ალასანიას თემის გახსნით, დაუკვირდით ალბათ რა თემები წამოწია და რით დაიწყო ირაკლიმ ახალი დამოუკიდებელი პოლიტიკოსის კარიერა. თემები რომელსაც შეეხო ალასანია თავის არგუმენტაციაში, ადრე არაერთხელ გამხდარა საზოგადო განხილვის საგანი.
მაგალითად რუსული ძალების გავლენა და მიზანმიმართული ქმედებები, ქვეყნის დაზვერვითი და თავდაცვითი უნარების დაქვეითებისკენ ან საერთოდ განადგურებისკენ. ამ საკითხებზე მსჯელობა სხვადასხვა საკითხებმა გააქტიურა და ყველა მათგანი უკავშირდებოდა ქვეყნის უსაფრთხოების თემას. ამ ხანმოკლე პოლიტიკურმა წარსულმა ალასანიას მიმართ კითხვა გამიჩინა - თუ კი ამდენი ხანია, მიზანმიმართული პროვოკაცია ხორციელდება, ქვეყნის არმიის მიმართ და ხედავთ რომ პრორუსული ძალები, ცდილობენ ქვეყნის თავდაცვისთვის ზიანის მიყენებას, სად იყავით აქამდე? დავიჯერო ბატონმა ალასანიამ, დღეს დაინახა რომ ქვეყნის შიგნით კონკრეტული ძალები მუშაობენ პრორუსული პოზიციების გამაგრებისათვის, რომელთა პირველი სამიზნე რა თქმა უდნა ძალოვანი უწყებები და თავდაცვის სამინისტროა. ამ არგუმენტს უბრალოდ ვერ ვიზიარებ და თუ კი ალასანია ქართული ჯარის მიმართ წარმოებული პროვოკაციის მსხვერპლია, მაშინ ბოლომდე უნდა დაასახელოს ის პირები ან ძალები ვინც ქართული ჯარის მიმართ პროვოკაციას ახორციელებს. ასე ადვილად არ გამოვა მხოლოდ განცხადებები გაისროლო და შემდეგ ოპოზიციის დროშა აღმართული, საპროტესტო მოძრაობას შეუერთდე, პოლიტიკური დევნისა და კოლაბორაციონიზმის ბრალდებების კივილით. არ გამოვა ასე, გუშინ მინისტრი იყავი და დღეს პატრიოტი გახდე. ირაკლი ალასანია ვალდებული გახდა, მოუყვეს ხალხს ის რაც რეალურად ხდება ქვეყანაში და დაასახელოს ის საფრთხეები, რომლის წინაშეც ამ ხელისუფლების ქმედებებმა დააყენა ქვეყანა.
თუ ვრწმუნდებით იმაში რომ გარკვეული ძალები, ქვეყნის თავდაცვისუნარიანობას საფრთხეს უქმნიან და ეს ძალები ხელისუფლების უმაღლეს წრეში იმყოფებიან, მაშინ სხვაგვარი გადაწყვეტილებაა მისაღები და ქვეყნის სუვერენიტეტის დაცვა, მხოლოდ ველად ავტომატის ხელში ჭერა არ არის. როდესაც ატყობ მტერი სახლშია, აქვე უნდა ებრძოლო და გაიხსენო რომ მოღალატეს ეროვნება არ გააჩნია.
თუმცა დარწმუნებული ვარ ალასანიას ამ განცხადებებს არ მიეცემა ასეთი მნიშვნელობა და ის უფრო მერკანტილურ, ვიწროპარტიულ პოლიტიკურ მნიშვნელობამდე დავა, რადგან თავად ბ-ნ ალასანიაც იმ პროცესისი მონაწილე იყო, რომელიც ორი წელია ქვეყანაში მიმდინარეობს და ის პოლიტიკოსი იყო, რომელიც ბიძინას "ოცნების კამფეტებს" უხვად ურიგებდა საქართველოს მოქალაქეებს, თანაც ისე რომ დარწმუნებული იყო რა სისულელესაც ამბობდა. ასევე გასათვალისწინებელია რომ მსგავსი თემების დაკნინების სპეციალისტები არიან დღევანდელი მმართველი კოალიციის წარმომადგენლები. რა პრობლემაა, გამოვა ღარიბაშვილი და დაიწყებს რაღაც არასწორად ვთქვი, ეს შემეშალა ის გადამეტებულია, ჩვენ უნდა შევრიგდეთ ან ცივილურად უნდა დავშორდეთ, ისე როგორც დემოკრატიას შეშვენისო და ა.შ. არ არის გამორიცხული ღარიბაშვილმა ყველაფერში ისევ მედია დაადანაშაულოს და მათი როლიც გამონახოს ამ ვაკხანალიაში. ეს თუ გამორჩა, ჩავთვლი რომ ის და მისი პატრონი ძალიან ნერვიულობენ. არადა სანერვიულო მართლაც აქვთ.
