ამ ისტორიის დაწერა რამდენჯერმე გადავწყვიტე და გადავიფიქრე რადგან დადასტურების მოპოვება ვერ შევძელი. ველოდი რომ თავდაცვის სამინისტროს მიერ ჩატარებულ გამოძებაში აისახებოდა ეს ისტორიაც, თუმცა ჩემი იმედები არ გამართლდა და გადავწყვიტე დავწერო, იქნებ ვინმე მონაწილე პირმა წაიკითხოს და დაადასტუროს ან უარყოს ამ ისტორიის ნამდვილობა.
მოკლედ 2008 წელს მეც, როგორც მრავალი სხვა რეზერვისტი გამიწვიეს. 8 აგვისტოს გამთენიისას ვაზიანიდან გავემგზავრეთ ცხინვალის მიმართულებით. გორში ვეღარ შევედით, რუსული ავიაცია დასტრიალებდა თავს და ჩვენი პოლიციის დანაყოფებთან ერთად სოფელ აბრევში შევედით. ერთი დღე-ღამე იქ ვიყავით და შემდეგ დაგვაბრუნეს გორში. გორიდან მეღვრეკისში შევედით და ჩვენს არტილერისტებს უმაგრებდით ზურგს, ყოველ შემთხვევაში ჩვენ ასე გვითხრეს…
მეღვრეკისში სპეცდანიშნულების რაზმის პოსტი იყო განთავსებული სოფლის ცენტრში და რა თქმა უნდა ბიჭებს გამოველაპრაკე. იქ ერთერთმა სპეცრაზმელმა მომიყვა ეს ისტორია რომელსაც ქვემოთ მოვყვები:
ზუსტად თარიღი აღარ მახსოვს, ან 8-ში ან 9-ში (ანუ იმ დღეს როდესაც ეს ამბავი გავიგე ან შეიძება 7 რიცხვშიც) ე.წ. სამშვიდო ბაზიდან, რუსებს მოუთხოვიათ ტექნიკისა და სამხედრო მოსამსახურეების გაყვანა. ჩვენებთან მოლაპარაკება გაუმართავთ და რუსებს უთქვიათ რომ ოსებს ვერ ვაჩერებთ და ვერ ვაკონტროლებთ, ჩვენ ჩარევა არ გვინდა და გაგვატარეთო. შეთანხმებულან რომ თეთრი განმასხვავებელი ნიშნებით მორთავდნენ ტექნიკას და ისე გამოვიდოდნენ ბაზიდან. ჩვენი რომელიღაც დანაყოფის (სამწუხაროდ ზუსტად არ ვიცი რომელი დანაყოფი იყო) მებრძოელბი ამ დროს ბაზასთან მისასვლელ გზებს აკონტროლებდნენ და მიუღიათ ბრძანება თეთრი დროშებით აღჭურვილი ტექნიკა გაატარეთო. ბაზიდან გამოსულა სამშვიდობო ძალების სიმბოლიკით მორთული ტექნიკის კოლონა, შეთანხმებისამებრ ყველა მათგანს თეთრი ნაჭერი ეკეთა, ჩვენი დანაყოფი გზის ორივე მხარეს, სიგრძეზე ყოფილა განთავსებული. კოლონა უპრობლემოდ გადაადგილდებოდა და რიოდესაც კარგა მანძილზე გაშლილან, მოძრავი ტექნიკიდან ჩვენი ბიჭებისთვის გაუხსნიათ ცეცხლი. პრაქტიკულად მიბჯენით ესროდნენ ქართველ ჯარისკაცებს, რამდენიმე მებრძოლი დაღუპულა. აზრზე მოსულმა ქართველებმაც საპასუხო ცეცხლი გახსნეს და გარკვეული რაოდენობა ტექნიკისა გაანადგურეს, თუმცა უმრავლესობას გაუღწევია და ცხინვალის მიმართულებით წასულა.
მე რამდენადაც ვიცი, სამშვიდობო ძალების სიმბოლიკის გამოყენებას, კონკრეტული საერთაშორისო სამართალის ნორმები არეგულირებს და მისი საბრძოლო დანიშნულებით გამოყენება რა თქმა უნდა დანაშაულად ითვლება.
თუ ეს ეპიზოდი მართალია და ამას დაადასტურებს ვინმე, ვინც უშუალოდ იღებდა ამ ეპიზოდში მოანაწილეობას, კიდევ ერთი არგუმენტი იქნება რუსული არმიის წინააღდმეგ. უბრალოდ დღემდე ვერ ავხსენი რატომ არ ხმაურდება ეს ეპიზოდი. რამდენიმე სამხედროსაც ვკითხე 2008 წლის შემდეგ ამ ისტორიის შესახებ და ზოგმა მითხრა არ ვიციო, ზოგმა კი გამიგიაო! მოკლედ მე ვერ დავადგინე... გადავწყვიტე გამოვაქვეყნო და ამ გზით შევეცადო კიდევ ერთი მტკიცებულების მოპოვებას რუსული არმიის მუხანათური და დანაშაულებრივი მოქმედებების დასამტკიცებლად.
აქვე გასათვალსიწნებელია რომ რუსული პროპაგანდა, ცეცხლის გახსნის მიზეზად სწორედ ამ ე.წ სამშვიდობო ბაზის მიმართულებით ქართული შენაერთების მხრიდან ცეცხლის გახსნას ასახელებდა და კარგი იქნება თუ ამ მტკიცებულების კონტრარგუმენტი გაჩნდება.
ჩემთვის დღემდე გაურკვეველი რჩება - თუ ეს ისტორია სიმართლეს შეესაბამება, რატომ გაჩუმდა ან წინა ხელისუფლება ან რატომ არ მოხვდა ეს ეპიზოდი თავდაცვის სამინისტროს მიერ ჩატარებულ გამოძიებაში?!
P.S. უმორჩილესი თხოვნა მაქვს - თუ ვინმემ წაიკითხეთ ისეთმა რომელიც უშუალოდ იღებდით ამ ეპიზოდში მინაწილეობა გამომხმაურეთ, ჩემი კონტაქტების მოძიება არ გაგიჭირდებათ.

Комментариев нет:
Отправить комментарий