Страницы

среда, 12 июня 2019 г.

საშიში რეპეტიტორები და კონსპიროლოგი პედაგოგები

ამ ქვეყანაზე, მის აწმყოსა და მომავალზე თუკი ვინმეს გული შესტკივა, ალბათ ყველას მეტნაკლები სერიოზულობით უფიქრია იმაზე თუ რამდენად ნორმალურია ის განათლების სისტემა, რომელიც ახლა გაგვაჩნია ქვეყანაში.
რა თქმა უნდა მე პირადად ამ საკითხზე ბევრი მისაუბრია ჩემს მეგობრებთან თუ ნაცნობ/ახლობლებთან, მომისმენია და წამიკითხავს ექსპერტთა შეფასებები და ა.შ. მაგრამ ის რაც პრაქტიკაში ხდება, არის სრული მარაზმი! 
 ამ სტატიაში, კონკრეტულად მინდა შევეხო საჯარო სკოლებისა და მათი სწავლის ხარისხთან დაკავშირებლ პრობლემებს, რომელიც იმისდა მიხედვით უარესდება, რამდენადაც შორდება ქვეყნის დედაქალაქის ცენტრალურ უბნებს!
რეალურად, არავინ ვიცით "ვის" ზრდის დღევანდელი განათლების სისტემა. არც ის ვიცით თუ ვინ გვინდა რომ გაზარდოს და ამას ძალიან ბევრი მიზეზი აქვს. პირველ რიგში ეს არის თავად მშობლების პრობლემა, რომელთა სასკოლო გამოზრდაც მოხდა ასევე გაუგებარი განათლების სისტემის მიერ, რომელიც საბჭოთა კავშირისი დანგრევის შემდეგ მივიღეთ და სულაც არ არის გასაკვირი ის რომ მშობლები ვერ ამჩნევენ დღევანდელი სისტემის გაუმართაობას. 
 მშობლების ეს "გაუთვითცნობიერებლობა" ყველაზე კარგად შეინიშნება, საკუთარი შვილებისთვის აყვანილი რეპეტიტორების დანიშნულებასა და იმ ფუნქციაში, რომელსაც ანიჭებენ მშობლები. ქალაქში და ქვეყანაშიც უამრავი რეპეტიტორია, ნებისმერი საგნის "კერძო მასწავლებელი" შეგიძლია აუყვანო ბავშვს და იყო მშვიდად, რადგან გგონია რომ დამატებითი მომზადება, ბავშვს განათლების დეფიციტს შეუვსებს, სინამდვილეში კი ხდება სრულიად საპირისპირო. ზემოთქმულის საილუსტრაციოდ მოვიყვან ერთ კონკრეტულ შემთხვევას, რომელიც ჩემმა შვილმა მომიყვა და მის კლასში მოხდა ეს ამბავი. თუ რატომ მიმიყვა ამას ოდნავ მოგვიანებით გეტყვით. 
 - ერთ ჩვეულებრივ დღეს, მე და ჩემი უმცროსი შვილი, სკოლის ამბებს განვიხილავდით და "კურიოზის" კატეგორიაში მომიყვა ასეთი რამ: - რუსულის მასწავლებელმა ჩემი კლასელი გამოიძახა, რომლმაც გაკვეთილი არ იცოდა და მიზეზად იცი რა უთხრაო?! - "რუსულის მასწავლებელი, რომელიც სახლში მამზადებს, ცუდად იყო და ვერ მამეცადინა"-ო...! ნუ წარმოიდგინეთ, ბავშვს ჰყავს ორი მასწავლებელი ერთ საგანში და ის არ შეუძლია, რომ დამოუკიდებლად მოამზადოს გაკვეთილი! ამ დროს, რა თქმა უნდა რომ ამ ბავშვის მშობლები, ასობით ათასი სხვა მშობლის მსგავსად, ხარჯავენ სიმწრით ნაშოვნ თანხას იმისთვის, რომ მათი წარმოდგენით, მათი შვილი წარმატებული მოსწავლე და ზოგადად მომავალში, წარმატებული ადამიანი "გამოვიდეს"...
 ნუ რამდენად გამოვა ასეთი მიდგომით აღზრდილი მოსწავლე, "წარმატებული ადამიანი", ეს ცალკე საკითხია და ალბათ პასუხიც ცალსახაა მაგრამ, პრობლემას მე ასეთი სახით წავაწყდი:
მთელი გასული წლის განმავლობაში, თბილისის აღმოსავლეთ ნაწილში ვეძებდი ქართული ენისა და მათემატიკის რეპეტიტორებს, ჩემი შვილისთვის. თითქოს რთული ამოცანა არ უნდა ყოფილიყო და დარწმუნებული ვიყავი რომ რამდენიმე დღეში შევარჩევდი რეპეტიტორებს. პროცესი დაიწყო და მართლაც ბევრი "სპეციალისტი" გამოჩნდა თუმცა, სამი თვის, ოთხი თვის, ხუთი თვის გასვლის შემდეგ მივხვდი, რომ ძალიან დიდ პრობლემას ვიყავი შეჭიდებული რადგან უმეტესობა მათგანთან კონტაქტი და შრომის წყურვილი წყდებოდა მაშინვე, როგორც