ზოგს პუტინი გენიოსი და მსოფლიოს ახალი, ჭეშმარიტი ლიდერი ჰგონია. ზოგს, კი სასოწარკვეთილებაში ჩავარდნილი ცუდი სტრატეგი, რომელიც შეიძლება ახალ დემონად გადაიქცეს და კაცობრიობას კატასტროფული შედეგები მოუტანოს.
მაგრამ, ყველაფერს მაქსიმალურად პრაგმატულად უნდა შევხედოთ. ამისათვის კი ყველაზე უპრიანია მრავალი შეფასება მოვისმინოთ და გავაანალიზოთ.
ამჟამად, უკვე თამამად შეიძლება ითქვას, რომ რუსეთი და დასავლეთ ცივილიზაცია ერთმანეთთან საომარ ვითარებაში იმყოფებიან! ამ ომს სხვა და სხვა სახელი შეიძლება მოვარგოთ – „ცივი ომი“, „ჰიბრიდული ომი“ და ა.შ. მაგრამ, ეს აბსოლუტურად ახალი ტიპის ომია. რომელშიც აკუმულირებულია თანამედროვე ეპოქის ყველა შესაბამისი რესურსი. თუმცა, ჯერ ყველა იარაღი არ არის გამოყენებული. მაგრამ, ეს მხოლოდ ჯერ–ჯერობით. ის რაც მოხდა საქართველოში და რაც ამჟამად ხდება უკრაინაში, ეს მხოლოდ მცირედით ასახვა და მატერიალიზაციაა იმ ფართო მასშტაბიანი პროცესების, რომლებშიც პუტინი იმას კი არ ცდილობს, რომ დაიპყროს ახალი ტერიტორიები და გეოგრაფიულად აღადგინოს საბჭოთა კავშირი, ან რუსული იმპერია! არამედ, ცდილობს, რომ დასავლურმა საზოგადოებრივ–პოლიტიკურმა სისტემამ განიცადოს მუტაცია. შეიძინოს პუტინისეული რუსეთის თვისებები და ფასეულობები – კორუმპირებულობა, უნდობლობა, ნიჰილიზმი, ცინიზმი, ავტორიტარიზმი და ა.შ.
პუტინის ქმედებების უკან რევანშიზმი არ დგას. არამედ დგას დასავლეთის დემორალიზაციის კარგად გათვლილი თანამედროვე სტრატეგია. პუტინმა ენერგო რესურსებიდან მიღებული და მისაღები კოლოსალური შემოსავლების განაწილების პროცესში თავისი წესების საფუძველზე ჩაითრია არა მარტო დასავლეთის კონკრეტული კომპანიების მფლობელები, არამედ შესძლო ქრთამებში და „შავ ფულში“ ამოესვარა ევროპის წამყვანი ქვეყნების ზოგიერთი ლიდერი! ამის ნათელი მაგალითია თუნდაც გერმანიის ყოფილი კანცლერი შროდერი და კიდევ მრავალი სხვა! უბრალოდ, შროდერის ფიგურა გერმანიის მნიშვნელობიდან გამომდინარე უფრო ადვილად აღსაქმელია. ანუ, მთელი ამ წლების მანძილზე ის ცდილობდა მაქსიმალურად გაევრცელებინა დასავლური სამყაროს წამყვან ფიგურებზე ის გარემო და ფასეულობები, რომლებშიც პირველ რიგში თვითონ გრძნობს თავს კომფორტულად! სწორედ ამის გამოხატულება და შედეგია ის ფაქტი, რომ „ფორბსი“–ს მონაცემებით პუტინი აღიარებულია მსოფლიოს ყველაზე გავლენიან პიროვნებად. არა რუსეთი და მისი მთავრობა, არამედ პირადად პუტინი! ფაქტიურად ის გადაიქცა მსოფლიო დონის „ნათლიმამად“.
ეს ყველაფერი კი ხდებოდა იმ ფონზე, როდესაც თავად რუსეთში მასირებულად მიდიოდა დასავლეთური ფასეულობების, სოციალურ–პოლიტიკური მოწყობის სისტემის დისკრედიტაცია და ტალახში ამოსვრა. ამ საქმეში მან საბჭოთა კავშირის სააგიტაციო მანქანასაც კი აჯობა! სხავთაშორის ეს მარტო რუსეთს არ ეხება. იგივე პროცესები განავითარა მან მეზობელ ქვეყნებში და ბოლო წლებია წარმატებით ანვითარებს იგივე პროცესებს საქართველოშიც!
