რუსეთს სამხრეთ კავკასიაში მისი დასავლეთი ნაწილი, შავიზღვისპირეთი სჭირდებოდა. ამიტომაც ყველა ხერხს მიმართავდა, რომ აქაური მეფე - მთავრები დაეყოლინებინა, შესულიყვნენ რუსეთის იმპერატორის მფარველობაში. ხოლო რუსეთის მფარველობიდან ინკორპორაციამდე სულ ერთი ნაბიჯი რჩებოდა. იმერეთის მეფეს სოლომონ II ადრე რუსეთთან
კავშირის მომხრე იყო, მაგრამ ქართლ - კახელი ბაგრატიონების ხვედრმა ის სერიოზულად დააფიქრა. კავკასიის რუსული ადმინისტრაცია ყოველნაირად ცდილობდა, სოლომონს რუსეთის ქვეშევრდომობა ეთხოვა, რაც 1804 წელს ოფიციალურადაც გაფორმდა კიდეც. მაგრამ რუსეთი აშკარად ერეოდა იმერეთის საშინაო საქმეებში და 1810 წელს მოტყუებით სოლომონ II შეიპყრეს. ერთგული ადამიანების დახმარებით სოლომონ II საპატიმროდან გაიქცა, თურქეთში გადავიდა და სიცოცხლის ბოლომდე სამშობლოს დამოუკიდებლობის აღსადგენად იბრძოდა. გმირი მეფე 1815 წელს ტრაპიზონში გარდაიცვალა.
იმერეთის დაპყრობა, აქ რუსული ადმინისტრაციული წესების დამკვიდრება რუსეთმა ისეთი ბარბაროსული ხერხებით განახორციელა, რომ მოსახლეობა 1819 წელს აჯანყდა. აჯანყების ეპიცენტრი შორაპანი იყო. აჯანყებულმა გლეხებმა გარეკეს რუსი მოხელეები, აწყობდნენ თავდასხმებს რუსეთის გარნიზონებზე. მალე აჯანყდა რაჭაც. აჯანყებულები იმედოვნებდნენ, რომ ალექსანდრე ბატონიშვილი ჩაუდგებოდა სათავეში ანტირუსულ მოძრაობას და აჯანყებას გამარჯვებით დააგვირგვინებდა, მაგრამ ადგილობრივ პრივილეგირებულ წოდებაში არ იყო ერთსულოვნება. ბევრი აშკარად რუსეთს უჭერდა მხარს, ზოგს ტახტზე ალექსანდრე ბატონიშვილის, ზოგსაც ივანე აბაშიძის (სოლომონ I - ის შვილიშვილი) აყვანა უნდოდა. იმერეთის აჯანყება ჩაახშო ნაპოლეონის წინააღმდეგ ბრძოლების ერთ - ერთმა წარმატებულმა გენერალმა, კავკასიის მთავარმართებელმა ერმოლოვმა, რომელმაც დამსჯელი ექსპედიცია გააგზავნა იმერეთში.
რუსებმა მოტყუებით ხელში ჩაიგდეს მიტროპოლიტები დოსითეოს ქუთათელი, ექვთიმე გაენათელი და რამდენიმე წარჩინებული თავადი. მიტროპოლიტებს თავზე ტომრები ჩამოაცვეს, ხიშტებით აწამეს , რის გამოც ერთ - ერთი მათგანი გარდაიცვალა, სხვები რუსეთის გზას გაუყენეს და იქ მიჰკარგ - მოჰკარგეს.
აჯანყების ალი გადაედო გურიას. აჯანყდა სამეგრელოს ნაწილიც. მაგრამ რუსეთის ადმინისტრაციამ მოახერხა ყველა აჯანყების ლიკვიდაცია.
ავტორი: ალექსანდრე იაკობიძე

Комментариев нет:
Отправить комментарий