Страницы

среда, 3 февраля 2016 г.

ქართველთა მავნე დესანტი ევროსაბჭოში

არ მგონია ვინმეს ვერ შეემჩნია ქართული დელეგაციის ქცევა და განცხადებები, ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის ახლად არჩეული პრეზიდენტის სიტყვით გამოსვლის შემდეგ, რომელშიც გიგი
უგულავა პოლიტიკურ პატიმრად, რუსების მიერ დატყვევებული, ნადეჟდა სავჩენკოსთან ერთად მოიხსენია. ცალკე საკითხია უგულავას საქმის იურიუდიული დეტალები და მასთან მიმართებაში «აღდეგნილი სამართლიანობა» მაგრამ ფაქტია, ის რაც ქართული დელეგაციის  ხელმძღვანელმა, საქართველოს პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარემ თედო ჯაფარიძემ განაცხადა, ძნელად დასაჯერებელია «ემოციურ» ფონზე გაკეთებული განცხადება იყოს. იმ გამოცდილების ადამიანს, როგორადაც მას საკუთარი გუნდის წევრები წარმოადგენენ, წმინდად პოლიტიკური მოსაზრებებიდან გამომდინარე ემოციური გამოფრქვევა ჰქონოდა.
 სხვათაშორის ეს ის თედო ჯაფარიძეა რომელიც 2003 წელს, შევარდნაძის მთავრობის უშიშროების საბჭოს თავმჯდომარე იყო და ასევე ის პიროვნებაა, რომლის თანაავტორობითაც, 2012 წლის დასაწყისში რუს ექსპერტებთან ერთად შეიქმნა დოკუმენტი, NATO-ს ჩიკაგოს სამიტისთვის, რომელშიც სხვადასხვა კოლაბორაციონისტული მოსაზრებების გარდა, დაფიქსირებული იყო რუსული მხარის სურვილი, მომხდარიყო საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორებზე გამაგრებული, სეპარატისტული რეჟიმებისთვის «საერთაშორისო სუბიექტების» სტატუსის მინიჭება (იხ. 2012 წლის 16 თებერვლის, ტელეკომპანია «იმედის» ქრონიკის გამოშვება).
 ვიდრე გავაგრძელებდე ქართველთა მძიმეწონიანი დესანტის გმირობების შესახებ თხრობას, ორი სიტყვით უნდა ვთქვა ის თუ რას წარმოადგენს ევროპის საბჭო - ეს არის ევრო სტრუქტურებიდან ყველაზე ხანდაზმული ორგანიზაცია, რომელიც 1949 წელს დაფუძნდა და მისი ფუნქცია განისაზღვრება, წევრი ქვეყნებისთვის ადამიანის უფლებების დაცვისა და დემოკრატიის საკითხებში რეკომენდაციების შემუშავებითა და რეზოლუციების მიღებით. რომელთაც, წარმოდგენელი ქვეყნის პარლამენტართა და სპეციალურ მომხსენებელთა მოხსენების საფუძველზე იღებს. მისი გავლენის ქვეშ იმყოფება ევროპის ადამიანის უფლებათა სასამართლო.
  შესაბამისად ეს ნიშნავს იმას რომ თუ კი ქვეყნის წარმომადგენელი პარლამენტარი, დამაჯერებელი არგუმენტებით წარსდგება საბჭოს წინაშე და შესძლებს ოპოზიციური არგუმენტების გაბათილებას, საბჭოს რეზოლუცია იქნება მისი მოხსენების სულისკვეთების შესაბამისი, თანდართული რეკომენდაციებით. რა შუაშია აქ აგრამუნტი?! რომელმა ქართველმა პარლამენტარმა დაუმტკიცა მას და მის პოლიტიკურ ფრთას საბჭოში რომ უგულავას საქმე, პოლიტიკურად მოტივირებული არ არის? ევროპელები იქით იყოს და საქართველოს მოსახლეობისთვის ვერ დაუმტკიცებიათ უგულავას ბრალეულობა, ამიტომ სრულიად აფსურდული და სავალალოა ის რეაქცია, რომელიც უმრავლესობის წარმომადგენლებს ჰქონდათ პედრო აგრამუნტის განცხადების მიმართ. 