„ჰიბრიდული“ ომისთვის დამახასიათებელია ფულის, ინფორმაციისა და კულტურის იარაღად გადაქცევა. აქედან გამომდინარე, ნურავის ეგონება, რომ ხუბუტიას მიერ მოსკოვში წასხმული ზოგიერთი ქართველი მომღერალი კულტურის დესპანებად განიხილებოდნენ კრემლში! არც რუსი ბაიკერების კლუბ „Ночные волки“-ს ლიდერების საქართველოში ჩამოსვლა ემსახურებოდა საქართველოში მოტოკულტურის ამაღლებას. რუსული ბაზრის საეჭვოდ გახსნაც „ჯოხია ორი ბოლოთი“! კარგია, რომ ყურძენს უპრეცენდენტო ფასი დაედო რთველის დროს. კარგია, რომ გლეხობას შემოსავლები გაეზარდა. მაგრამ, კატასტროფულია ქვეყნისთვის ის, რომ რუსეთი ამას პოლიტიკური მიზნებისათვის გამოიყენებს! წარმოგიდგენიათ რა ორომტრიალი შეიძლება გამოიწვიოს ქვეყანაში რუსეთისთვის ხელსაყრელ დროს ამ ბაზრის განმეორებით ჩაკეტვამ? და რუსეთი ამას აუცილებლად გააკეთებს! ზუსტად იმ დროს როდესაც ქართველებს არჩევანის სასწორზე შემოგდების დრო კიდევ ერთხელ დაუდგებათ. იმედია აღარავის ჯერავს იმ პოსტულატის, რომ: „ბალახს შევჭამთ, ოღონდ თავისუფლები ვიყოთო“!
ასეთი იარაღის გამოყენებას კრემლი თანურთავს სხვა და სხვა მასშტაბის კონსპირაციულ საომარ ოპერაციებსაც. იგი დღესაც ამტკიცებს, რომ უკრაინაში არცერთი მისი სამხედრო ქვედანაყოფი არ იბრძვის.
ბაზრების გლობალიზაციას წესით უნდა გამოეწვია კონფლიქტების მშვიდობიან კომერციაში სუბლიმაცია. თუმცა, იმის ნაცვლად, რომ გლობალიზაცია გადაქცეულიყო ერთობლივი ეკონომიკური ზრდის ფაქტორად, კრემლმა ეს გამოიყენა – „გათიშე და იბატონე“–ს პრინციპის განსახორციელებლად. ამის სხვა და სხვა ზომის მაგალითებია, რიგი ევროპული ქვეყნის ლიდერების პოზიცია დღევანდელ ანტირუსულ პოლიტიკაში.
პუტინისეული მოდელი, არგუმენტაცია, რომლითაც ეს მოდელი ახდენს პოზიციონირებას მსოფლიო პოლიტიკურ სცენაზე, პოულობს ფართო გამოხმაურებას რიგ ევროპულ ქვეყნებშიც კი. შევხედოთ ვინ არიან დღეს პუტინის პარტნიორები? ესენი არიან როგორც ულტრა მემარჯვენე, ისე ულტრა მემარცხენე პარტიები. ასევე, აშკარად ანტიევროპული იდეოლოგიის მატარებელი პარტიები და საზოგადოებრივი გაერთიანებები. მათ შორის საქართველოშიც. ზუსტად ასეთი პოლიტიკური გაერთიანებების წარმომადგენლები დადიან დამკვირვებლებად სხვა და სხვა არჩევნებზე, რომლებიც მოსკოვის შეკვეთით ტარდება სეპარატისტულ და არ აღიარებული პრორუსულ ანკლავებში.
გარდა ზემოთ ჩამოთვლილი მეთოდებისა, კრემლი ანგაჟირებას უკეთებს არა მარტო დასავლეთის წარმომადგენელ ჟურნალისტებს, პოლიტოლოგებს და რიგ პოლიტიკოსებს, არამედ მთელ რიგ უცხოურ პოლიტიკურ მოძრაობებს. ამისთვის ის იყენებს სხვა დ ასხვა ფორუმებსა და კონფერენციებს. ისეთებს როგორიცაა, მაგალითად „ვალდაის კლუბი“. ამის შედეგად პუტინიზმი ერთნაირად მომხიბვლელი ხდება აბსოლუტურად განსხვავებული ჯგუფებისათვის: ნეონაცისტებისთვის, ანტიგლობალისტებისათვის, ქრისტიანი ფუნდამენტალისტებისთვის, ანარქისტებისათვის, ევროსკეპტიკოსებისა და ამერიკული ცხოვრების წესის მოწინააღმდეგებისათვის. ეს კი იმიტომ ხდება, რომ ძველი ტიპის დიქტატურებისაგან განსხვავებით პოსტმოდერნისტული რუსული დიქტატურა იყენებს იდეოლოგიას და ფინანსურ რესურსებს ფასეულობათა ჩანაცვლებისათვის. ზუსტად ამგვარი კვაზი აგიტაციური მანქანაა საქართველოში მედიაკავშირი „ობიექტივი“. რომელიც ამგვარი მეთოდების შედეგად პოლიტიკურ ძალადაც კი ჩამოყალიბდა.