კი პირობას ვაყენებდი - "არ მინდა სკოლის პროგრამის მიხედვით, მხოლოდ გაკვეთილების მომზადებაში დახმარება. მინდა რომ ბავშვმა გაიგოს საგანი, გაიაზროს ძირითადი წესები და გამოყენებით დონეზე იცოდეს მათემატიკა". იგივე ამოცანას ვუსახავდი ქართული ენის რეპეტიტორებსაც და სწორედ ეს აღმოჩნდა პრობლემა. ზოგადი განათლების არსებულ სისტემას, ძალიან დიდი პრობლემა აქვს ბავშვებში ტექსტიდან შინაარსის გამოტანის უნარის განვითარების ნაწილში, ამას ნებისმიერი სკოლის მოსწავლის მშობელი დაადასტურებს, თუმცა რეპეტიტორს ამ ამოცანას არავინ უსახავს. რეპეტიტორების მხრიდან ისეთ სასტიკ უარს ვიღებდი ასეთ პირობაზე, რომ მივხვდი საქმე ისე ადვილად არ იყო, როგორც მე დასაწყისში წარმომედგენა. მრავალთვიანი ძიების შემდეგ, ეს პროცესი წარმატებით დავასრულე და ვიპოვე ამ ამოცანის შემსრულებელი რეპეტიტორები, მაგრამ იმ ბავშვების ბედმა ნამდვილად დამაფიქრა, რომელთა მშობლებისთვისაც თვითკმაყოფილების საკმაოდ მძლავრი ფაქტორია ის რომ წვალებითა და არაადამიანური შრომის ფასად, საკუთარ შვილების საჭირო განათლებას მიღებაში დარწმუნებულები არიან. 
 სწორედ რეპეტიტორის ძიების პროცესის აქტუალობის გამო გაამახვილა ყურადღება ნუცამ, რუსული ენის მასწავლებლისთვის თავისი კლასელის მიერ გაცემულ პასუხზე და ალბათ ამიტომაც მომიყვა, რადგან სხვა შემთხვევაში, ალბათ ყურადღებასაც არ მიაქცევდა. ამ ისტორიას სხვა მშობლებს რომ ვუყვები, უფრო "კურიოზად" აღიქვამენ, ვიდრე პრობლემად და ესეც კარგი ინდიკატორია იმის დასადასტურებლად, რაზეც ამ სტატიის დასაწყისში მშობლების შესახებ ვწერდი... 
 ამ ყველაფერს, ფონად გასდევს მასწავლებლების ზოგადი მსოფლმხედველობითი პრობლემა, რომლის შესახებაც, რა თქმა უდნა ისევ ჩემი უშუალო გარემოდან ვიღებ ინფორმაციას. ძალიან ხშირია როდესაც სკოლის პედაგოგები, იმიტომ რომ სხვა ენა უბრალოდ არ იციან, უყურებენ რუსულ ტელეარხებზე გასულ ე.წ. "დოკუმენტალისტიკას" და იქ მიღებული ინფორმაცია მიაქვთ ბავშვებთან. ჩემს შვილებსაც, არაერთხელ მოუტანიათ სკოლიდან, მაგალითად РЕН-ТВ-ის, კერძოდ კი "პროკოპენკოს დოკუმენტალისტიკის", რუსული სუპერ კონსპიროლოგიური თეორიების ყველაზე აფსურდული თეზისები, რომელსაც მასწავლებლისგან იღებდნენ და ჩემთან გადაუმოწმებიათ რამდენად ნორმალურია ის, რაც მასწავებელმა მოუყვა. მაგალითად ერთერთი ასეთი იყო, ძილის წინ მუსიკის მოსმენის საშიშროების შესახებ მასწავლებლის მონაყოლი, რომელიც თურმე გამომდინარეობს იქიდან, რომ "გულს ახასიათებს, მუსიკის რითმზე აყოლა და ასეთ დროს "მუსკებს" შორის წყვეტისას, გული ჩერდება, რის გამოც ადამიანი შესაძლოა მოკვდეს?!" ან მაგალითად ის, რომ კვანტური ფიზიკა, ფსევდო მეცნიერებაა და რომ სხვა მეცნიერები მას სერიოზულად არ განიხილავენ! მთვარეზე ადამიანები არ ყოფილან და ა.შ. ასეთი "მარგალიტები" ბევრი შეიძლება მოიძიო ადამიანმა, თუკი ძირეულად ჩაჰყვები პრობლმას და პედაგოგების სკოლის მიღმა ცხოვრებას შეისწავლი... აქ სპეციალურად არ შევეხე იმ რელიგიური შინაარსებით გაჯერებულ ინფორმაცის და რაღაც დოზით იძულებას, რომელიც საჯარო სკოლებში ასევე დიდი პრობლემაა, თუკი არსებული განათლების სისტემის ამოცანად, სეკულარიზმის პრინციპზე აგებულ საზოგადოების შექმნას ვსახავთ (ყოველ შემთხვევაში კონსტიტუცია ამას გვავალდებულებს)!
იგორ პროკპენკო
P.S. თუ ვინმემ არ იცის როგორ
გამოიყურება ფსევდომეცნიერება