მათ არა მხოლოდ ამომრჩველი "გადააგდეს", დარწმუნებული ვარ შიგნითაც ძალიან ბევრი ვინმე "გადააგდეს" და ბევრი რამ არ გააკეთეს ისე, როგორც ამას წინა საარჩევნოდ ამბობდნენ. ადრე თუ გვიან ივანშვილ/ღარიბაშვილს დაუდგებათ დრო, როდესაც საკუთარი "თანამებრძოლების" კითხვებზე მოუწევთ პასუხის გაცემა. ივანიშვილი ერთ ძალიან დიდ შეცდომას უშვებს, პროპაგანდა სულ ტყუილზე არ შეიძლება იყოს აგებული, გარკვეული დოზით იტანს მაგრამ უსასრულოდ ვერ. პოლიტიკაში ტყუილის თქმა "მოსულა" მაგრამ საზღვარი აქვს ამ ტყუილსა და გაიძვერობას.
ეს ყველაფერი კი საშიშია იმიტომ რომ ღარიბაშვილის ირგვლივ საშიში მენტალობის ხალხი ტრიალებს. ფაქტია რომ შსს მთლიანად მისი კონტროლის ქვეშ არის და რაც უფრო მეტი წევრი გამოაკლდება კოალიციას, ის შესაძლოა სულ უფრო აგრესიული გახდეს. ცდუნება ღარიბაშვილს ძალიან დიდი ექნება რადგან იძულებაც იქნება და ვერავინ დამაჯერებს იმას რომ ივანიშვილი ამ ინსტრუმენტს არ გამოიყენებს. სწორედ აქ არის დიქტატურის საფრთხე და ამ ყველაფერს დემოკრატიულ პროცესებთან არავითარი კავშირი არ აქვს. რაოდენ მაღალფარდოვანი მიზნებითა და მორტივებითაც არ უნდა შერაცხონ მთელი ეს პროცესი.
ისე კი უმჯობესი იქნება ხალხი ამ ყველაფერს, ჯერ კიდევ სანამ არ არის გვიან, "გამადიდებლით" დააკვირდეს და თუ სადმე მართლაც არის ქვეყნის თავდაცვისუნარიანობის წინააღმდეგ მიმართული პროვოკაცია, სასწრაფოდ მიიღოს გადაწყვეტილება და საზოგადოებრივი ზეწოლით ჩამოაცილოს ეს ხალხი ხელისუფლებას. რამდენიც არ უნდა იძახონ რომ ჯარი ფუნქციონირებას განაგრძობსო, წარმოუადგენელია რომ ამ მოვლენებმა გავლენა არ იქონიოს ჯარის მორალურ მდგომარეობაზე. "ოცნებებით მართვის" პერიოდში არაერთხელ გახდა ჯარის პოლიტიკური "კბენების" თემა და ეს უკვე ცუდის ნიშანი იყო. საერთოდ ჩვენს ირგვლივ ძალიან ბევრი "ცუდი" ნიშანი არსებობს და ძალიან ცუდია თუ ამ ფონზე ქვეყნის ტავდაცვის სამინისტრო პოლიტიკური ინტრიგების პოლიგონად არის ქცეული, ნაცვლად იმისა რომ ქვეყნის წინაშე მდგომი საფრთხეების ნეიტრალიზაციაზე ფიქრობდეს.
როგორც ჩანს მარგველაშვილის "მიჭრხვნიადა" დასრულდა და დაიწყო ალასანიადა. შოუ გრძელდება...

Комментариев нет:
Отправить комментарий