Страницы

среда, 18 декабря 2019 г.

ამ ცხოვრების დედაც ...!

"ამ ცხოვრების დედაც" - პროტესტი, რომელსაც ზრდასრული ჯალათები ვერასოდეს გაიგებენ! 
მგონი, ადამიანი არ ვართ დარჩენილი, რომელიც არ შესძრა გუშინ ღამით გავრცელებულმა ინფორმაციამ, რომ პოლიციის მიერ "დამუშავებული" 15 წლის მოზარდი, ლუკა გარდაიცვალა! მთელი ამ ისტორიის მარაზმი იმაში მდგომარეობს, რომ მოზარდმა, გარდატეხის ასაკში მყოფმა, ასაკისთვის სრულიად დამახასიათებელი მსოფლმხედველობითი პროტესტი გამოთქვა და ეს პროტესტი, ისეთი ფორმით და მის მისამართით გააკეთა, ვისგანაც ამ ქვეყანაზე პირველი უსამართლობა გამოსცადა საკუთარ თავზე. 
 ასე ვიზრდებით ადამიანები და ამ გზას, კაცობრიობის უმეტესი ნაწილი, ერთგვაროვანი სახით გავდივართ. ამიტომაც არსებობს მთელი რიგი სამეცნიერო სფეროებისა, რომელიც ადამიანის ბიოლოგიურ და ფსიქოლოგიურ თავისებურებებს შეისწავლის. ეს სამეცნიერო სფეროები, ქმნიან "გამოყენებით ინსტრუქციას" მათთვის, ვისაც გარკვეულ ასაკობრივ ჯგუფებთან უწევთ მუშაობა. შესაბამისად, ეს ნიშნავს იმას, რომ "არასრულწლოვანთა განყოფილებაში" უკლებლივ ყველა სპეციალისტს უნდა ჰქონდეს მიღებული სპეციალური ცოდნა, რადგან ისინი ეხებიან ფსიქიკურად ყველაზე მყიფე და არასტაბილური, უპროგნოზო და პროტესტისკენ მომართული "ტვინებს". შესაბამისად, მათი ზემოქმედება მოზარდზე შესაძლოა იმხელა გავლენის მატარებელი აღმოჩნდეს, რომ მთელი დარჩენილი ცხოვრება განსაზღვროს - აგერ ფაქტი გვიდევს წინ, რომელმაც მთელი ქვეყანა შეგვძრა და სწორედ ზემოთ თქმულის გაუთვალისწინებლობამ მიგვიყვანა ამ ტრაგედიამდე!
  ბუნებრივია, პირველი რიგის დამნაშვე ამ შემთხვევაშიც და ყველა სხვა მსგავს შემთხვევაში, თავად გამომძიებელია, რომელსაც უნდა ჰქონდეს იმდენი მორალი, რომ მსგავსი სისასტიკე არ ჩაიდინოს. პერსონიფიცირებული დამნაშავის ხელშემწყობი კი სისტემა გამოდის, რომელიც არ აკონტროლებს და არ აწვდის ცოდნას ადამიანებს, რომლებსაც შეხება აქვთ არსრულწლოვნებთან - ეს უკვე სისტემის დანაშაულია! კონკრეტულდ ლუკას ისტორიაში მონაწილე მოძალადე-გამომძიებელი, მარაინა ჩოლოიანისთვის ძალადობის ანუ მათ ენაზე რომ ვთქვათ - "დამუშავების" ეს მეთოდი, არ ყოფილა პირველი და როგორც ჩანს ხშირად გამოყენებადი პრაქტიკა იყო რადგან, 2011 წელსაც ანალოგიურ ქმედებაშია მხილებული და სტრასბურგის სასამართლოს მიერ აღიარებულია მისი მხრიდან "პატიმარზე ძალადობა"! აი ეს კი უკვე დამნაშავეებს პერსონას და სისტემას დანაშაულში მონაწილეობის ხარისხის თვალსაზრისით ათანაბრებს და ორივე ერთნაირად დამნაშვენი არიან არა მარტო ლუკას თვითმკვლელობაში, არამედ ყველა იმ პირის ფსიქიკის დეგრადირებასა და ცხოვრების გაუკუღმართებაში, რომელსაც კი შესაძლოა შეხება ჰქონოდა ამ ჯალათ-გამომძიებელთან! 
ჯალათი-გამომძიებელი მარიანა ჩოლოიანი