რამდენად სახიფათოა ყოველივე ეს თანამედროვე მსოფლიო რეალობისთვის?
თუ გახსოვთ, ცოტა ხნის წინ, რაოდენ კრიტიკული იყო მიხელი სააკაშვილის კომენტარები კეტრინ ეშტონის შემცვლელ, იტალიელ ფედერიკა მოგერინის დანიშვნასთან დაკავშირებით?! მისი დანიშვნიდან სულ ცოტა დროა გასული, მაგრამ იგი უკვე გამოდის მკაფიო მოთხოვნებით იმის თაობაზე, რომ მსოფლიო თანამეგობრობამ არ გამოიყენოს სანქციები მოსკოვის წინააღმდეგ.
ყოველივე ზემოთ განხილულის შედეგია ის, რომ ჩეხეთის ამჟამინდელი პრეზიდენტი ღიად გამოდის რუსეთის საწინააღმდეგოდ მიღებული სანქციების წინააღმდეგ. უარყოფითად აფასებს უკრაინული „მაიდანი“–ს მოვლენებს. და ეს ყველაფერი იმის შემდეგ, თუ რა საშინელებები გადაიტანა ჩეხოსლოვაკიამ საბჭოთა აგრესიის შედეგად.
ყველაზე საშინელი კი ის არის, რომ რუსეთმა მოახერხა და ბზარი გაუჩინა ისეთ ფუნდამენტალურ მცნებებს, როგორიცაა: სიტყვის თავისუფლება, არაკორუმპირებული მმართველობა, ხელისუფლების ცვალებადობის პრინციპი, ადამიანთა უფლებები. და ფასეულობათა ამ სისტემის ნგრევის აუცილებლობას კრემლი ხსნის იმ ცინიკური არგუმენტებით, რომ თითქოს, დასავლეთს ეს ჭირდება მხოლოდ იმისთვის, რომ განამტკიცოს თავისი გავლენის სფეროები მთელ მსოფლიოში. რასაც სამწუხაროდ იოლად „ყლაპავს“ საზოგადოების ის ნაწილი, რომელიც სულ ახლახანს გამოვიდა საბჭოთა ტოტალიტარული სისტემის ზეგავლენიდან.
სწორედ ცინიზმია რუსული ექსპორტის ძირითადი პროდუქტი. რუსეთი ამისათვის კოლოსალურ თანხებს ხარჯავს. აქ საუბარი უკვე აღარაა რუსეთის შიდა მედია საშუალებებზე. კრემლმა მოახერხა და უზომოდ გააძლიერა მისი ფულის მონაწილეობა მეზობელი ქვეყნების მედია საშუალებებში. არა მარტო მეზობელი ქვეყნების, არამედ თვით შეერთებულ შტატებში და ევროპაშიც. ყოველივე ამის შედეგები უფრო მეტად დამანგრეველი იქნება, ვიდრე საბრძოლო ტექნიკის გამოყენება. ზუსტად ამაშია „ჰიბრიდული ომი“–ს მთავარი ძალა. ბრძოლის „რბილი“ მეთოდების გამოყენება უფრო ეფექტური გახდა ვიდრე ომი ცხელ ფაზაში. საომარი კონფლიქტები საქართველოში და უკრაინაში შეიძლება განვიხილოთ, როგორც პუტინიზმის სააგიტაციო პიარ–კონცეფციის მატერიალიზაცია.
კიდევ ერთი ასეთი პიარ–კონცეფციაა პუტინისეული „სტაბილურობა“. ეს ყველაზე თავხედური მითია დღევანდელ რუსეთში. და ეს მაშინ, როდესაც რუსეთი ასეთ არასტაბილურ მდგომარეობაში დიდი ხანია აღარ ყოფილა.
