და ხელშესახები ხდებიან - ვფიქრობ, ეს წყვილი იქ უფრო დიდი სიამოვნებით იქნებოდა. ჩემს უკან უსიტყვოდ იხუთებოდა ომარ თურმანაულიც, რომელიც არ შეიძლება, რომ ვერ შეამჩნიო და რომელსაც მოგვიანებით, დარბაზში ყოფნისას ერთ ფოტოში მოვათავსებ ლეგენდარულ დოდონა კიზირიასთან ერთად,- ქალთან, რომლის მოგონებებს სიამოვნებით ვკითხულობ და ვოცდები მისი უნარით, ათწლეულების შემდეგ გააცოცხლოს უფაქიზესი დეტალები და მოგცეს შეგრძნება, რომ შენც იქვე, სულ ახლოს იყავი. ეს ორი ქართველი პირველ პრეზიდენტთან მიმართებაში სხვადასხვა მხარეზე მოიაზრებდა თავს. დღეს კი აქ არიან, ერთად- ამ დარბაზშიც და ჩემს ფოტოზეც. ერთის გზა სტრასბურგიდან მოდის, მეორესი - შეერთებული შტატებიდან.
დარბაზში კიდევ ერთ ნაცნობს ვხვდები, ხათუნას, რომელიც ბოლოს 2001 წლის ზაფხულში ვნახე, რომელიც ეხლაც ისეთივე მომხიბვლელია, როგორც ადრე...  ბევრი ვისაუბრეთ, კარგა ხანი მხოლოდ ის ვიცოდით, რომ ერთმანეთს დანამდვილებით ვიცნობდით...
ხათუნამ ზუსტად იმ დღეს, დღის პირველ საათზე გადაწყვიტა რომ - კი, იქ ყოფნა ნამდვილად სურს, ენდო არც- თუ- ისე- ბოლომდე- სანდო ნავიგაციას და თავსხმა წვიმაში შედგა ავტობანზე - დუისბურგიდან.
ერთად ვიჯექით, როცა შევამჩნიეთ, რომ სანდრაც იქ იყო. გაგვეხარდა.
გამეხარდა...
მე რაინლანდში ვცხოვრობ. რაინლანდი ფლემური (ფლანდრიული) მემკვიდრეობის, გამორჩეულად თავისებური, დანარჩენი გერმანიისგან ძალიან განსხვავებული გერმანიაა. ამ მიწას შექმნილი აქვს თავისი ტიპი - კაცთმოყვარე, კეთილი ქრისტიანის, რომელიც ზომიერი და საოცრად შრომისმოყვარეა, ბუნებასთან კავშირს არ ჰკარგავს, ზედმეტად არ ოცნებობს, მიწაზეც მყარად დგას და ამ სიმყარის არდაკარგვის მიზნით ზომიერია მიზნებშიც და მოლოდინებშიც. ამ ტიპს განასახიერებს ჩემთვის სანდრაც.
ყოველთვის, როცა არ ვეთანხმებოდი მიშას, ჩემს რეცეპტს ერქვა - მეტი სანდრა მიშას. იმ დარბაზში იყო ეს "მეტი სანდრა", მან სცადა საქმიანი და საგნობრივი გაეხადა შეხვედრა, ამისათვის შექმნა ინტელექტუალური კუთხე, წამოწია ჯანდაცვის თემა, წარმოადგინა კომპეტენტური ადამიანები, გააჩინა კითხვები, რომლებიც დაისვა კიდეც იქ მყოფი, სავარაუდოდ, მედიცინის სფეროში მოღვაწე ქართველებისგან და... ამის მერე ძალიან მალე ისევ ის ისტერიული შეჯგუფება, ყვირილი, გაძევება და ამ ყველაფრით კიდევ უფრო გამძაფრებული მოლოდინი მიშას გამოსვლის და შეკავებული ემოციების გამოშვების.
მე და მანია, ჩვენ-ჩვენთვის მივხვდით, რომ ამ ისტერიას ჩვენი საქმიანი დიალოგის მოლოდინი და მასთან ერთად მანიას მთელი კვირის შრომაც - მისი ხედვების პრეზენტაცია განათლების სისტემაში - ემსხვერპლა. რამოდენიმე დღის მერე აქამდე ჩემთვის უცნობი გიორგიც - კობლენც-ლანდაუს უნივერსიტეტიდან - მომწერს, რომ მანაც მსგავსი, მშვიდ გარემოში ინტერაქციის მოლოდინით და სურვილით იარა თავსხმა წვიმაში, იჯდა იმავე დარბაზში და იგივეს განიცდიდა.
მიშას საუბრის შემდეგ შეხვედრა მალე დამთავრდა. გამოვედით დარბაზიდან და კამერების წინ განათებულ ცნობილ სახეებს ჩავუარეთ. იქვე, ჩემს გვერდით ვიღაც ჩემს ფიქრებს ხმამაღლა ამბობს:
- კარგი იქნებოდა სხვებისთვისაც ეკითხათ აზრი...