 სისტემის და სახელმწიფოს ადეკვატური ქცევა, ახლა ამ მოცემულობაში უნდა იყოს ის რომ ჯალათი ჩოლოაინის განვლილი წლების სამუშაო პერიოდი უნდა იქნას დეტალურად შესწავლილი და ყველა ის არასრულწლოვანი, რომელმაც მის ხელში გაიარა, უნდა ჩაჯდეს "რეაბილიტაციის სახელმწიფო პროგრამაში" რომლის ფარგლებშიც, კონკრეტულად ამ ჯალათი გარეწარის მსხვერპლთა რეაბილიტაცია მოხდება და მგონია, რომ თავად სისტემა გაიგებს ძალიან ბევრ რამეს ასეთი მიდგომით საკუთარი თავის შესახებ. შესაბამისად თუკი ამას არ გააკეთებს შსს, გამოვა რომ სისტემა ისევ ინარჩუნებს და ეფუძნება ძალადობრივ მეთოდებს, რომელსაც ვერავინ და ვერასოდეს ჩავთვლით ნორმად! 
 აქვე ჩნდება მეორე საკითხი - სად არიან იმ სადამსჯელო ჯგუფის დანარჩენი წევრები, რომლებმაც ჩოლოიანის ბრძანება თუ თხოვნა შეასრულეს და ლუკაზე იძალადეს?! მათი პასუხიმგებლობა რატომ არ დგას და მათი სახელები და გვარები რატომ არ ვიცით? არც ისინი უნდა დარჩნენ დაუსჯელნი და უცნობები საზოგადოებისთვის, წინაააღმდეგ შემთხვევაში, სისტემა კიდევ უფრო მეტი ხარისხით გახდება დამნაშავე და პერსონიფიცირებული მიდგომა აქ ვეღარ იმუშავებს! 
საზოგადოების მხრიდან კი აუცილებელი გასაკეთებელია ის რომ ლუკას ისტორიაში მონაწილე უკლებლივ ყველა მოძალადის სახელი, გვარი, საცხოვრებელი მისამართი, მოდგმა, ჯიში-ჯილაგი და ა.შ. უნდა გახდეს ცნობილი, ფოტოებით და ა.შ. პერსონალური მონაცემებით... მათ უბრალოდ აღარ აქვთ უფლება ამ საზოგადოებაში იყვნენ რიგითი, უსაფრთხო წევრების სტატუსით და თანაც ეს საზოაგდოება უხდიდეს ხელფასს, ანიჭებდეს "ლეგიტიმური ძალის გამოყენების უფლებას" და ა.შ. 
 ჩვენი, როგორც საზოგადოების წილი პასუხიმგებლობაც არის ლუკას თვითმკვლელობაში რადგან მანამდე, ვიდრე ტრაგედია მოხდებოდა, ყველა მსგავსი შინაარსის ისტორიაში, ვერაფრისდიდებით მოვახერხეთ - საერთო საზოგადოებრივი ინტერესის დაცვა და ყველა მსგავს შემთხვევაში ვიმოქმედეთ ფორმულით - "ჯერ მე არ შემხებია"! შედეგად კი ვიღებთ ასეთ ტრაგედიებს, რომელთა შესახებ ალბათ ჯერ კიდევ არ ვიცით ბევრი რამ იმ მარტივი მიზეზის გამო, რომ "ძალოვნებთან პრობლემა" არვის უნდა...?!
 ფრაზა - "ძალოვნებთან პრობლემა არავის უნდა" მთელი ცხოვრებაა მესმის და ამ ქვეყანაში ვერ მივაღწიეთ მდგომარეობას, როდესაც ძალოვანი იქნება საზოგადოების ინტერესების დამცველი და არა მოძალადე ინსრტუმენტი ადამიანთა იმ ჯგუფის ხელში, რომელსაც ერთეული ადამიანის სიცოცხლე სტატისტიკურ მონაცემად აქვს აღქმული და ის ვერ გაუაზრებია, რომ ყოველ ადამიანთან ერთად კვდება მთელი სამყარო, რომელიც იმ ადამიანის გარეშე უბრალოდ არ არსებობს... ამის უფლება კი ჩვენ და პირადად მე, საზოგადოების რიგით წევრს - არ მიმინიჭებია არავისთვის! 
 ამიტომ, ჩემო ლუკა! არა მარტო ამ ცხოვრების - ამ საზოაგდოების, ამ სახელმწიფოს და ამ დროების დედაც...!
 

Комментариев нет:

Отправить комментарий