ისმის კითხვა: რაშია პუტინის სტრატეგიული ჩანაფიქრი?
მისი პოლიტიკის საფუძველში დევს გადაულახავი სურვილი მაქსიმალურად გაახანგრძლივოს საკუთარი ავტოკრატიული მმართველობა. მაგრამ, ძალაუფლება რყვნის! ხოლო, აბსოლუტური ძალაუფლება რყვნის აბსოლუტურად. დღეს, თუ პუტინისეული მმართველობის სტილი აბსოლუტურად ავტოკრატიულია, მისი შენარჩუნების სურვილი რეჟიმს აუცილებლად მიიყვანს დიქტატურამდე. პუტინის მთავარი ამოცანა იყო მაქსიმალურად გაერყვნა და კორუფციის ჭაობში ჩაეფლო ევროპის პოლიტიკური ელიტა. ანუ, შეეცვალა რეალობა მისთვის კომფორტული გარემოთი. გადაექცია თამაშის მთავარ წესებად შანტაჟი, მოქრთამვა, ეკონომიკური და პოლიტიკური ზეგავლენა. ამისთვის იგი ზედმიწევნით ეფექტურად იყენებდა მთავარ დამრტყმელ ძალას – „როსნეფტს“ და „გაზპრომს“. ამ გიგანტების საქმიანობა მოტივირებულია არა ეკონომიკური მიზანშეწონილობითა და ეკონომიკური რენტაბელობით, არამედ თამაშის პუტინისეული წესების გასავრცელებლად გარე სამყაროზე.
პუტინისეული რეჟიმის რეფორმირება შეუძლებელია. იგი ან არის, ან არა! ის, რომ პუტინს ასე ცალსახად უჭერს მხარს რუსეთის მოსახლეობა, ძირითადად გამოწვეულია ხალხის მიერ ამ ფაქტის გაცნობიერებით და შიშით გაურკვევლობის წინაშე, რომელიც დადგება პუტინის წასვლის შედეგად. დასავლეთის სანქციები ზუსტად
ამ მიზანს ემსახურება. სანქციებით „პუტინიზმი“–ს რეფორმირება არ მოხდება და ეს ძალიან კარგად იციან დასავლეთში. სანქციებით შეიძლება პუტინის და პუტინიზმის შეცვლა. პუტინის ხელისუფლებამ ძალიან ეფექტურად მოახერხა რუსული საზოგადოების მარგინალიზაცია. მხოლოდ ამგვარი საზოგადოების პირობებშია შესაძლებელი პუტინიზმის არსებობა! ამასთან ერთად, რუსეთში იმდენადაა მოსუფთავებული პოლიტიკური ველი, რომ ზედმიწევნით რთულია რეალურად ოპოზიციური ძალის მოძებნა. ნებისმიერ განსხვავებულ აზრს მოქალაქეები საპატიმრომდე მიყავს. მაგრამ, ამგვარ მარგინალიზებულ საზოგადოებას აქვს ერთი ძალიან სუსტი წერტილი – ის არ ემყარება იდეოლოგიას და მაღალ ფასეულობებს. მისი იდეოლოგიაა „სავსე სტომაქი“. საკმარისია ამ ხალხს მოშივდეს, რომ კლდესავით აღმართული პუტინი, ქვიშის ბარქანივით დაიშლება და დაიფანტება! აღარავის არ ეცლება, არც „დამოუკიდებელი“ აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთისათვის და არც „თავისი იდენტობისთვის“ მებრძოლი დონბასისა და ლუგანსკისათვის! იქაც იგივე მენტალობის მოსახლეობაა უპირატესად და ამიტომაც დამკვიდრდა იქ პუტინიზმი. დამთავრდება თუ არა პუტინი რუსეთში, დამთავრდება „დამოუკიდებლობების“ თამაში პოსტსაბჭოთა სივრცეში! აქედან გამომდინარე, თამამად შემიძლია ვამტკიცო, რომ საქართველოს ტერიტორიული მთლიანობა და სუვერენიტეტი რუსეთის ეკონომიკური კრახის შედეგად დამკვიდრდება! სხვა ალტერნატივა არც ჩვენ და არც პროგრესულ კაცობრიობას არ გააჩნია! ამიტომ, მაქსიმალურად უნდა მოხერხდეს რუსეთთან „ცხელი“ ომის საშიშროების ეკონომიკურ ორთაბრძოლაში გადაყვანა!
პატივისცემით: დავით დემეტრაშვილი

Комментариев нет:
Отправить комментарий