- ზუსტად, - ვპასუხობ მე - აქ ყველაზე საინტერესო ჩვეულებრივი, საშუალო არითმეტიკული ემიგრანტია, მისი მოსვლის მიზანი, მოლოდინი და შეფასება...
ბოლოს ვთანხმდებით, რომ ჟურნალისტებიც ექსტრემალური რეჟიმიდან ვერ გამოდიან. ვთანხმდებით, მაგრამ არ მოგვწონს. ჩემი თანამოსაუბრე აღმოჩნდა ჩემი ვირტუალური მეგობარი მანინა- დოცენტი ჰაიდელბერგიდან. რუსთავი 2 ზე მოისმინა შეხვედრის შესახებ, მოიკითხა მსურველები და შეხვედრამდე ერთი დღით ადრე შექმნა თანამგზავრთა ოთხკაციანი ჯგუფი. სახლში დაბრუნებული მანინა ერთ საათში უდებს ორგანიზატორებს დეტალურ ანალიზს - პუნქტობრივად ჩამოყალიბებულ შეცდომებს, გაუთვალისწინებლობებს, რეკომენდაციებს. მანამდე კი მე ისევ ერთხელ ვბრუნდები თითქმის უკვე ცარიელ ჰოლში, რომ ბოლოჯერ ვცადო მიშას ადგილსამყოფელის გაგება და ამანათის გადაცემა, რაც უკვე ჩემი მისამართითაც ეჭვებს აჩენს. ასე იმედგაცრუებული და უკან მობრუნებული მოულოდნელად ვდგები გერმანული რადიოს გამოწვდილი მიკროფონის წინ...
საუბრის დაწყება არ მახსოვს,მაგრამ მახსოვს ჩემი ფიქრები, უკვე ვიცი, რომ ბევრი რამის თქმას ან არ-თქმას ვინანებ, ამავე დროს ვცდილობ საშინლად გადაღლილი გონების ამუშავებას.
ზუსტად მახსოვს ჩემი ხაზგასმა, რომ მთელი გულით ვუსურვებ ცალკე საქართველოს და ცალკე მიშას, მის სახლში დაბრუნებას და რომ მათ ჯერ კიდევ ბევრი რამ აქვთ გასავლელი. ვამბობ, რომ მიშას წაერთვა ყველაზე მთავარი რამ- ოჯახური თანაცხოვრების უფლება, რაც კონსტიტუციურად დაცულია, ასევე კონსტიტუციურად დაცულია მისი უფლება - თავისუფლად იმოღვაწეოს თავისი პროფესიით, იყოს პოლიტიკურად აქტიური. მას წაერთვა უფლება, უშუალოდ ესაუბროს ხალხს, პასუხი გასცეს მის წინააღმდეგ შეკერილ პროპაგანდას და დაიცვას მის მიერ შექმნილი ისტორია...
გერმანელ ჟურნალისტს კონკრეტულად ეს შეხვედრა აინტერესებს და მეკითხება, რას მოველი. ვამბობ და ვფიქრობ, რომ შეხვედრა, პირველ რიგში, ემოციური იყო, უფრო ვენტილის ერთი მოშვება დაგროვილი ფრუსტრაციის გამოსაშვებად. ვამბობ, რომ მიშა სწრაფი ცვლილებების სიმბოლოა და რომ იქ მოსულებს ცვლილების სურვილი ამოძრავებთ.
-იქნებ ეს მხოლოდ ნოსტალგიაა?- მეკითხება.
ვპასუხობ, რომ გარკვეული ნაწილისთვის შეიძლება ესეც იყოს, ნაწილი კი საქმიანი და საგნობრივია, მათ ნოსტალგია არ ატარებთ თავსხმა წვიმაში, ისინი მოდიან, რადგან სწრაფი ცვლილებების ახალი გამოცემა სჭირდებათ, ელიან, რომ ვინმემ ისევ აწიოს შესაძლებლობების ჩარჩო, სადაც თვითონ ინოვაციებით და ახალი იდეებით რეალიზდებიან....
რაღაც მომენტში ისიც ავუხსენი, რომ საქართველოში ოლიგარქის საპირწონე პოლიტიკური სიმძიმე გვჭირდება, (ამაზე გზაშიც ვფიქრობდი, ყოველ შემთხვევისთვის, ვინმემ აზრი რომ შემეკითხოს..).
ბოლოს თბილად და გულიანად დამემშვიდობა, - ეხლა მეც წავედი, მიშა უნდა მოვძებნო, ერთსაათიან ვრცელ ინტერვიუზე თანხმობა მომცა...
ერთი წამით ისევ ნობათი გამახსენდა, თუმცა სწრაფადვე  დავივიწყე, წამოვედი...
ახლად გაცნობილი თანამოაზრეები უკვე წასული დამხვდნენ....
ჩემი თანამგზავრები ქვემოთ მელოდებოდნენ,
ფარეხში "VW-FOX"-იც მალე მოვძებნეთ და ბელგიის განათებულ ავტობანზე შევდექით...
მომიხაროდა ჯორჯინასკენ..."

Комментариев нет:

Отправить комментарий