Страницы

понедельник, 29 сентября 2014 г.

ფარისევლობა გვჭირს!

ქართველი ერის ტოლერანტობისა და შემწყნარებლობის შესახებ, ხშირად მესმოდა და არაერთხელ გაუმეორებიათ ეს "მანტრა" პოლიტიკურ ლიდერებს. მაშინ ვფიქრობდი რომ მე უბრალოდ ვერ ვხედავდი ამ პროცესებს და ეს ადამიანები, რომლებიც ერის მაჯისცემას გრძნობენ, ალბათ ხედავენ და ამიტომაც ამტკიცებენ რომ ქართველები ტოლერანტი და შემწყნარებელი ერი ვართ.
ამ ღირებულების არსებობაზე თითქოს ლოგიკურად მოწმობდა ის რომ თბილისში ერმანეთის გვერდით არის მეჩეთი, სინაგოგა, პაგოდა, გრეგორიანული ტაძარი და ქართული ეკლესია.
2012 წლის არჩევნების შემდეგ კი ეს ყველაფერი თავდაყირა დადგა. თუმცა მანამდე, ჩემს ირგვლივ ცალკეული ადამიანების მხრიდან, ვამჩნევდი უკიდურესად აგრესიულ დამოკიდებულებას სხვა კომფესიის წარმომადგენლების მიამრთ და განსაკუთრებით, ჩვენი მეზობელი მუსლიმების მიმართ. ამ ადამიანების ასეთი დამოკიდებულება,  გაუგებარი იყო ჩემთვის იმიტომ რომ ისინი, უმეტესად "ღრმად მორწმუნე" მართლმადიდებლები არიან. დადიან ეკლესიაში, ჰყავთ მოძღვარი, იცავენ მარხვას, კითხულობენ რელიგიურ ლიტერატურას და ჟურნალებს. მაგრამ მიუხედავად ამ ყველაფრისა სასტიკი აგრესია აქვთ ადამიანების მიმართ. ეს აგრესია ვლინდება ყველა განსახვავებული აზრის მქონე ადამიანის მიმართ, ეს აგრესია შეიმჩნევა მათ სახეებზე ყოველგვარი მიზეზის გარეშეც...
მოკლედ ეს ისეთივე მითი აღმოჩნდა, როგორც ჩვენი "მებრძოლი სულის" ზღაპარი.
ქობულეთში მომხდარმა ამაზრზენმა ფაქტმა როდესაც ადგილობრივმა "მორწმუნეებმა" მუსულმანურ სასწავლებელზე ღორის თავი მიაჭედეს და შესასვლელი, დაკლული ღორის სისხლით მორწყეს, ტოლერანტობისა და შემწყნარებლობის მითი დაანგრია. ტოლერანტული საზოგადოება აღშფოთდებოდა და ამ "ადამიანების" კანონის მთელი სიმკაცრით დასჯას ან იძულებით მკურნალობას მოითხოვდა მაგრამ, ამის ნაცვლად სრულიად საპირისპირო რეაქცია ვნახეთ და ისედაც დანთებულ ცეცხლზე, ნავთი საპატრიარქომ დაუმატა, როდესაც გააკეთა განცხადება ფაქტის მორიგე ფრაზებით დაგმობით და ბოლოში, ისე ვითომ არაფერი, დაუმატა რომ შენობა რომელშიც სასწავლებელი უნდა განთვსებულიყო, უკანონოდ არის აშენებულიო.   საინტერესოა როგორი რეაქცია ექნებოდათ ქართველ "მორწმუნეებს" ანალოგიური რომ გაეკეთებინათ საზღვარგარეთ არსებულ რომელიმე ქართული "კულტურული ცენტრისთვის"? ან რა რეაქცია ექნებოდათ თურქეთის განათლების მინისტრის გადაწყვეტილების საპასუხოდ, მთელი თურქეთი რომ ფეხზე დამდგარიყო და ქართული ენის სწავლების საშუალება გაეპროტესტებინათ? ერთი წუთით წარმოიდგინეთ რომ ასეთი გადაწყვეტილება მიეღო, საქართველოს განათლების სამინისტროს თურქული ენის შესახებ? რა მოხდებოდა ქვეყანაში?