 დარწმუნებული ვარ ამ სტატიის კითხვისას, უამრავი მაგალითი გაგახსენდათ იმის თვალსაჩინობისთვის, თუ რამდენად არასათანადოა დღევანდელი განათლების სისტემა და კონტენტი. რამდენად უმიზნოა ის და რამდენად არაფრის მომცემი ბავშვებს შორის სოციალური კავშირების ჩამოყალიბების თვალსაზრისით... ამას ემატება ანალოგიური ხაზის, ანუ არაფრის მომცემი რეპეტიტორების მთელი არმია, რომელთა არსებობა ილუზიას ქმნის, რომ განათლების დეფიციტი ქვეყანაში შევსებადია.
 ამიტომ, ვიდრე საკუთარ შვილს რეპეტიტორს აუყვანდეთ, კარგად გაიაზრეთ რისთვის იყვანთ და რაში ხარჯავთ ფულს, რომელსაც ასევე საკუთარ შვილს აკლებთ. სკოლიდან მოტანილი კარგი ნიშანი, თუ მას ბავშვის მხრიდან არ მოჰყვება თემატური საუბრები, მომდევნო დღეების განმავლობაში საუბრისას მიღებული ინფორმაციის ან სპეციფიური ტერმინების გამოყენება ან გამოყენების მცდელობები, მინიშნება რომ საკითხი იცის და ა.შ. არანაირი შედეგის მომტანი არ არის, არც თქვენი შვილისთვის და არც იმ საზოგადოებისთვის, რომელშიც თქვენმა შვილმა უნდა იარსებოს!
 პირადად ჩემთვის, ასეთი რეპეტიტორიები და პედაგოგები, ძალიან დიდი საშიშროებაა და რომ იყოს ნება ჩემი, ამ პრობლემას, სახელმწიფო საფრთხის დონეზე ავიყვანდი, იმ მარტივი მიზეზის გამო, რომ ამ დოზით ინფორმატიულ სამყაროში, კაციშვილმა არ ვიცით რა მსოფლმხედველობის მოქალაქეებს მივიღებთ მომავალში...! 
 რეპეტიტორი, რომელიც ეხმარება "გაკვეთილების მომზადებაში", არის მავნებელი ბავშვისთვის, რადგან ის უხშობს აზროვნების, მსჯელობის, პრობლემის გადალახვის და უამრავ სხვა გონებრივ უნარს, რომელიც გარდაუვლად საჭიროა მომავალში, როგორც ინდივიდისთვის, ისე მთელი საზოგადოებისთვის! 
 სახელმწიფოს მართვის სისტემა, საზოგადოების მხრიდან საჭიროებს ძალდატანებას, რომ ამ სფეროში განხორციელდეს უამრავი სახის რეფორმა, კვლევა, როგორც რაოდენობრივი ისე თვისობრივი და ა.შ. ამ ნაწილში, რეპეტიტორთა და მოქმედ პედაგოგთა "პროფესიული პასუხიმგებლობა" უნდა გავაცნობიეროთ ყოველმა ჩვენთაგანმა, დაწყებული მშობლიდან და დასრულებული იმ აბიტურიენტით, რომელსაც ფილოლოგობა ან რომელიმე საგნის "მასწავლებლობა" გადაუწყვეტია, წინააღმდეგ შემთხვევაში საკუთარ მომავალ თაობებს უბრალოდ დათვურ სამსახურს ვუწევთ და ეს შედეგად ჩვენს სიბერეში, ჩვენვე მოგვიბრუნდება... აი მერე კი ძალიან გვიანი იქნება იმ მიზეზის ძიება, თუ რატომ მივიღეთ კვლავ გაუნათლებელი საზოგადოება...! 

Комментариев нет:

Отправить комментарий