ამ კონტექსტში ალბათ უნდა გავიხსენოთ, უმრავლესობის ამჟამინდელი თავმჯდომარის ზვიად კვაჭანტირაძის განცხადებაც, რომელიც შარშან საქართველოს შესახებ კრიტიკული რეზოლუციის მიღების შემდეგ, იგივე პედრო აგრამუნტის მიმართ გააკეთა. «კვაჭანტირაძემ» შურაცხყოფა მიაყენა პოლიტიკოსს და ფაქტების აღმქის უნარი დაუწუნა, შესაძლო «მიზეზად» კი ესპანელი პოლიტიკოსის ასაკი დაასახელა. 
 ლოგიკურად ჩნდება კითხვა რა მიზანს ემსახურება ასეთი აბუჩი დამოკდეიბულება ევროპის საბჭოსა წევრი პოლიტიკოსების მიმართ და რას ნიშნავდა თედო ჯაფარიძის მიერ ნათქვამი ფრაზა - «საქართველო არ არის ხელწამოსაკრავი ბიჭი, რომელსაც როცა გინდა მაშინ სცემო»?! ეს ფრაზა ერთხმად აიტაცეს უმრავლესობის სხვა წევრებმაც და თითქმის ყველა ინტერვიუში გაიმეორეს. საოცარია რომ ანალოგიური ასოციაცია არ გასჩენიათ რუსეთის მიმართ, ხმამაღლა ვერ უწოდებიათ რუსისთვის ოკუპანტი და რატომ გაუჩნდათ ასეთი ასოციაცია ევროპელი პოლიტიკოსის, თანაც ამ რანგის მქონეს მიმართ, ცოტა არ იყოს გაუგებარია. ჯაფარიძე-კვაჭანტირაძის აქტივობა არავითარ ლოგიკაში არ ჯდება რადგან, ქართველ პოლიტიკოსთა ასეთმა უტაქტობამ, შეიძლება მიგვიყვანოს ასოცირების ხელშეკრულების ამოქმედების გადავადება/შეჩერებისაკენ, ან სულაც სანქციებამდე. საგულისხმოა რომ გასული წლის 30 სექტემბერს, ორგანიზაციაში დადგა საკითხი იმ ქვეყნების სანქცირების შესახებ, რომლებიც ევროპის ადამიანის უფლებათა სასამართლოს გადაწყვეტილებების იგნორირებას ახდენენ. ამასობაში კი აგრამუნტი აცხადებს რომ გიგი უგულავას გათავისუფლება, მისი ერთერთი მიზანთაგანია, რომელშიც არ არის გამორიცხული სწორედ ადამიანის უფლებათა სასამართლო იყოს ერთერთი მთავარი აქტორი.
ნუთი ესეთი ძნელი გასაგებია ის რომ ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეა, არის სადისკუსიო პლატფორმა, სადაც საკუთარი ნამოქმედარის, ნამუშევარის გვერდიდან დანახვა და იქ მიღებული რეკომენდაციების მიხედვით, ძალაუფლების განხორციელებითვის საჭირო მექანიზმების რეფორმირება შეგიძლია? 
 პოლიტიკა საკმაოდ პრაგამტული სფეროა და არაფერი არ ხდება უმიზეზოდ ან ემოციების გამო. ემოციები პოლიტიკაში მიზნისაკენ სწრაფვაში ხელის შეშლასა და მოვლენათა ლოგიკური განვითარების წყვეტისას იჩენს თავს, მაგრამ რა ლოგიკა აქვს საქართველოს მმართველი პარტიის დელეგატებს, ევროპის საბჭოში გაკეთებულ განცხადებებს? ნებისმიერ მსგავს შემთხვევაში ალბათ ყველაზე სწორია ვიხელმძღვანელოთ ლოგიკით - ვის შეიძლება აწყობდეს ეს ყველაფერი? ასეთ შემთხვევაში ვერ დავიჯერებ რომ ევროპელ პოლიტიკოსებთან შეურაცხმყოფელი ფორმით პოლემიკაში შესვლა, საქართველოს ეროვნული ინტერესებს წარმოადგენდეს. შესაბამისად იქმნება საფრთხე რომ ამ პროცესით, ყველაზე მეტად საქართველოს არაკეთილმოსურნე იხეირებს. კიდევ ერთხელ უნდა აღვნიშნო რომ შეუძელებელია, თედო ჯაფარიძის გამოცდილების მქონე ადამიანმა, ზედმიწევნით ზუსტად არ იცოდეს რა შედეგები შიეძლება მოჰვეს ასეთ განცხადებებს და ამიტომ არგუმენტი რომ გამოუცდელობით ან არცოდნით მოსდით, სრულიად აფსურდული იქნება. 