კიდევ რამდენი ფაქტის ჩამოთვლა შეიძლება რომელიც ქართველთა ტოლერანტობისა და შემწყნარებლობის წინააღმდეგ მეტყველებს? უამრავის...
თუმცა კი რა სხვათა მიმართ შემწყნარებლობაზე ვლაპარაკობთ, საკუთარი მოძმისთვის ვერ გვიპატიებია ის რომ მტერს სილები გააწნა და ისე გვეტკინა თითქოს ეს სილები მართლაც ჩვენთვის გაეწნას.
ფარისევლობაა  ბევრი ქართველის მორწმუნეობა და პატრიოტიზმი. ასე რომ არ იყოს, იმ ღირებულებებიდან რომელსაც მართლმადიდებლობა ქადაგებს, რაღაც მაინც ექნებოდათ ნასწავლი და მენტალობაში გადმოტანილი, ან პატრიოტები რომ იყვნენ მოსკოვის ბაზრის დახლის ერთი მეტრის მოპოვებისთვის, საკუთარ ქვეყანას, მტრის წინაშე არ დაადანაშაულებდნენ და ბოდიშების მოხდით არ იქნებოდნენ დაკავებულნი.
 ბვშვობაში, როდესაც პირველად გავიგე სიტყვა "ფარისეველი" და მისი განმარტება, ზუსტად ისეთი ადამიანი წარმომიდგა თვალწინ როგორიც დღეს აქ მრავლად დაიარება - მჭმუნვარე, ყალბად სათნო და ცივი, აგრესიული მზერით. მზად არის გაგგლიჯოს, წაგართვას, მოგატყუოს და ამ ყველაფერს იმის იმედით აკეთებს რომ მოინანიებს!
სადამდე მიგვიყვანს ეს ფარისევლობა, მშიშრობა, საკუთარი კუჭის უზენაესობა და ფლიდობაში შეჯიბრი, არავის ადარდებს...
ვინც ამაზე უნდა შფოთავდეს, პირიქით კმაყოფილია იმით რომ ასეთები მრავლად ჰყავს მრევლში, ისინი ხომ შემოსავლის უშრეტი წყარო არიან.
ასეთები ხომ თავის ცოდვის მოსანანიებლად, ეკლესიას მეტს შესწირავენ, თუ დაცვაზე მიდგა საქმე, მათზე მეტად აგრესიული ვერავინ იქნება, უცოდინრობის გამო ისინი სულ ცოდვათა მონანიებაში იქნებიან და მაშასადამე მამაოც სულ "ჯიპით" ივლის.
ესაა ის რეალობა რომელსაც მე დღეს ჩემს ირგვლივ ვხედავ და არც საშველია საიდანმე.
გაქრა ის წარმოდგენა ტოლერანტ, ჭკვიან, შემწყნარებელ და სამართლიან ქართველზე, რომელსაც ქართველი მწერლები აღწერდნენ. როგორც ჩანს იმ დროშიც ოცნება და უკმარისობა იყო ასეთების, ამიტომაც წერდნენ სასურველზე და არა არსებულზე. ალბათ იმედი ქონდათ რომ მათი მკითხველი მომავალი თაობა ასეთები გაიზრდებოდნენ, მაგრამ იმედები გაუცრუეთ, მათი შეგონების ყურისგდებას, დაუდგენელი წარმომავლობის შეგონებათა ერთგულება ვარჩიეთ და იქ სადამდეც ეს გზა მიგვიყვანს, არცერთ ჩვენთაგანს არ მოეწონება!

Комментариев нет:

Отправить комментарий