 ყოველგვარი კონსპიროლოგიური გადახრების მქონე მსჯელობის გარეშე შეგვიძლია ვთქვათ რომ ევროპასასა და ჩვნს შორის, გადავადებული დაახლოება, ერთადერთი რუსეთს აწყობს და ძალიან არ მინდა დავიჯერო რომ ეს ყველაფერი  რაზეც ზემოთ ვწერდი, მიზანმიმართული პოლიტიკის ნაბიჯია. ასეთი ეჭვი არაერთხელ გაჩნდა ამჟამინდელი მმართველი ძალის, ქვეყნის სათავეში მოსვლის შემდეგ და ყოველთვის ვიტოვებ იმედს რომ დანაშაულებრივ უგნურებასთან უფრო გვაქვს საქმე, ვიდრე მიზანმიმართულ ღალატთან. თუმცა კი მოსალოდნელი შედეგის დადგომის შემთხვევაში, ამას უკვე არსებითი მნიშვნელობა აღარ აქვს, ერთნაირად სავალალო იქნება ქვეყნისთვის.
 სრულიად ალოგიკური და გაუგებარია რის იმედად ყოყლოჩინებენ ასე ჩვენი პოლიტიკოსები, ქვეყნის მთავარი პარტნიორებისა და საგარეო ორიენტირის მიმართ. რას დაკარგავს ევროპა იმით თუ კი მის რეკომენდაციებს არ გავითვალისწინებთ და არ შევცლით საკუთარ დამოკდებულებას ძალაუფლების მიმართ? ძალაუფლება ამ რეალობაში მარადიული აღარ არის და წესით ეს მარტივი ჭეშმარიტება გაცნობიერებული უნდა ჰქონდეთ მმართველი გუნდის წევრებს. მარადიული და მათ გარეშე არსებადი ეს ქვეყანაა და რატომ არის მისაღები მათთვის, ან ბევრი რიგითი მოქალაქისთვის, რომლებიც მათი მხარდამჭერები არიან, ის რომ მათი და მათი შვილების მომავალი, ვიღაცის ვიწრო თუ შორს მიმავალ, პოლიტიკურ ინტერესებს შეეწიროს? დარჩეს საქართველო იმ ქვეყნების რიგებში, რომელთა რეფორმირების იმედიც გადავადებულია «უკეთეს დრომდე»?!. 
 ეჭვი მაქვს ეს ყველაფერი აქ არ დასრულდება. გაგრძელება ექნება, რადგან ევროპელ პარტნიორებში ჯერ კიდევ შეიმჩნევა მოტივაცია, ჩვენი ქვეყნის პოლიტიკური მართვის სტრუქტურის რეფორმირებისთვის და ვიდრე ეს მოტივაცია, ივანიშვილის  პოლიტიკურ წარმონაქმნთან ერთად, ერთ სივრცეში თანაარსებობენ, ასეთი გამოხტომებიც იარსებებენ. საზოგადოებამ კი, საკუთარი დამოკიდებულება ასეთი არადიპლომატიური ჟესტებისადმი, მკაფიოდ უნდა გამოხატოს და პოლიტიკოსთა თავნებობა აღკვეთოს! 
ამ ქვეყნის მოსახლეობას მკაფიოდ გვაქვს დაფიქსირებული საკუთარი საგარეო კურსი და არავითარ ჯაფარიძეებს, კვაჭანტირაძეებსა და ა.შ. პოლიტიკოსებს, ამ მიზნიდან გადახვევის უფლება არ აქვთ. ასეთი პოლემიკა კი ავტომატურ რეჟიმში გადახვევას ემსახურება და არა, პოლიტიკური მოწიფულობის დამტკიცებას ევროპისთვის!

ასევე წაიკითხეთ:

კაპიტულაცია 3.0

40 კილომეტრის ფაქტორი

როგორ შევჭამეთ რუსული "განხეთქილების ვაშლი"

სტრატეგიული დუმილი, თუ .......?

მოსკოვი 2015 წელი - უძღები შვილის დაბრუნება!



Комментариев нет:

Отправить комментарий